რედაქტორისგან
საქართველო-ევროკავშირი: წარილტვა სიყვარული, დაშთა ოდენ ევრო! - არნო ხიდირბეგიშვილი

     თბილისში გეი-აღლუმი არ ჩატარდა, Tbilisi Pride- ის პროპაგანდისტებს კი ცხვირ–პირში მოხვდათ. 5 ივლისს ქართველმა ხალხმა უკვე მეორედ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ არ აპირებს აღიაროს მთავარი ევროპული ღირებულება - ჰომოსექსუალური სიყვარული მთელი თავისი მრავალფეროვნებით, რისთვისაც, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, შეშფოთებული ევროკავშირისა და აშშ–ის გმობის საგანი გახდა! ხელისუფლებას ასეც მოუხდება - ის დიდხანს უმალავდა ხალხს, რომ ლგბტქი+ იდეოლოგიის აღიარება და ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი პირობაა ევროკავშირში გაწევრებისთვის - აქაოდა, მთავარია, რაც შეიძლება მალე შევიდეთ ევროკავშირსა და ნატოში, დასავლელმა პარტნიორებმა კი დაე იფიქრონ, რომ საქართველო უკვე შეეგუა ცხოვრების გაუკუღმართებულ წესს!

   მომხდარის შემდეგ თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა კიდევაც, ისიც გაქარწყლდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა ქართული სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება ქართველი მეფეებისა და წმინდანების გამოსახულებებიანი შეფუთვის მქონე პრეზერვატივების მწარმოებელის წინააღმდეგ. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ქართული მართლმსაჯულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის „ყურმოჭრილი მონობის“ გამო...

უკაცრავად, მაგრამ თუ ასე გამოუსწორებლად ჩამორჩენილი ვართ ქართველები, მაშინ რატომ ისევ გვაიმედებენ ევროკავშირში გაწევრიანებით, საიდანაც უნგრეთსა და პოლონეთს გაძევება ემუქრება ზუსტად ჩვენნაირი „ჰომოფობიური“ საქციელის გამო?! თუ საქართველოსა და ევროპას შორის სიყვარული წარილტვა და აწი ევროკავშირისგან ჩვენ ოდენ ევრო გვჭირდება, მაშინ ისთვის სჭირდება ევროკავშირს ევრპულ ფასეულობებს შეუსაბამო საქართველო?! შევეცადოთ გავერკვეთ.

საქართველოს ევროMAPი მისცეს

   19 ივლისს, ბათუმში გაიმართა მე -17 საერთაშორისო კონფერენცია, მჭევრმეტყველი სახელწოდებით ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვლდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა სახელმწიფოთა მეთაურების პირველი შეხვედრა "უკრაინა - მოლდოვა - საქართველო" ასოცირებული ტრიოს ფორმატში, რომლის შექმნის მემორანდუმს 17 მაისს კიევში ხელი მოეწერა.

კონფერენციის შედეგად ხელი მოეწერა დეკლარაციას ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ადასტურებს „სამი ქვეყნის ურყევ მიზანს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების გზით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, ხოლო შესაბამისი სფეროების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს დაუახლოვდეს“.

   19 ივლისის ბათუმის დეკლარაცია, 17 მაისის ზემოხსენებული მკიევის ემორანდუმი და 19 ივნისის თბილისის მიშელის შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ქართული საშინაი პოლიტიკის საკითხებს, საქართველოსთვის პრაქტიკულად წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრების სამოქმედო გეგმას - MAP-ს, რომელსაც ნატოში ვერ ვეღირსეთ. თუმცა, ერთი შენიშვნით: „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებელი არიან - ერთი თაობაა, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა ჩადო წინსვლაში. ერთი თაობის მანძილზე, დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა“, – განაცხადა ბათუმში შარლ მიშელმა, მაგრამ აღარ დააზუსტა - კიდე რამდენი თაობა ესაჭიროება სამ „ჩამორჩენილ“ სალხს მთელი გზის დასაძლევად...

