აქტუალური
რუსული პროპაგანდა არის მძლავრად დაფინანსებული მანქანა, რომელმაც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეაღწია! - ქეთევან ციხელაშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „სამი ჟურნალისტი, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდნენ, ეს იყო შსს- მიერ მიღებული ძალიან ადეკვატური ზომა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების ვიზიტი არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან არ ყოფილა შეთანხმებული, ამიტომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.

გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს, გამოიყენოს სხვადასხვა ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც სიახლე არ არის.

საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს და ახორციელებს ძალისმიერ პოლიტიკას. ძალიან ძნელია აქ პრორუსული სენტიმენტების გენერირება. არ ვგულისხმობ კონკრეტულ რეგიონებს, ვგულისხმობ მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

ჩვენ ძალიან მაღალი ყურადღებით არა მხოლოდ ვაკვირდებით, არამედ ვსწავლობთ. ყველაზე კარგი ფორმა და ფორმულა ამასთან გამკლავების არის ობიექტური ინფორმაციის გავრცელება. ამაზე უკეთესი ფორმულა არც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მოუფიქრებიათ. სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა არის მძლავრად დაფინანსებული მანქანა, რომელმაც შეაღწია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წამყვან დემოკრატიებში შეიძლება განხილვის თემა ყოფილიყო რუსეთის შესაძლო ჩარევა შიდა პროცესებში, დღეს ეს არის მოცემულობა.

ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ამ თემებზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ. ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საფრთხეების განეიტრალება და აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და კანონდარღვევებზე გვაქვს ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თბილისში 5 და 6 სექტემბერს იმართება ორდღიანი საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა.

5 სექტემბერს, მედიაფორუმის გახსნის დაწყებამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კერძოდ - „თავისუფალმა ზონამ“ (მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა), სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“, აგრეთვე სხვადასხვა გაერთიანებამ, რომლებიც საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას უჭერენ მხარს და ლგბტ-ს უფლებების დასაცავად გამოდიან - ქუჩაში, სასტუმრო „ვერე პალასთან“, სადაც ფორუმი მიმდინარეობს, ხმაურიანი საპროტესტო აქცია ჩაატარეს (ვიდეო იხ. აქ). აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მედიაფორუმი რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თეატრალიზებული პერფორმანსი - პლაკატებით, ანსამბლით და გაშლილი სუფრით - შარჟია საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც სწორედ ასე ხვდება „ოკუპანტებს და პუტინის მონებს“, რომლებიც საქართველოში მის პოლიტიკას ატარებენ.

მედიაფორუმზე საქინფორმის აკრედიტებული ჟურნალისტი მუშაობს, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდის მისი მუშაობის და ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ.