პოლიტიკა
დიმიტრი კოსირევი: რუსეთს არაფერში სჭირდება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ ცხოვრობს განსხვავებული ხალხი, რომელსაც თავისი კანონები აქვს...

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. კონფერენციის ორგანიზატორები ჩემი მეგობრები არიან. მათ მკითხეს, მინდოდა თუ არა კიდევ ერთხელ თბილისში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვინდა თბილისში ჩამოსვლა. მითუმეტეს, რომ ფორუმის თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, როგორ იმართება თანამედროვე მსოფლიოში ტვინის გამორეცხვის კამპანია და ინფორმაციის ტოტალური ფალსიფიცირება. რაც შეეხება კონფლიქტის ისტორიას, პირადად ჩემთვის არ არსებობს საკმარისი ფაქტები. მახსოვს, რომ 2008 წელს პრესას არ დავუჯერე და დავურეკე ჩემს მეგობრებს თბილისში, მათ ვინაობას ვერ გავამხელ, მაგრამ მითხრეს, რომ ცეცხლი საქართველომ გახსნა.

ოკუპაციას რაც შეეხება, ჩვენ ნამდვილად არაფერში გვჭირდება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ იქ ცხოვრობს განსხვავებული ხალხი, რომელსაც თავისი კანონები აქვს. ეს ტერიტორიები არ გვჭირდება, ჩვენ ისედაც საკმარისი გვაქვს. აჯობებს, თვითონ გაარკვიოთ, ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა“, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ცნობილმა ჟურნალისტმა, აღმოსავლეთმცოდნემ, მწერალმა, პოპულარული პოლიტიკური ტელეპროგრამების მონაწილემ, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ვალდაის ფორუმის წამყვანმა სპიკერმა, ავტორმა წიგნისა „საბჭოთა კენედი“ დიმიტრი კოსირევმა პასუხად შეკითხვაზე - რას ფიქრობს „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე“.

თბილისში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა.

მედიაფორუმზე საქინფორმის აკრედიტებული ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის მისი მუშაობის და ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.