სანდუ, ნანდუ და მანდუ

   ემიგრანტი ზურაბიშვილის გარდა, რომელიც 1921 წელს მენშევიკური მთავრობის გაქცევის 100 წლის შემდეგ ორბელიანების სასახლეში სასწაულებრივად მოხვდა, კონფერენციის ყველა სხვა მონაწილე თავს აშკარად დაძაბულად გრძნობდა. უკომპლექსო კომედიანტი ზელენსკიც კი, რომელიც ვაჟა-ფშაველას მიწაზე ჩამობრძანებისთანავე, ვერტმფრენში გადაჯდა და ენგურის ხიდზე გაფრინდა - ქართველი კოლეგის გარეშე, სამაგიეროდ, ბინოკლით, რომლითაც აფხაზეთს ათვალიერებდა, როგორც ნაპოლეონი - ვატერლოოს... აქაოდა, მე, ჩემთან, უკრაინაში, საოკუპაციო ხაზს ყოველთვე ვსტუმრობო! - განმარტა შემდგომ თავისი ექსტრავაგანტული ქმედება უკრაინის პრეზიდენტმა, რადგან პრეცედენტი, როცა მაღალი სტუმარი, მასპინძელივით, ოღონდ მასპინძელის გარეშე, სეირნობდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს.

ფლეგმატური სანდუ კი, ქართული სახელით "მაია" საოცრად ჰგავდა ფრინველ ნანდუს, ფრენა რომ არ შეუძლია, რომელიც გაოცებული უყურებს მანდუს - ძვ. წ. მე-II ს. ჩინურ კერძს (ქართ. "ხინკალი"), რომლითაც მას უდარდელი სალომე გაუმასპინძლდა.

ნათელია, რომ ზელენსკისა და სანდუსთვის - მერე რა, რომ მომავალი ევროპელები არიან! - გაცილებით კომფორტულია რუსულ ენაზე ურთიერთობა სხვა ქართველთან - სააკაშვილთან, გამოცდილ მრჩეველთან, „პიარშიკთან“ საერთაშორისო კავშირებით და "რეფორმატორთან", რომელსაც გამოფრენამდე ტელეფონით ესაუბრნენ. სააკაშვილმა ურჩია ზელენსკის, საქართველოში არ გაფრენილიყო, სანამ იქ არ გაათავისუფლებდნენ უკრაინელ მეზღვაურებს – დიაჩენკოსა და ხომიჩს, მის ყოფილ „ლიჩნიკ“ ბატურინთან ერთად. სიტყვას საქმე მოჰყვა: ზელენსკიმ წინა დღეს ორმხრივი შეხვედრა ჩაშალა, ხოლო 19 ივლისს არ ავიდა საპრეზიდენტო ბორტზე, სანამ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ დაუშვა სამართლებრივი ნონსენსი - შეიწყალა სამივე, მათი მხრიდან შეწყალების თხოვნის გარეშე (მადლობის მაგივრად, ბატურინი სტრასბურგში ჩივის და საქართველოსგან უზარმაზარ კომპენსაციას მოითხოვს „ციხეში უკანონოდ გაატარებული 7 თვის გამო“).

სააკაშვილმა ასევე ურჩია ზელენსკის, მიელოცა დაბადების დღე ბუბა კიკაბიძესთვის, რომელსაც კონფერენციის გახსნის დღეს 83 წელი შეუსრულდა. ზელენსკიმ ეს რეკომენდაციაც გაითვალისწინა - ბათუმში სიტყვით გამოსვლა დაიწყო მილოცვით ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობისთვის, რომელიც სააკაშვილმა თავისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში პირველ ნომრად ჩაწერა.

სანდუს სააკაშვილმა ურჩია, ბათუმში არ გაფრინილიყო მანამ, სანამ ზელენსკი არ გაფრინდებოდა და მართლაც - მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივად აზუსტებდა - აპირებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი კონფერენციაში მონაწილეობას.

   მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირისთვის ასოცირებული ტრიოს პროექტი თამაშობს, უკრაინის წამყვან როლზე საქართველოსა და მოლდოვასთან ტრიუმვირატში და მრჩევლის როლზე, რომელსაც სააკაშვილი ასრულებს ამ სცენარში ასევე ირიბად მიუთითებს სხვა ეპიზოდიც, მაგალითად:

- 17 მაისს, ასოცირებული ტრიოს დაარსების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის დღეს, თბილისიდან კიევში, სააკაშვილის გამოძახებით ჩავიდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები და სპონსორები;

- 2020 წლის მაისში საქართველომ გაიწვია თავისი ელჩი უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ სააკაშვილის დანიშვნის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თუმცა ერთი წლის შემდეგ - 2021 წლის მაისში, მემორანდუმის ხელმოწერამდე, საქართველომ უკრაინაში დააბრუნა ელჩი შარაშენიძე, ზელენსკის ზურაბიშვილთან ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ;

- იმავე 2021 წლის მაისში, პრემიერ ღარიბაშვილთან პრემიერი შმიგალის სატელეფონო ზარის შემდეგ, საქართველომ განაახლა უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობა, რომელიც შეწყდა საქართველოს ელჩის გაწვევის სინქრონულად.

ღერძი "კიევი - კიშინიოვი - თბილისი"

   ყველას ახსოვს არკადი რაიკინის ცნობილი მონოლოგი, სადაც კლიენტს უკუღმართად შეუკერეს კოსტიუმი და სახელოების ნაცვლად შარვალი მიუკერეს. საქართველო და მოლდოვა უშნოდ მიაბლანდეს უკრაინას, იმ სახელოების მსგავსად, რათა შექმნან ღერძი "კიევი-კიშინიოვი-თბილისი".

ერთი მითხარით, რა საჭირო იყო ასოცირებული ტრიოს შექმნა, როდესაც ზემოთ აღნიშნულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე ქვეყანამ უწინ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას პირდაპირ ევროკავშირთან? ვინ და რა მიზნით შეკერა ეს "კოსტუმი", სადაც საქართველო და უკრაინა ნატოსკენ მიისწრაფვიან, ხოლო მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა? საქართველომ, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებს, დიდი ხანია ხელი მოაწერა და აამოქმედა კიდევაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და მიიღო ვიზალიბერალიზაცია შენგენის შეთანხმების ქვეყნებთან. მაშ, რისთვის დასჭირდა დღეს საქართველოს თავის შეწუხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინასა და მოლდოვასთან კავშირით, რომელთაც გაცილებით მეტი დაბრკოლება და ნაკლები შანსები აქვთ?! საქართველოსთვის, სურვილის შემთხვევაში, ბევრად უფრო ადვილია თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვასთვის (თუმცაღა, საქართველომ გაწყვიტა დიპურთიერთობები რუსეთთან, უკრაინამ და მოლდოვამ კი - არა). მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს ეს სამმაგი მოკავშირეობა, რატომ ათანაბრებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - ყირიმსა და დნესტრისპირეთთან, და აიძულებს რუსეთს, რომ კომპლექსურად შეხედოს ამ პრობლემებს - გადაჭრას ან ყველა, ან არ გადაჭრას არცერთი?

   უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არა თბილისში, კიშინიოვში ან თავად კიევში, არამედ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ცენტრალური ოფისები კომფორტულად თანაარსებობენ. ვარაუდი იმისა, რომ ღერძი შეიქმნა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, პრიმიტივიზმია „აგიტპრომის“ სტილში, თუმცა ეს მოტივიც უდავოდ არსებობს.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და პირველი მათგანი უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ხელახალ ფორმატირებას, რომელიც დიდი ხანია წარსულს ჩაჰბარდა. გარდა ღერძის ქვეყნებისა (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენმა სამმა ქვეყანამ - სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელორუსმა - ხომ პრაქტიკულად დატოვეს პროგრამა და ევროკავშირში ინტეგრაციას არ აპირებენ. ამიტომ მწვავედ დადგა სსრკ-ის დარჩენილი სამი ყოფილი რესპუბლიკის ევროკავშირთან და ერთმანეთთან მჭიდროდ მიბმის აუცილებლობა, რათა ისინიც არ გაიქცნენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის კვალდაკვალ. გამაერთიანებელ სლოგანად გამოდგა „ოკუპანტ რუსეთის მიერ ფეხქვეშ გათელილი ტერიტორიული მთლიანობა".

   მეორე მამოძრავებელი ფაქტორია გავლენის სფეროების დაყოფა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ამ ქვეყნებში, პირველ რიგში – შავი ზღვისპირა უკრაინასა და საქართველოში. შავი ზღვის კონტროლი რუსეთის ფედერაციის საპირწონედ, რომელსაც ლამაზად უწოდებენ "შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეპციას - ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს ევროპასა და აზიას შორის უფრო ფართო და უსაფრთხო კავშირების დასამყარებლად", წარმოადგენს ასოცირებული ტრიოს შექმნის ერთ–ერთ მთავარი მოტივს. თუ სამხედრო შემადგენელი (წვრთნები, მისიებში მონაწილეობა, საბრძოლო მზადების სამხედრო–სასწავლო ცენტრების გახსნა და, პერსპექტივაში, სრულფასოვანი სახმელეთო და საზღვაო ბაზები, ქართული და უკრაინული არმიების შეიარაღება და აღჭურვა, აგრეთვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა აშშ–ის მიერ მისი სტრატეგიული ინტერესების ზონად გამოცხადებულ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს უშუალო სიახლოვის გათვალისწინებით) აშშ-ს კომპეტენციაში რჩება, ევროკავშირი, ნატოს ფარგლებში აშშ–თან პარტნიორობის მიუხედავად, სათავისოდ იტოვებს მიმართულებებს, რომლებიც შემთხვევით როდია ჩამოთვლილი ბათუმის კონფერენციის დეკლარაციაში, კერძოდ კი: პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაძლიერება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა. ტრიოს ქვეყნები კი, თავის მხრივ, როგორც დეკლარაციაშია დაფიქსირებული, პირობას დებენ ითანამშრომლონ ევროკავშირთან „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ ფარგლებში (CSDP), რაც მოიცავს „ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და სამსახურებთან თანამშრომლობის პლატფორმების განვითარებას, CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობას“.

   ბაიდენი ტრამპი როდია, რომელმაც ევროკავშირი ალიანსში მწირი შენატანების გამო აკრიტიკებდა და დაფინანსების შეჩერებით ემუქრებოდა, ამიტომ დღეს ევროპის ქვეყნები ჩქარობენ გამოიყენონ მოსახერხებელი მომენტი, სანამ ტრამპი, ვინიცობა, აშშ-ს პრეზიდენტი ხელმეორედ არ გახდა. ასეა თუ ისე, ეს 28 ნატოს წევრი-ქვეყანაა (თურქეთი არ ითვლება) ერთი ამერიკის წინააღმდეგ, თუნდაც ის ყველაზე, ერთად აღებულზე, ძლიერი იყოს.

   და რა თქმა უნდა, ბათუმში შარლ მიშელმა დაადასტურა განზრახვა, გამოუყონ მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარება ტრიოს ქვეყნებს, კერძოდ, საქართველოს - 3,9 მილიარდი ევრო, საიდანაც 1,715 მილიარდი გრანტია, 2.185 მილიარდი – კრედიტი. ამიტომაც ქართველი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც არ არიან რუსოფობები, ეგზალტირებული ოპოზიციისგან განსხვავებით, პრივატულ საუბარში აღიარებენ, რომ მხარს უჭერენ ევროპულ კურსს, რადგან ევროკავშირი აძლევს ფულს, რომლის გარეშეც საქართველო, მათი თქმით, ფეხებს გაჭიმავს...

10 წლის წინ

2011 წლის 4 და 11 ივლისი: ციტატა პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის, ა. ხიდირბეგიშვილის ინტერვიუდან "საქინფორმს" და "ასავალ-დასავალს":

„საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით „საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი“.

2011 წლის 3 ოქტომბერი: გაზეთი „Известия“ აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურის, ვლადიმერ პუტინის სტატიას, სადაც მან ახალი ევრაზიული კავშირის პირველი ეტაპი – რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე („ЕЭП“) წარადგინა. „მისი რეალიზაციისას, – აღნიშნავს პუტინი, – გამოყენებული იქნება შენგენის შეთანხმებების გამოცდილება... ЕЭП დაეფუძნება საკვანძო ინსტიტუციურ სფეროებში შეთანხმებულ მოქმედებას... ერთიან სავიზო და მიგრაციულ პოლიტიკას, რაც შიდა საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის მოხსნის საშუალებას მოგვცემს“.

2011 წლის 1 ნოემბერი: თავის პირველ პრესკონფერენციაზე მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა დაკავდეს პოლიტიკით, ხელისუფლებიდან სააკაშვილის გაძევების მიზნით, განაცხადა, რომ ”საქართველოს გაწევრება ევრაზიულ კავშირში, ისევე როგორც ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებში იქნება, განხილვას ექვემდებარება”.

2011 წლის 2 ნოემბერი: «РИА НОВОСТИ» აქვეყნებს ა. ხიდირბეგიშვილის სტატიას, სადაც, კერძოდ, აღნიშნულია:

„პოსტსაბჭოთა სივრცის მედიის ამოცანა უნდა იყოს საზოგადოებისათვის ახალი ევროპული კავშირის პერსპექტივების, ერთიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის სარგებლიანობის განმარტება, რუსეთის მიმართ მიკერძოებისა და ფობიების აღმოფხვრა. სწორედ ამაზე უნდა იფიქრონ მასმედიის ხელმძღვანელებმა, როდესაც ასტანაში „ФЕАМ-2011“-ზე შეიკრიბებიან, რადგან ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალთა მიერ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი ანდა, უარეს შემთხვევაში, დეზინფორმაციული პროპაგანდა ხელს უწყობს სსრკ-ის ექს-რესპუბლიკების მოსახლეობაში პუტინის პროექტზე მცდარი წარმოდგენის შექმნას ან, სულაც, მის სრულ უმეცრებას ამ საკითხში!“.

პუტინის საინტეგრაციო ფორმატი 10 წლის შემდეგ

2021 წლის 22 ივნისი: გერმანულ „Die Zeit»-ში გამოქვეყნებული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტატიიდან ”იყო ღია, წარსულის მიუხედავად”: ”რუსეთი არის ერთ-ერთი უდიდესი ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს განუყოფელ კულტურულ და ისტორიულ კავშირს ევროპასთან. ჩვენ ღია ვართ გულახდილი და შემოქმედებითი ურთიერთქმედებისათვის. ამას ადასტურებს ჩვენი იდეა ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საინტეგრაციო ფორმატს, მათ შორის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს.”.

   ბატონებო, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ საქართველო მიიჩნევს თავს ევროპულ სახელმწიფოდ, ქართველები კი - ევროპელებად, განა ამ გარემოებამ არ უნდა დააახლოოს ისინი რუსეთთან? ათი წლის შემდეგ, პუტინის საინტეგრაციო პროექტმა, საბაჟო, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების ეტაპების გასვლის შემდეგ, დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და იქცა საინტეგრაციო ფორმატად, რომელიც მიზნად ისახავს არა მეტოქეობას, არამედ ევროკავშირთან პარტნიორობას. და ღიაა ახალი წევრებისთვის, რომლებიც 10 წლის განმავლობაში თავს იკავებდნენ ევრაზიულ კავშირში შესვლისგან, მაგალითად აზერბაიჯანი, ან ევროკავშირისკენ გეზაღებულნი, როგორც საქართველო. რასაც რას სთავაზობს მათ პუტინი დღეს, პრაქტიკულად ნათქვამია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 13 ივლისის ინტერვიუში, სადაც ის პასუხობს კითხვებს სტატიასთან "რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ" დაკავშირებით.

   უპირველეს ყოვლისა, პუტინი არ აპირებს სსრკ-ის ხელახლა შექმნას, რასაც ჯერ 10 წლის წინანდელ ზემოაღნიშნულ პუბლიკაციებში ვამტკიცებდი. რუსეთის პრეზიდენტმა შეგვახსენა, რომ სსრკ დაიშალა, რადგან ის არა სტალინის შემოთავაზების საფუძველზე (რესპუბლიკები РСФСР– ის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებებით შედიან) შეიქმნა, არამედ როგორც ლენინი სთავაზობდა, რომელიც, სტალინის თქმით, „დათმობებზე წავიდა ნაციონალებთან” (რესპუბლიკები ქმნიან РСФСР-თან თანაბარუფლებიან სახელმწიფოების კავშირს გასვლის უფლებით). სინამდვილეში მაინც შეიქმნა უნიტარული სახელმწიფო, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკებს „იჭერდა“ მარტო КПСС-სი, ხოლო როდესაც კომპარტია დაიშალა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა.

   შემდგომ პუტინი მეორედ ახსენებს სტალინს და ხაზს უსვამს იმას, რომ მოქალაქეთა რელიგიურ ცნობიერებასა და ეკლესიას ღირსეული ადგილი უკავია საზოგადოების ცხოვრებაში (გულისხმობს რუსეთს და ევრაზიული კავშირის ქვეყნებს): ”სტალინმა, სიტყვით გამოსვლისას, როდესაც უკვე გააცნობიერეს ფაშისტური გერმანიის მიერ დაწყებული ომის მთელი მოსალოდნელი კატასტროფა, მან თქვა „დებო და ძმებო". ეს საეკლესიო მიმართვაა. შემდგომ კი საპატრიარქოც აღადგინეს... ”. ეს კი ნიშნავს, და ამაშია, ალბათ, მისი მთავარი განსხვავება ევროკავშირისგან, ევრაზიული კავშირის ქვეყნებში პრიორიტეტი ტრადიციული რელიგიებია, რომლებზეც სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა არ პრევალირებს.

ამასთან, პუტინი საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირისგან ბევრი რამის გადაღებას: ”თუ შევადარებთ ევროკავშირს, ევროკავშირს აქვს ინტეგრაციის ბევრად უფრო ღრმა დონე, ვიდრე ჩვენ გვაქვს ბელარუსთან მოკავშირე სახელმწიფოს ფარგლებში. იქ ერთიანი ვალუტაა, ფაქტობრივად ძალიან მძლავრი საბაჟო კავშირი და ა.შ. და ერთი სივრცე, გადაადგილება. იქ ყველაფერია, რასაც ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ. ამავე დროს, სუვერენიტეტის სრული შენარჩუნებით. ამის მიუხედავად, ეს ხალხს უადვილებს ცხოვრებას, ქმნის გარკვეულ პირობებს ეკონომიკური განვითარებისათვის, ზრდის ჩვენს საერთო კონკურენტუნარიანობას... ჩვენ ამის მომხრე ვართ და ჩვესნ ყველა მეზობელსა და მეგობართან პარტნიორულად ვიმუშავებთ”.

   და მთავარი: პუტინი ხაზს უსვამს, რომ ”თანამედროვე რუსეთმა აღიარა დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალიები”, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ”გარკვეული ურთიერთობების შექმნა ყოველთვის კომპრომისის შედეგია” და არა იძულების. ანუ, როგორც მე მესმის, ”რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ თუ საქართველო მოისურვებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, რუსეთი მზად იქნება კომპრომისისთვის”.

”ჩვენ ვეძებთ კომპრომისს ... კომპრომისულ გზებს, რომლებსაც მივყავართ იმ ვითარებამდე, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს პარტნიორებს. ეს შეთანხმების რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ მოთმინებით აღვიჭურვებით და ვეძებთ ამ ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს იდეალურია”, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი არავის არ ითრევს ევრაზიულ კავშირში. ანუ, პუტინი ამბობს: ”ჩვენ ვეძებთ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს აძლევს თბილისსაც, სოხუმსაც და ცხინვალსაც. დიახ, ეს არ არის იოლი სამუშაო, მას დრო სჭირდება, მაგრამ ამად ღირს, რადგან ეს არის პრობლემის მშვიდობიანი და არა ძალისმიერი გადაწყვეტა, რომელიც ხელსაყრელია ქართველებისთვის, აფხაზებისთვისა და ოსებისთვისაც. მაგრამ ჩვენ არ ვაიძულებთ მათ ამის გამო რუსეთთან ერთ კავშირში - ევრაზიულში გაწევრიანებას. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებაწ ევროკავშირისკენ, ეს რუსეთს არ აშფოთებს, რადგანაც არ ემუქრება!“.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 26 ივნისი
საქართველო, თბილისი