რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა უარესდება. იქნებ, თურქეთმა შეგვარიგოს?”

  მინისტრები მოდიან და მიდიან, ბიძინა ივანიშვილი კი რჩება. შესაბამისად, მათი შეცდომების გამოსწორება და ქართველი ხალხის შეკითხვებზე პასუხების გაცემა მას მოუწევს...

2016 წლის ივლისიდან რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო 2008 წელში დაბრუნდა და უახლოეს მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებაა მოსალოდნელი.

ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინიმ, რომლის გვარი ქართველებისთვის ჩვენთან ყველაზე გავრცელებულ გინებასთან ასოცირდება, განაცხადა, რომ 20 ივლისს ევროკავშირთან ასოცირებული საქართველო შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ (სანქციების 2017 წლის 23 ივნისამდე გაგრძელების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ აგრეთვე უკრაინა, ჩერნოგორია, ალბანეთი, ლიხტენშტეინი და ნორვეგია).

პასუხად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომელიც დაგმობს ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი ქვეყნის მიერთებას ევროკავშირის სანქციებთან ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ, აგრეთვე საპასუხო ზომების მიღების რეკომენდაციით მიმართავს რუსეთის მთავრობას. კერძოდ, შეთავაზებული იქნება საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის, კონიაკის, მინერალური წყალი “ბორჯომის” და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა (ქართული მწვანილის ამბავს კომიტეტის წევრი იან ზელინსკი ჟირინოვსკის პარტიიდან ჯერჯერობით არ აზუსტებს).

ამგვარად, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი მიღწევა - რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა - გაუქმდება, თანაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორ-თვენახევრით ადრე, რაც უარყოფითად აისახება პოტენციური ელექტორატის მიერ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერაზე.

საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიადგება - სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს დაკარგავს, მეღვინეები გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, თანაც რთველამდე ერთი თვით ადრე, გლეხები კი იძულებული გახდებიან, მძიმე შრომით მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შიდა ბაზარზე გაასაღონ - იაფად და ბითუმად, იმიტომ რომ  საქართველოში ადგილობრივი პროდუქტი უხარისხო, მაგრამ სახელმწიფო შეღავათებით წახალისებულ ანალოგიურ თურქულ იმპორტთან კონკურენციას ვერ უძლებს.

ბუნებრივია, “აბაშიძე-კარასინის” ფორმატი ყოველგვარ აზრს კარგავს, ისევე, როგორც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან 2012 წლიდან საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გამომუშავებული მთელი პოზიტივი ნულზეა დაყვანილი, კერძოდ:

- რუსეთის მისამართით მილიტარისტულ და შეურაცხმყოფელ რიტორიკაზე უარის თქმა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შემოიღო (და ახალ ხელისუფლებაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აგრძელებდა);

- ჟენევის ფორმატში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოებში მუშაობა სამხრეთ ოსური და აფხაზური მხარეების წარმომადგენლებთან ეუთოს-ს მედიატორობით;

- რუსეთის ფედერაციასთან ზემოხსენებული სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობის აღდგენა;

- სავიზო რეჟიმის შემსუბუქება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ავია და საავტომობილო ტვირთგადაზიდვის სფეროში;

- საქართველოს მიუერთებლობა 2014 წელს გამოცხადებულ ევროკავშირის სანქციებთან რუსეთის წინააღმდეგ.

მეტიც: რუსეთსა და საქართველოს შორის სტატუს-კვოს  - “არც მეგობრები - არც მტრები” - დაფიქსირება არ მოხერხდება: საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში დღეს არა მხოლოდ 6 წლით უკან არის გადასროლილი, არამედ შეუჩერებლად ეშვება გამოუცხადებელი ომის მდგომარეობისკენ, რომელშიც უკრაინა იმყოფება.

“რუსეთი - ოკუპანტი და აგრესორია”, “რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს”, “რუსეთის რბილი ძალა - პრორუსული პროპაგანდა, რუსული ნარატივი”, “რუსეთი - მთავარი საფრთხე რეგიონისთვის”:  რა მიზნით დაიწყო ფართო პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც ოფიციალურად აფინანსებს აშშ-ის მთავრობა და სათავეში უდგას ყველაზე მსხვილი კერძო ტელეკომპანია “რუსთავი 2” და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი?

პასუხი მარტივია - იმ მიზნით, რომ საქართველოს, კავკასიის და მთლიანად - შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის მთავარ საფრთხედ წარმოაჩინონ რუსეთი და არა ისლამური სახელმწიფო! განა “რუსული სამხედრო საფრთხის” დოქტრინის გარეშე შესაძლებელია ამერიკელ გასახადების გადამხდელთა თვალში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებზე და ნატო-ს დახმარებაზე გაწეული ასტრონომიული ხარჯების გამართლება?! და კიდევ, “რუსული სამხედრო საფრთხის” კარგად გაყიდვადი მითის გარეშე დასავლეთის მედიაინდუსტრიის ნახევარი გაჩერდება. მაგრამ ტერორიზმთან საბრძოლველად უკვე არსებული შეიარაღება საკმარისზე მეტია, რაც სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის წარმატებულმა მოქმედებამ დაამტკიცა, და აქ აბსოლუტურად უსარგებლოა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ევროპული ლიბერალური ღირებულებები, რაც საფრანგეთსა და თურქეთში განხორციელებულმა ტერაქტებმა დაამტკიცა.

საქართველოს პოლიტისტებლიშმენტი ორმაგ სტანდარტებს აღიარებს დ თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებს მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის ხელმძღვანელობა (ოვალური კაბინეტი, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი, პენტაგონი და “ცე-რე-უ”) თვითონვე საჯაროდ აღიარებს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა “არაბული გაზაფხულის” პროვოცირებით  (ფერადი რევოლუციები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში) და ისლამური სახელმწიფოს შექმნით.

მაგრამ რუსეთთან “ცივი ომის” მდგომარეობაში საქართველოს შენარჩუნება, შესაძლოა, არ მოხერხდეს მიზეზით, რომელიც წარსულში იღებს სათავეს. მოდით. გავიხსენოთ:

2009 წლის 9 იანვარი, ვაშინგტონი: აშშ და საქართველო სასწრაფოდ აწერენ ხელს “სტარტეგიული პარტნიორობის ქარტიას”, რომელშიც ნათქვამია: “აღიარებენ რა გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხეების არსებობას და ახსოვთ რა ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ვალდებულებები 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს განზრახული აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მასშტაბების გაფართოება ამ საფრთხეების მოსაგერიებლად და მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მისი ლეგიტიმური მოთხოვნილებების უზრუნველყოფისათვის, შესაბამისი და ნატოსთან ურთიერთქმედების უნარის მქონე შეიარაღებული ძალების განვითარების ჩათვლით”.

აშშ-ის მხრიდან “ქარტიას” ხელი მოაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, იმიტომ რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში “კოჭლი იხვი” იყო - მას მაშინ საპრეზიდენტოდ 11 დღე რჩებოდა, ხოლო აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც ავანსად ნობელის მშვიდობის პრემიაც მიიღო, ამ “ქარტიას” ხელს არ მოაწერდა.

დღეს სიტუაცია ზუსტად გამეორდა და განვითარდა კიდეც, კერძოდ:

2016 წლის 6 ივნისს თბილისში: ნატოს ვარშავის სამიტამდე 2 დღით ადრე, აშშ და საქართველო ნაჩქარევად აწერენ ხელს “მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ”, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩამოიტანა და რომელშიც თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება ზემოაღნიშნული 2009 წლის “ქარტიის” დებულებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან შეთავსების აუცილებლობის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ “მემორანდუმში” მითითებული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ახლანდელი პრეზიდენტი ობამა ვერ მოასწრებს აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, აგრეთვე იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთისადმი მტრული “მემორანდუმი” იმპლემენტაციის პერსპექტივას დაკარგავს, ვაშინგტონში სასწრაფოდ იძახებენ საქართველოს თავდაცვის უკვე ექსმინისტრ თინა ხიდაშელს, რათა მასთან დოკუმენტის საკმაოდ სარისკო სამხედრო კომპონენტი გააფორმონ. “ჩვენ ვიწყებთ მემორანდუმის პირობების შესრულებას, რომელიც გაფორმდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს. მემორანდუმმა გაითვალისწინა ახალი პრიორიტეტი - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში ბუნებრივია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება იმ მიზნებისთვის, რომლებსაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ეს იქნება ხანგრძლივი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი სრულყოფილი სახით მივიღოთ”, - როგორც ვხედავთ, ხიდაშელის კომენტარი ბევრი არაფრით განსხვავდება 2009 წლის “ქარტიის” ზემოთ მოყვანილი დებულებებისგან.

