ნატოსაკენ მიმავალ გზაზე საქართველო ტერიტორიებსა და მოსახლეობას კარგავს!
მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღეს ბათუმის პორტში ამერიკული სარაკეტო ნაღმოსანი USS Ross შემოვიდა, რათა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირება მოეხდინა და უზრუნველეყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რომელსაც, ვითომდა, რუსეთი ემუქრება. თუმცა, ამერიკულმა ხომალდმა ქართული სახელმწიფო პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის ქისტებისგანაც კი ვერ დაიცვა, რომლებმაც იმავე დღეს, ბზობას, 21 აპრილს, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს!
სხვათაშორის, 21 აპრილს მართლმადიდებელ ქართველებს ბზობა „მიულოცეს“ აზერბაიჯანელმა მუსლიმანებმაც და მე-6 საუკუნის სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მაგრამ ამერიკულმა ხომალდმა ვერც ამ შემთხვევაში ივარგა...
იქნებ აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ხომალდებმა საქართველო 2008 წლის აგვისტოშიც დაიცვეს? არა და არა — სანამ ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოტვირთავდნენ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, და დღეს ქისტების უკან რუსები რომ მდგარიყვნენ, როგორც მაშინ — აფხაზებისა და „სამხრეთელი ოსების“ უკან, პანკისის ხეობა უკვე ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან იქნებოდა მიერთებული, როგორც კოდორის ხეობა — აფხაზეთთან.
გამორიცხული არ არის, რამზან კადიროვმა ქისტ ვაჰაბიტებს შესთავაზოს, დაივიწყონ ბანდიტური წარსული და ჩეჩნეთის მოსახლეობის მაგალითზე რუსეთის პასპორტები აიღონ. ხოლო, თუ პანკისის ხეობა რუსეთის ფედერაციაში გადავა, „სამხრეთ ოსეთი“, მითუმეტეს, შეუერთდება ჩრდილოეთ ოსეთს, ხოლო აფხაზეთი — კრასნოდარის მხარეს, და საქართველოს დასავლეთელი მოკავშირეების სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს წინააღმდეგობას არ გაუწევს!
აშშ და ნატო არ დაეხმარებიან საქართველოს უახლოეს მომავალშიც, როცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ სუსტად კონტროლირებად სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კომპაქტურად მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისელების დაუსჯელობით და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების თავნებობით შთაგონებული, კვლავ წამოაყენებს თავის ძველ მოთხოვნებს. ხელისუფლება მათ შესახებ „დელიკატურ“ დუმილს ამჯობინებს სენსიტიურობის საბაბით, სინამდვილეში კი იმიტომ, რომ საკუთარ მოქალაქეებთან პრობლემების მოგვარება არ ძალუძს, ხოლო მათ, ვისაც ეს ხელეწიფება, საქართველოში ხელისუფლებას არ აკარებენ! როგორც წესი, ყოველივე ეს მთავრდება ეთნიკური არაქართველების დაპირისპირებით ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც ამის შედეგად ტერიტორიებს კარგავს, როგორც ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოხდა.
ამჯერად მოვლენები, სავარაუდოდ, შემდეგნაირად განვითარდება:
ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დაჩქარებული დელიმიტაცია მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას, რადგან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამუდამოდ აზერბაიჯანის მხარეს დარჩება (ბაქოში არამცთუ საქართველოსთვის დათმობაზე, არამედ გარეჯის ქედის ფერდობის ნებისმიერ ქართულ ტერიტორიაში გაცვლაზეც კი უარი განაცხადეს, მაქსიმუმი, რაზეც თანახმა არიან, ტურისტებსა და მორწმუნეებს გრაფიკი დაუწესონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არსებული წმინდა ადგილის თავისუფლად მოსანახულებლად). ეს ქართველ საზოგადოებაში უკვე აღმოცენებულ ანტიაზერბაიჯანულ განწყობას გააძლიერებს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლის აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ შესაძლოა, ისევ დაუშინოს ქვები პოლიციის სპეცრაზმს და მასთან ერთად — საარჩევნო უბნებსაც, როგორც ეს უკვე მოხდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანში. ოღონდ ამჯერად პროვოკაციები, ორგანიზებული სააკაშვილის პარტიის მიერ იმ აზერბაიჯანელ სეპარატისტებთან ერთად, რომლებსაც ქვემო ქართლი ოდინდელ აზერბაიჯანულ ტერიტორიად — „ბორჩალოდ“ მიაჩნიათ, კიდევ უფრო ფართო მასშტაბს შეიძენს.
საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ უმცირესობასთან ქართული პოლიციის შეტაკებებში დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მთავრობას დაადანაშაულებს და უმცირესობებს დაუჭერს მხარს. ოღონდ ერთი გამონაკლისით — თუ ამ უმცირესობებს რუსეთი არ უცხადებს თანადგომას, როგორც, მაგალითად, აფხაზებსა და ოსებს.
ეს ორმაგი დასავლური სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითია კიდევ იმიტომ, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, არ შეიძლება დაუსჯელად პოლიციელებზე თავდასხმა, მათთვის ქვებითა და კეტებით ზიანის მიყენება და „მოლოტოვის კოქტეილებით“ სპეცდანიშნულების მანქანების დაწვა!
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, სოფლის ასიოდე მცხოვრებს არ შეუძლია, შეაჩეროს სახელმწიფო ეკონომიკის სტრატეგიული ობიექტის, მაგალითად, ჰესის მშენებლობა!
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, სამშენებლო კომპანია თავს არ უქონავს ადგილობრივ მოსახლეობას მეფური საჩუქრებით და ხელშეკრულებაში არ აფიქსირებს ამას, როგორც პანკისში მინიჰეს „ხადორი-3“-ის შემთხვევაში. უფასო ელექტროენერგია, დასაქმება, ახალი ხიდები, გზები, წყალმომარაგება, ახალი სამედიცინო დაწესებულებები, კულტურის ობიექტები, ფინანსური დახმარება — კიდევ რაღა დარჩა საოცნებო?!
განა შეიძლება, ევროპული დემოკრატიის ნიმუშად ჩაითვალოს ქვეყანა, რომელიც „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსით“ მიემართება ნატოსა და ევროკავშირისაკენ, მაშინ, როცა მის ტერიტორიაზე არსებობს ალტერნატიული ხელისუფლების — უხუცესთა საბჭოს ან სახალხო კრების მიერ მართული ერთეულები?!
განა შეიძლება, ევროპული დემოკრატიის ნიმუშად ჩაითვალოს ქვეყანა, სადაც ერთი და იგივე სამართალდარღვევისათვის ავტოქტონური ქართველი მოსახლეობის წარმომადგენლები პატიმრობითაც კი აგებენ პასუხს, ხოლო ერთმანეთის ბოლომდე გამტანი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიციაში დაკითხვასაც კი ვერ ბედავენ?!
ვინ არ იცის, საქართველოში, რომ პანკისის ხეობაზე, სადაც ძირითადად „ისლამური სახელმწიფოს“ „გრანტებით“ ცხოვრობენ, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება?! და თუკი პანკისში ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურები ფუნქციონირებენ, რატომ არ იციან იქ დღემდე, რომ მიწა, რომელზეც ცხოვრობენ და რომელშიც სიკვდილის შემდეგ განისვენებენ, მათ კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის?!
ვისი და რისი იმედი აქვთ პანკისის ხეობის ჩეჩნებს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგით ბოევიკებს და საუკეთესო მეთაურებს აწვდიან ან როცა საჯაროდ ემუქრებიან საქართველოს ხელისუფლებას? და ნუთუ საქართველოს ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩეჩენ ბოევიკებთან იძულებითი ლაქუცი (შევარდნაძის — გილაევთან, სააკაშვილის — დოშუევთან და ჩატაევთან` ყოველთვის სამწუხარო შედეგით მთავრდებოდა?! რატომ მისცეს უფლება ჩეჩენ მაჩალიკაშვილს, დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე კარვების ქალაქი გაეშალა და წელიწადზე მეტი ხნით გადაეკეტა პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი? რატომ შეიყვანეს ამ კარვებში ბუნებრივი აირი? განა შემთხვევით უჭერს მხარს პანკისელებს სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი-2“, მაჩალიკაშვილი კი ზუგდიდში გაემგზავრა სააკაშვილის მეუღლის მხარდასაჭერად?!
