რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო და ნატოს ფლოტი შავ ზღვაში

  "საქართველო თავდაცვის ექსმინისტრის თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნაყოფს იმკის"

 

სამწუხაროდ, მიწევს იმის კონსტატირება, რომ ჩემი, 2016 წლის 21 ივლისის პროგნოზი გამართლებას იწყებს - ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ნატოს ფლოტი შავ ზღვაში შევა. რასაც შეიძლება სარისკო შედეგები ჰქონდეს საქართველოსთვის, რომელიც თავდაცვის ექსმინისტრის თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნაყოფს იმკის.

 მაშ ასე:

 2009 წლის 9 იანვარი, ვაშინგტონი: აშშ და საქართველო სასწრაფოდ აწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას”,რომელშიც ნათქვამია: აღიარებენ რა გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხეების არსებობას და ახსოვთ რა ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ვალდებულებები 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს განზრახული აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მასშტაბების გაფართოება ამ საფრთხეების მოსაგერიებლად და მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მისი ლეგიტიმური მოთხოვნილებების უზრუნველყოფისათვის, შესაბამისი და ნატოსთან ურთიერთქმედების უნარის მქონე შეიარაღებული ძალების განვითარების ჩათვლით”.

 აშშ-ის მხრიდან “ქარტიას” ხელი მოაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, იმიტომ რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში “კოჭლი იხვი” იყო - მას მაშინ საპრეზიდენტოდ 11 დღე რჩებოდა, ხოლო აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც ავანსად ნობელის მშვიდობის პრემიაც მიიღო, ამ “ქარტიას” ხელს არ მოაწერდა.

 2016 წლის 6 ივნისს თბილისში: ნატოს ვარშავის სამიტამდე 2 დღით ადრე, აშშ და საქართველო ნაჩქარევად აწერენ ხელს “მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ”, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩამოიტანა და რომელშიც თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება ზემოაღნიშნული 2009 წლის “ქარტიის” დებულებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან შეთავსების აუცილებლობის შესახებ.

 იმის გათვალისწინებით, რომ “მემორანდუმში” მითითებული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ახლანდელი პრეზიდენტი ობამა ვერ მოასწრებს აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, აგრეთვე იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთისადმი მტრული “მემორანდუმი” იმპლემენტაციის პერსპექტივას დაკარგავს, ვაშინგტონში სასწრაფოდ იძახებენ საქართველოს თავდაცვის უკვე ექსმინისტრ თინა ხიდაშელს, რათა მასთან დოკუმენტის საკმაოდ სარისკო სამხედრო კომპონენტი გააფორმონ. ჩვენ ვიწყებთ მემორანდუმის პირობების შესრულებას, რომელიც გაფორმდა საქართველოსა და აშშ- შორის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს. მემორანდუმმა გაითვალისწინა ახალი პრიორიტეტი - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ბუნებრივია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება იმ მიზნებისთვის, რომლებსაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ეს იქნება ხანგრძლივი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი სრულყოფილი სახით მივიღოთ”, - როგორც ვხედავთ, ხიდაშელის კომენტარი ბევრი არაფრით განსხვავდება 2009 წლის “ქარტიის” ზემოთ მოყვანილი დებულებებისგან.

 რეალურად კი ახალი პრიორიტეტი - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა ნიშნავს საქართველოს ჩართვას ამერიკულ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებით აღჭურვილი ნატოს სამხედრო ფლოტის მუდმივად ყოფნას და პატრულირებას.

 ვინაიდან 1936 წლის მონტრიოს კონვენციით, ამერიკისა და ყველა დანარჩენი არასანაპირო სახელმწიფოს სამხედრო გემებს შავ ზღვაში 21 დღეზე მეტი ხნით გაჩერება ეკრძალებათ, ამასთან, მათი საერთო წყალწყვა 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შავი ზღვის მუდმივად პატრულირება მხოლოდ ნატოს გაერთიანებული ფლოტილიის შემადგენლობაში შეეძლებათ, რადგან შავი ზღვის სანაპიროს სახელმწიფოებიდან 3 - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი - ალიანსის წევრები არიან. მაგრამ ნატოს ვარშავის სამიტის გახსნამდე 4 დღით ადრე ბულგარეთმა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან თურქეთის გაძლიერების ეშინია - შავი ზღვის აუზის წამყვანი ქვეყნის, რომელსაც ბულგარეთზე და რუმინეთზე შეუდარებლად უფრო მძლავრი სამხედრო საზღვაო ფლოტი ჰყავს. უარი თქვა თურქეთმაც, რის გამოც სამხედრო გადატრიალებით დაისაჯა, რომელიც მხოლოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის წყალობით ჩავარდა.

 ნატოს გაერთიანებული შავი ზღვის ფლოტის შექნის პროექტში მონაწილეობას მხოლოდ რუმინეთი დათანხმდა, რომელიც, ამასთან, საქართველოსაც თავდებად დაუდგა.

 დიახ, შავი ზღვის ქვეყნებს - საქართველოს და უკრაინას  - ფლოტი არ ჰყავთ, სამაგიეროდ, საზღვაო პორტები აქვთ, რომლებსაც ნატოს სამხედრო ფლოტის ბაზირებისთვის შესთავაზებენ. იმის წარმოდგენა, თუ რა რეაქცია ექნებათ ყირიმსა და სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საზღვაო ბაზის მახლობლად ამერიკული და რუმინული ხომალდების გამოჩენაზე, რთული არ არის. ერთი რამ ცხადია - ზემოაღნიშნული ავანტიურისტული პროექტის განხორციელება, რომლის დეკლარირებულ მიზანს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაწარმოადგენს, სადაცსაფრთხეშირუსეთის ფედერაცია იგულისხმება, მთელი რეგიონისთვის სახიფათოა და შესაძლებელია, შავი ზღვის აკვატორიაში ინციდენტების პროვოცირება მოახდინოს, რაც რუსეთ-საქართველოს ისედაც რთულ ურთიერთობებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 28 ოქტომბერი