საზოგადოება
ზუგდიდელი გულშემატკივრები „ბაიას“ პრეზიდენტობიდან ზაზა გოროზიას გადადგომას ითხოვენ

goroziaaaზუგდიდი, 20 აგვისტო, საქინფორმის კორ. ლადო ქირია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ დამარცხებას საკუთარ მოედანზე სათასო მატჩში ნაკლებად ცნობილ ხარაგაულის „ჩხერიმელასთან“ მთავარი მწვრთნელის – ელგუჯა ქომეთიანის, გადადგომა მოჰყვა.

„უფულოდ გუნდი ვერ ითამაშებს. რამდენი ხანია, „ბაიას“დაუფინანსებლობის გამო პრობლემები აქვს. გაუცემელია გასული წლის 8 თვის ხელფასი. მიმდინარე წლის ხელფასებს ფეხბურთელებს მინიმალური ოდენობით ზვიად სიჭინავა აძლევს. გუნდის პრეზიდენტი, გუბერნატორი ზაზა გოროზია კი გუნდს ვერ ელევა – არც სხვას აძლევს,არც თვითონ აკეთებს რამეს. ალბათ, სულით მაინც მარტვილის „მერანის“ ქომაგია, რადგან წარმოშობით მარტვილელია. გულშემატკივართა აზრით, ერთადერთი გამოსავალია, გუნდი ჩაიბაროს ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ, რადგან გვჯერა, რომ ის გუნდს მოუვლის“, –  აღნიშნა ზუგდიდელ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა, ყოფილმა პარლამენტარმა ცაცა გურამ შელიამ.

მისივე თქმით,სამარცხვინოა,რომ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს ერთხელაც არ მიუღია მონაწილეობა უეფას თამაშებზე, და ეს მაშინ, როცა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის პირველი საერთაშორისო თამაში ზუგდიდმა ჩაატარა 1990 წელს ლიტვის ნაკრებთან.