რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: როდის შეუერთდება საქართველო სიცოცხლის გზას?

     2019 წლის 13 მაისს, ჩემს პუბლიკაციაში ”მოგზაურობა ლარსიდან ყარსში”, დასახელებულია მიზეზები, თუ რატომ არ უნდა დარჩეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ნაწილ–ნაწილ უბრუნებს 775 მილიონ დოლარს ( გზის ქართული მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოყოფილი კრედიტი) და იქცეს ევროპას, შუა აზიასა (თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი) და ჩინეთს შორის უმოკლეს სატრანსპორტო მარშრუტის სრულყოფილ მონაწილედ თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანს გავლით, ასევე თურქეთსა და რუსეთს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით. ეს თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც პრაგმატიზმი და ეკონომიკური ინტერესები სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორებს ფარავს და გუშინდელი მტრები ჯერ რუსეთთან ამყარებენ მეგობრობას, შემდეგ კი რუსეთისავე შუამავლობით პარტნიორები ხდებიან. შედეგად — თურქეთი ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების რკინიგზების ქსელს მიუერთდება, მათ შორის, რუსეთის რკინიგზას და ტვირთი ამ ქვეყნებიდან თურქეთის გავლით სწრაფად და იაფად ჩავა ევროპაში, ხოლო უკანა გზაზე, ამავე მარშრუტით — ერაყში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებში, სადაც რელსები საბჭოთა სტანდარტით 1520 მმ სიგანეზეა დაგებული. ამგვარად, რკინიგზა ყარსი-ახალქალაქი-ბაქო შეუერთდება 21-ე საუკუნის უდიდეს პროექტს — მარშრუტს „ერთი სარტყელი — ერთი გზა“, ხოლო საქართველოს თავისი საზღვაო პორტებით შეუძლია, ამ ორი პროექტის გზაჯვარედინზე საკვანძო დამაკავშირებელი რგოლი გახდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით — მას რუსეთთან იმაზე უარესი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე ამ პროექტის მონაწილე აზერბაიჯანს, თურქეთსა და ჩინეთს, რომლებიც ეკონომიკური განვითარებით და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით არიან დაინტერესებული!

   2021 წლის 29 იანვარს პუბლიკაციაში „რუსეთიდან საქართველოში სოხუმის, ცხინვალისა და შატილის გავლით გზები უნდა გაიხსნას!", მე ვაფრთხილებ, რომ საავტომობილო და სარკინიგზო დერეფნების განბლოკვის შემდეგ, რომლებიც აზერბაიჯანს სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქსა და თურქეთთან აკავშირებს; სომხეთს კი, იმავე სიუნიკის რაიონის გავლით – ირანსა და რუსეთთან, მალე კი - თურქეთთანაც; ხოლო რუსეთს, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით - სომხეთსა და თურქეთთან, საქართველო აღარ იქნება სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანი, აზერბაიჯანისთვის კი - თურქეთთან”, აქართველომ შეიძლება დაკარგოს სატრანზიტო ფუნქციაც და სხვა, თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე უპირატესობა. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საქართველომ სასწრაფოდ უნდა აამოქმედოს როგორც ძველი საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტები, რომლებიც მას აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, ასევე უნდა კეთილმოაწყოს მოქმედი მაგისტრალი სტეფანწმინდა - ზემო ლარსი - ვლადიკავკაზი და აუცილებლად გახსნას ახალი გზა შატილი - იტუმ-კალი - გროზნი”.

   ამრიგად, ბაქო–თბილისი–ყარსი გაიხსნა 2017 წლის ოქტომბერში, 2020 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ და გასული წლის დეკემბერში, პირველი მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში ჩავიდა. 2021 წლის 29 იანვარს კი მატარებელი თურქეთიდან რუსეთისკენ გაეშურა ("ანკარა - თბილისი - ბაქო - მოსკოვი").

ეს სად გაგონილა?! თურქეთი - საქართველოს №1 სავაჭრო პარტნიორი - და რუსეთი - "საქართველოს №1 მტერი და საქართველოს №2 სავაჭრო პარტნიორი - ბიზნესს აკეთებენ საქართველოს ტერიტორიის გავლით, მაგრამ ... საქართველოს გარეშე?! დიახ, სანამ საქართველო უკრაინას მხარს უბამს და რუსეთს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, გაეროში და „სპორტლოტოში“ უჩივის, საექსპორტო მატარებლები მილიონობით ტონა ტვირთით დაგრიალებენ, მოედინება მილიარდობით დოლარის მოგება, მაგრამ საქართველო უცხოა ამ დღესასწაულზე! ხოლო სატრანზიტო ბაჟი წვრილმანია აზერბაიჯანული კრედიტის მილიონობით დოლართან შედარებით, რაც უკან არის დასაბრუნებელი...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 4 თებერვალი
საქართველო, თბილისი