რეალურად კი “ახალი პრიორიტეტი - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა” ნიშნავს საქართველოს ჩართვას ამერიკულ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებით აღჭურვილი ნატოს სამხედრო ფლოტის მუდმივად ყოფნას და პატრულირებას.

ვინაიდან 1936 წლის მონტრიოს კონვენციით, ამერიკისა და ყველა დანარჩენი არასანაპირო სახელმწიფოს სამხედრო გემებს შავ ზღვაში 21 დღეზე მეტი ხნით გაჩერება ეკრძალებათ, ამასთან, მათი საერთო წყალწყვა 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შავი ზღვის მუდმივად პატრულირება მხოლოდ ნატოს გაერთიანებული ფლოტილიის შემადგენლობაში შეეძლებათ, რადგან შავი ზღვის სანაპიროს სახელმწიფოებიდან 3 - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი - ალიანსის წევრები არიან. მაგრამ ნატოს ვარშავის სამიტის გახსნამდე 4 დღით ადრე ბულგარეთმა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან თურქეთის გაძლიერების ეშინია - შავი ზღვის აუზის წამყვანი ქვეყნის, რომელსაც ბულგარეთზე და რუმინეთზე შეუდარებლად უფრო მძლავრი სამხედრო საზღვაო ფლოტი ჰყავს. უარი თქვა თურქეთმაც, რის გამოც სამხედრო გადატრიალებით დაისაჯა, რომელიც მხოლოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის წყალობით ჩავარდა.

 ნატოს გაერთიანებული შავი ზღვის ფლოტის შექნის პროექტში მონაწილეობას მხოლოდ რუმინეთი დათანხმდა, რომელიც, ამასთან, საქართველოსაც თავდებად დაუდგა.

დიახ, შავი ზღვის ქვეყნებს - საქართველოს და უკრაინას  - ფლოტი არ ჰყავთ, სამაგიეროდ, საზღვაო პორტები აქვთ, რომლებსაც ნატოს სამხედრო ფლოტის ბაზირებისთვის შესთავაზებენ. იმის წარმოდგენა, თუ რა რეაქცია ექნებათ ყირიმსა და სევასტოპოლში, რომლებიც გასულ ოთხშაბათს საქართველოს ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოყვნენ, შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საზღვაო ბაზის მახლობლად ამერიკული და რუმინული ხომალდების გამოჩენაზე, რთული არ არის. ერთი რამ ცხადია - ზემოაღნიშნული ავანტიურისტული პროექტის განხორციელება, რომლის დეკლარირებულ მიზანს “შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა” წარმოადგენს, სადაც “საფრთხეში” რუსეთის ფედერაცია იგულისხმება, მთელი რეგიონისთვის სახიფათოა და შესაძლებელია, შავი ზღვის აკვატორიაში ინციდენტების პროვოცირება მოახდინოს, რაც რუსეთ-საქართველოს ისედაც დაძაბულ ურთიერთობაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

იქნებ ორი მეზობელი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ, თურქეთმა შეარიგოს, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა და საქართველოსთან მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო შექმნა?! იქნებ, სწორედ თურქეთის, როგორც მედიატორის როლს განიხილავდნენ პრეზიდენტი ერდოღანი და პრემიერი ილდირიმი საქართველოს პრემიერთან 20 ივლისს, ანკარაში კვირიკაშვილის ვიზიტის დროს?! სწორედ იმ დღეს, როცა საქართველო ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 21 ივლისი