პოლიტიკა
აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების 16 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ღონისძიებები ჩატარდა

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

როგორც ყოველთვის, 12 დეკემბერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით, გვირგვინებით შეამკეს ჰეიდარ ალიევის ბიუსტი, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში, ძველი თბილისის შუაგულში დგას. შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც წუთიერი დუმილითა და ლოცვით დაიწყო.

სხდომა გახსნა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ ჰეიდარ ალიევმა, თურქული სამყაროსა და კავკასიის აზერბაიჯანელთა ლიდერმა, ღრმა კვალი დატოვა ყველას ჩვენთაგანის გულში. ელჩმა დეტალურად ისაუბრა ჰეიდარ ალიევის როლზე აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში, წარმატებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ნავთობის სტრატეგიის შემუშავებასა და აზერბაიჯანში პროგრესის მიღწევაში. ბატონმა ჰასანოვმა აღნიშნა, რომ ჰეიდარ ალიევს დიდი დამსახურებები აქვს ქართველი ხალხისა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი "მეგობრობის აღთქმა", რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რის შემდეგაც დაიწყო მოწვეული სტუმრების სიტყვით გამოსვლა.

საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჰეიდარ ალიევისა და სულეიმან დემირელის მტკიცე მეგობრობასა და ძმობაზე და ორი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის როლზე აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლები, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, ქართული საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმის" გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი და სხვა სტუმრები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ "სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, ბელარუსის ელჩი საქართველოში მიხაილ მიტლიკოვი, ირანის ელჩი საქართველოში სეიდ ჯავად შაჰიდი, ყატარის ელჩი მუბარაქ ბინ ნასერ ალ ხალიფა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მაჰირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზაევი, აზერბაიჯანის საელჩოსა და სამხედრო ატაშეს აპარატის თანამშრომლები, საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლები, აზერბაიჯანელი ბიზნესმენები, ინტელიგენცია და საზოგადოების წარმომადგენლები.

საქინფორმი დამატებით გამოაქვეყნებს ნაწყვეტებს ამ მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილი გამოსვლებიდან და ასევე, სხვა მასალებს.


საქ
ინფორმი