ქართული საიინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ”საქინფორმი”-ს გენერალური დირექტორისა და მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის გამოსვლა, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, თბილისი, 2019 წლის 12 დეკემბერი).
”ძვირფასო მეგობრებო!
არ მინდა გავსარჯო ჩვენი მშვენიერი მთარგმნელი და ვისაუბრებ ყველასათვის გასაგებ - რუსულ ენაზე. სამწუხაროდ, აზერბაიჯანული ცუდად ვიცი, მაგრამ შემდეგი შეხვედრისთვის გპირდებით, ამ საქმეს გამოვასწორებ.
ჩვენი შეხვედრისგან მოგვრილი სიხარულის მიუხედავად, დღეს სევდიანი დღეა, რადგან უკვე 16 წელია, იგი ჩვენ შორის არ არის ... თუმცა, ამავე დროს, დღე ნათელიცაა, რადგან ის სიკეთე, რაც მან აზერბაიჯანელებსა და ქართველებს გაუწია, ყოველთვის გაგვინათებს გზას ხვალინდელი დღისკენ!
სანამ აქ ჰეიდარ ალიევის დიად საქმეებს იხსენებდნენ და მის შესახებ ფილმს გვიჩვენებდნენ, ვცდილობდი, გამეხსენებინა კიდევ მაგალითები, როცა ერის ლიდერი მშობლიურ ხალხს რაღაცას აკლებდა და სხვას აძლევდა, მაგრამ ვერ გავიხსენე. არადა, 2006 წლის ცივ იანვარში, როდესაც ააფეთქეს გაზსადენი, რომელიც რუსულ გაზს საქართველოს აწვდიდა, ჰეიდარ ალიევმა ნახევარი აზერბაიჯანი ჩააქრო, რომ აზერბაიჯანული გაზი საქართველოში გამოეშვა! ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს, როგორც არ დაივიწყებს მაგისტრალურ ნავთობ და გაზსადენებს, რომლებმაც, ჰეიდარ ალიევის გადაწყვეტილებით, გაიარეს საქართველოზე, რათა ის გამდიდრებული და მიმზიდველი ყოფილიყო მთელი მსოფლიოსთვის! თუმცა არსებობდა უფრო მოკლე და, შესაბამისად, იაფი მარშრუტიც ... კიდევ, საქართველოში ახსოვთ, თუ ქართველი ხალხისა და თავისი დიდი ხნის მეგობრის, პრეზიდენტ შევარდნაძის პატივისცემით, როგორ დააწესა პრეზიდენტმა ალიევმა გაზის და ნავთობის ტრანზიტის ფასი, რომელიც საქართველო ღებულობს და რომელიც ბევრად აღემატებოდა სტანდარტულ ფასებს.
ბატონი ჰეიდარის საქმე წარსულს არ ჩაჰბარებია - დღეს მისი ღირსეული ვაჟი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, განაგრძობს ტრადიციულად ძმური ურთიერთობების შენარჩუნებას საქართველოსთან. აქ გვესწრება ბატონი მახირ მამედოვი, კომპანია „SOCAR Energy Georgia“- ს გენერალური დირექტორი, რომელიც უსასყიდლოდ აწვდის გაზს ყველა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ოპერირებს, მაგრამ არ აკეთებს ამის აფიშირებას, - აქაოდა, ჩვენ ძმები ვართ, რა გასაკვირიაო?! მოკრძალება და შრომისმოყვარეობა, ინტელიგენტურობა და არაჩვეულებრივი სითბო - ასეთებად ვიცნობთ ჩვენს აზერბაიჯანელებს, რომლებთანაც ქართველებს არასდროს მოსვლიათ უწყინარი ჩხუბიც კი! ძნელია გავიხსენო ყველაფერი, რაც ვთქვი და რაც არ მითქვამს, მადლიერების ცრემლის გარეშე, თუმცა დღეს რთულმა რეალობამ ზოგიერთი ქართველი ნაკლებად მგრძნობიარე და გონივრული გახადა, რასაც ჩვენმა მტრებმაც შეუწყვეს ხელი, რომლებიც ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე ოცნებობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ! ”ჭკუით, ქართველებო!” - ტყუილუბრალოდ როდი გააფრთხილა საკუთარი ხალხი ქართული ლიტერატურის ლეგენდარულმა კლასიკოსმა ჭაბუა ამირეჯიბმა მარადისობაში გადასვლის წინ ...