„ესე იგი, აზერბაიჯანელებს შეუძლიათ უძველესი ქართული ეკლესიების წართმევა, ჩვენთვის კი საკუთარის დაბრუნება არ შეიძლება?!“ — სამართლიანად აღშფოთდებიან სომხები და გადაჭრით დასვამენ საკითხს სომხეთის სამოციქულო ეკლესიისათვის თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული ათობით ეკლესიის დაბრუნების შესახებ, რაც გააძლიერებს ქართველ საზოგადოებაში ტრადიციულად არსებულ ანტისომხურ განწყობას. საპროტესტო მიტინგებმა, შესაძლოა, უფრო ფართო ხასიათი მიიღოს, ვიდრე ეს მოხდა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკებისას 2017 წლის 30 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ კუმურდოში. შეგახსენებთ, რომ კამათი იქ არსებული მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წარმოშობის გამო დაიწყო.
მაგრამ სომეხი სეპარატისტები, რომლებსაც სამცხე-ჯავახეთი ოდინდელ სომხურ მხარედ — „ჯავახკად“ — მიაჩნიათ, თავიანთ პროგნოზებში ბოლომდე მიდიან. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიიდან, სათვისტომო კავშირ „ჯავახკის“ თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს შეუძლია, ნატოში გაწევრიანდეს, ოღონდ იმ პირობით, თუ ნებაყოფლობით იტყვის უარს „ჯავახკზე“. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ხომ მის ტერიტორიაზე, შესაძლოა, თურქეთის ჯარი განლაგდეს, რასაც არ მოითმენს სომხური სათვისტომო, რომელიც აუცილებლად აჯანყდება დამოუკიდებლობის მოთხოვნით. „ეს ჩვენში გენეტიკურად არის ჩადებული“, — ხაზი გაუსვა ტოროსიანმა.
ზემოთქმული თვალსაჩინოდ ადასტურებს, რომ კავკასიაში პრობლემების გადაწყვეტის საქმეში — როგორც ხალხებს შორის, ისე მეზობელ სახელმწიფოებს შორის — აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძლიერება აბსოლუტურად უსარგებლოა. მეტიც — ნატოსაკენ ჯიუტად მიმავალი საქართველო რისკავს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კვალდაკვალ, სხვა ტერიტორიებიც დაკარგოს იქ მცხოვრები მოსახლეობითურთ!
ცნობილი არ არის, რა დარჩება საქართველოსაგან იმ დროისათვის, როცა ის ნატოს ზღურბლს მიუახლოვდება, და საერთოდ, იარსებებს თუ არა იმ დროისათვის თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი? მაგრამ საქართველო, რომელსაც გამალებით ტოვებს სამუშაოს მძებნელი მოსახლეობა, გაცილებით უფრო მალე დაიცლება ქართველებისაგან!
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამხედრებულმა ოპოზიციამ თავი ბოლომდე გაამჟღავნა!
როცა 2005 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების დახურვის შესახებ, მე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ განვაცხადე — სააკაშვილი ადგილს ამერიკელებისთვის ათავისუფლებს-მეთქი. ამას ირიბად ადასტურებდა ორი ფაქტი:
1. სააკაშვილმა უარი თქვა პუტინის წინადადებაზე, ბათუმის ბაზის ნაცვლად ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრი გაეხსნათ და დაჟინებით მოითხოვა რუსეთის ჯარების უმოკლეს ვადაში გაყვანა — ერთ წელიწადში, მოსკოვის მიერ მოთხოვნილი 15 წლის ნაცვლად;
2. სააკაშვილის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის განხილვაზე, რომელიც იმ მომენტში საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება გახლდათ.
2012 წელს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა შეცვალა, რომც ნდომოდა, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას ვერ ჩაშლიდა. საქართველოში ჯერ ნატოსთან ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი და აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა. შემდეგ საქართველოს თავისი საზღვაო პორტებით — ბათუმის, ფოთისა და დაპროექტებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით (წყალქვეშა ნავებისა და ავიამზიდებისთვის` მნიშვნელოვანი როლი გამოუყვეს შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიულ კონცეფციაში, საიდანაც აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა.
მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად შეიცვალა, რომელმაც, პირიქით, განაცხადა, რომ განზრახული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა. დონალდ ტრამპის მმართველობისას აშშ-სათვის საქართველოს ღირებულება შემცირდა ვიწრო დერეფნამდე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საჰაერო და სახმელეთო წვდომა ავღანეთში, სადაც ნატოს მისიაში 870 ქართველი მსახურობს.
საქართველოში ნატოს ბაზის გახსნა არ გამოვა, ვიდრე მას ალიანსში არ მიიღებენ, რაც განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო. საქართველოს ჩრდილოატლანტიკური სიცივით უარი უთხრეს ყველა დონეზე — აშშ-ის პრეზიდენტიდან და ნატოს გენერალური მდივნიდან დაწყებული, ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებამდე. მას მხოლოდ უფლება მისცეს, თავის ტერიტორიაზე ნატოს წვრთნები ჩაატაროს, სამხედროები ნატოს საერთაშორისო ოპერაციებისთვის მოამზადოს და თავის საზღვაო პორტებში ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ხომალდები მიიღოს.
ამიტომ „ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა საქმის რეალური ვითარება დააფიქსირა — დღეს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნა მიზანშეწონილი არ არის! „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, პროვოკაციად შეფასდეს, და არ ვფიქრობ, რომ აშშ მზად არის აქ სამხედრო ბაზის განლაგებისთვის, რაც, ალბათ, რეაქციას გამოიწვევს როგორც რუსეთის, ისე ტერორისტული მოძრაობების მხრიდან, რომლებიც მეტად აქტიურია ამ რეგიონში“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მერედა, რა არის ამაში სკანდალური და სენსაციური?! რუსეთი ე. წ. ახალი ევროპის ქვეყნების საზღვრებთან ალიანსის ბაზების განთავსებაზეც კი მტკივნეულად და ადეკვატურად რეაგირებს, ხოლო კავკასიაში, სადაც კუდის მოსაქნევი ადგილიც არ არის, ეს ამბავი მას ბევრად უფრო გააბრაზებს! სოხუმი და ცხინვალი, სომხეთი და აზერბაიჯანი ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან მიჯრილი, რომ აბა, სცადე, რაკეტები ზუსტად დაუმიზნო! და რა მოხდება, თუკი ვაჰაბიტები, პანკისის ხეობის ბოევიკების მხარდაჭერის მიზნით, მოისურვებენ, თბილისის შემოგარენში გახსნილ ამერიკულ ბაზას დაარტყან და აშშ-ზე შური იძიონ მათი ოჯახის წევრების განადგურებისთვის, რომლებიც სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდნენ?! ან იქნებ მათ სულაც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტის მოწყობა სცადონ?
ამიტომაც განაცხადა თავისუფალ საფრანგეთში გაზრდილმა ქართველი ემიგრანტების შვილმა მისთვის დამახასიათებელი უშუალობით, რომ საეჭვოა, ვაშინგტონმა თბილისს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის რეკომენდაცია მისცეს და რა არის აქ გაუგებარი?!
მაშ რატომ დაემართა ნაცოპოზიციას ასეთი ისტერიკა? რატომ დაემუქრნენ ზურაბიშვილს იმპიჩმენტით? რატომ ვრცელდება სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ დეზინფორმაცია, რომ საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე შეაჩერა აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მომზადება? განა თქვენ არ იყავით, ძვირფასო ბატონებო, აგრეთვე მოქმედი ხელისუფლების მინისტრებო, რომლებსაც მხოლოდ ვაშინგტონის კონსულტაციისა და სანქციის შემდეგ ნიშნავენ და ათავისუფლებენ, მაგალითად — თავდაცვის მინისტრს, ჯერ კიდევ გუშინ ზანტად რომ იშორებდით თავიდან ჩემს პროგნოზს — აქაოდა, საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნა „მითი“ და „რუსული პროპაგანდააო“?! გამოდის, ამ ბაზის გახსნა მაინც შედიოდა თქვენს გეგმებში, რომლებიც ჩაიშალა?!
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს — კარგია, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ყოველ წუთს თვალი არ უჭირავს არც მმართველი პარტიისაკენ, რომლის მხარდაჭერის წყალობით გახდა პრეზიდენტი და არც აშშ-ის საელჩოსაკენ. მთავარი ის კი არ არის, რა თქვა ზურაბიშვილმა, არამედ ის, თუ ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები! ამჟამინდელი პრეზიდენტი პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელთაგან, ვინც გაბედა, საჯაროდ ეჭვი შეეტანა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეწონილობაში! და როგორი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ დღეს მასზე ყოველი მხრიდან, რათა თავისი სიტყვები უკან წააღებინონ, ეს მომხდარი ფაქტია, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ პატივს სდებს!
საქართველოს შეუძლია, არამარტო გადარჩეს, არამედ ძალიან მდიდარი ქვეყანაც გახდეს!