უკვე აღარ ვლაპარაკობ საქართველოს მონაწილეობაზე "თურქულ ნაკადში" ჩვენი მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის წყალობით, აქ საკმაოდ ისაუბრეს ამ ყველაფერზე იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველო აზერბაიჯანის გარეშე ვერ გადარჩება. მაგრამ განა მხოლოდ ეკონომიკა აკავშირებს ჩვენს ძმურ ქვეყნებს?! განა ქართული და აზერბაიჯანული კულტურა განუყოფლად არ გადაეწნა ერთმანეთს, ორი დასავით არ ჩაეხუტა?! დიახ, მე განზრახ ვთქვი ”კულტურა” და არა ”კულტურები”, რადგან იქ, სადაც ერთი მთავრდება და იწყება მეორე, შეუძლებელია გაყოფა, ისევე როგორც შეუძლებელია ჩვენი საერთო მტკვრის გაყოფა! როდესაც აზერბაიჯანში მივემგზავრები, რაც ძალზე იშვიათად ხდება და ეს ჩემი მეორე ნაკლია აზერბაიჯანული ენის არასაკმარისი ცოდნის შემდეგ, ვერ ვამჩნევ - სად მთავრდება საქართველო და იწყება აზერბაიჯანი, რადგან ჩვენს შორის არ ყოფილა და არ შეიძლება იყოს საზღვრები! როგორ უნდა განვაცალკევოთ ქართველები ასობით ათასი აზერბაიჯანელისგან, რომლებიც ბედნიერად ცხოვრობენ საქართველოში და უყვართ ის ისტორიული სამშობლოს მსგავსად?! სრულად ინტეგრირებული ქართველ საზოგადოებაში და ქართული ენის შესანიშნავად მცოდნე? და ნაყოფიერი ქართული მიწა მათ სიკეთითვე მიაგებს!
ძველი თბილისის ცენტრში კი, სადაც, მეფე გორგასლის შესახებ ლეგენდის თანახმად, ჩვენი დედაქალაქის ისტორია დასაბამს იღებს, დგას მინარეთი და საქართველოს მთავარი მეჩეთი. ვინმეს შეუძლია მოიყვანოს მაგალითი, როცა ორი სხვადასხვა რელიგიის მქონე ხალხი საუკუნეების განმავლობაში მეგობრულად ცხოვრობდა და სიყვარულით ქმნიდა ათასობით ლამაზ შერეულ ოჯახს?! აქვე, თბილისში, მაიდანზე, მდებარეობს ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი, აქვე გადის მისი სახელობის სანაპირო, აქ მიედინება მტკვარი - საუკუნეობით უტყვი მოწმე ჩვენი ყველა უბედურებისა და გამარჯვების ...
ფილმში, რომელიც დღეს გვიჩვენეს, არის ედუარდ შევარდნაძის ცნობილი გამოსვლის ფრაგმენტი, რომელიც ამბობს: "დარწმუნებული ვარ, ჰეიდარ ალიევს რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ეყარა კენჭი, ხმების 100 პროცენტს მიიღებდა!" შევარდნაძემ იცოდა რას ამბობდა, რადგან ჰეიდარ ალიევმა გაცილებით მეტი გააკეთა ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ყველა თანამედროვე ქართველმა პოლიტიკოსმა ერთად აღებულმა!
ამავე ფილმში ვხედავთ მაიდანს, ეზოებს, მოჩუქურთმებული ხის აივნებითა, და ნარდის მოთამაშე თბილისელებს. ”ეს აივნები ჩვენს გულშია. ისინი განასახიერებენ ჩვენს ლტოლვას ერთმენეთთან ურთიერთობის მიმართ, ამიტომ აივნები არის ძველი თბილისის არქიტექტურული თავისებურება და განუყოფელი ნაწილი, რომელიც მას მსოფლიოს ყველა სხვა ქალაქისგან განასხვავებს!”, - ამიხსნა ერთხელ მამაჩემმა მაიდანზე სეირნობის დროს, როცა მე ჯერ ბავშვი ვიყავი. და მაშინაც დიდი ჰეიდარი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანს - საერთო ეროვნული გმირი და ლიდერი, რომელიც მის ხალხს მხურვალედ უყვარდა!
დღეს ამ შეხვედრაზე შეუძლებელია ამ ყველაფერზე საუბარი. სიტყვებზე უკეთ მეტყველებს ჩემი მოკრძალებული პუბლიკაციები ქართულ და აზერბაიჯანულ პრესაში და საქინფორმის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მუდამ იყო და იქნება მიმართული ჩვენი ხალხების მეგობრობისა და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განვითარებისკენ, რაც აქ ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
დიდი მადლობა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ დურსუნ ჰასანოვს, ასეთი მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოწვევისთვის, რომელსაც ესწრებიან აზერბაიჯანის დიდი მეგობრები და დახვეწილი აზერბაიჯანული ელიტა.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!”