დიადი გამარჯვების დღესასწაულამდე ორი დღით ადრე, 2019 წლის 7 მაისს, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა საქართველოს წარმომადგენლის გარეშე ხელი მოაწერეს მემორანდუმს და მოილაპარაკეს ბაქო-თბილისი-ყარსის მეორე რკინიგზის აშენებაზე რუსული და შემდგომ უკვე საბჭოთა სტანდარტის 1520 მმ სიგანის ლიანდაგით. ამით ის განსხვავებული იქნება უკვე არსებული და 2017 წლის ოქტომბერში გახსნილი მარშრუტისგან, რომელზეც ყარსიდან ახალქალაქამდე რელსები ევროპული სტანდარტისაა — 1435 მმ! სწორედ ამის გამო ახალქალაქის სატვირთო სადგურზე ბევრი დრო იკარგება წყვილთვალების გამოცვლაზე და შემადგენლობის სხვა ლოკომოტივთან მიბმაზე, რადგან საქართველოსა და აზერბაიჯანში რელსები საბჭოთა სტანდარტითაა დაგებული.
სწორედ ამის გამო განიცადა გამანადგურებელი მარცხი 74 წლის წინათ ჰიტლერმა, რომელსაც ბლიცკრიგის იმედი ჰქონდა — გერმანულ შემადგენლობებზე წყვილთვალების გამოცვლა უწევდათ, თანაც ორჯერ, სსრკ-ის ტერიტორიაზე შესვლისას და იქიდან გამოსვლისას, რაც კატასტროფულად აჭიანურებდა ფრონტებზე გერმანული ცოცხალი ძალის და შეიარაღების მიწოდებას.
ეს როგორ?! — შესძახებს მკითხველი, — ნუთუ ნატოს წევრ თურქეთს საქართველოსთან სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე გავლით ერთბაშად ორი რკინიგზა დააკავშირებს? აღნიშნული რეგიონი ხომ ევრაზიული კავშირის წევრ სომხეთს ესაზღვრება, რომელიც აზერბაიჯანს ყარაბაღში ეომება?! და ეს მაშინ, როცა ერთ წელიწადში იწურება ყარსის ხელშეკრულების ვადა, რომლის მიხედვითაც აჭარა საქართველოს რუსეთის გარანტიით გადაეცა და რომელსაც თურქეთი თავის რუკებზე საკუთარ პროვინციად — ვილაიეთად აღნიშნავს?!
გიპასუხებთ: ეს თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც პრაგმატიზმი და ეკონომიკური ინტერესები სამხედრო ფაქტორებს ფარავს და გუშინდელი მტრები ჯერ რუსეთთან ამყარებენ მეგობრობას, შემდეგ კი რუსეთისავე შუამავლობით პარტნიორები ხდებიან. შედეგად — თურქეთი ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების რკინიგზების ქსელს მიუერთდება, მათ შორის, რუსეთის რკინიგზას და ტვირთი ამ ქვეყნებიდან თურქეთის გავლით სწრაფად და იაფად ჩავა ევროპაში, ხოლო უკანა გზაზე, ამავე მარშრუტით — ერაყში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებში, სადაც რელსები საბჭოთა სტანდარტით 1520 მმ სიგანეზეა დაგებული.
ამგვარად, მეორე რკინიგზა ყარსი-ახალქალაქი-ბაქო შეუერთდება 21-ე საუკუნის უდიდეს პროექტს — მარშრუტს „ერთი სარტყელი — ერთი გზა“, ხოლო საქართველოს თავისი საზღვაო პორტებით შეუძლია, ამ ორი პროექტის გზაჯვარედინზე საკვანძო დამაკავშირებელი რგოლი გახდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით — მას რუსეთთან იმაზე უარესი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე ამ პროექტის მონაწილე აზერბაიჯანს, თურქეთსა და ჩინეთს, რომლებიც ეკონომიკური განვითარებით და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით არიან დაინტერესებული!
P.S.
9 მაისს, გამარჯვების დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს, რუსეთი მტრად იგულოს. პირიქით, მზადაა, მოსკოვთან და პეკინთან ურთიერთობის დასათბობად. ასე რომ, პატივცემულო მგზავრებო: მატარებელი „ლარსი-ყარსი“ დაიძრა ბოლო ლიანდაგიდან. ვისაც თავი გაქვთ, დაეწიეთ!
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №19 (2019 წლის 13 მაისი)
საქართველო, თბილისი