რედაქტორისგან
სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დადებითი მხარეებიც აქვს - არნო ხიდირბეგიშვილის კომენტარი სააგენტო News Front-ს

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი.
საქინფორმის
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: „სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქციას, რომელმაც სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, სასიამოვნო ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვერ უწოდებ, მაგრამ არც მოულოდნელი სიურპრიზის დარქმევა შეიძლება.

საქართველო სირიაში კოალიციის ძალებს უჭერს მხარს აშშ-ის მეთაურობით, რომლებიც, პრაქტიკულად, იქ რუსეთსა და მის მოკავშირეებს უპირისპირდებიან; საქართველომ, მის ტერიტორიაზე არსებული ნატოსთან ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის კვალდაკვალ, მაისის ბოლოს აშშ-სთან ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრი გახსნა; საქართველო ფორვარდია ნატოს მიერ გაშლილ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების დოქტრინაში; საქართველო შეუერთდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებმაც ე.წ. სკრიპალების „მოწამვლის“ საქმის გამო რუსი დიპლომატები გააძევეს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიუხედავად, საქართველოში რფ-ის ინტერესთა სექციაში რუსი დიპლომატების რაოდენობა, ჩემი ინფორმაციით, უწინდებური დარჩა).

რუსეთმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირით არაერთხელ გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს მიმართ ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუმცა ყოველთვის გაგებით უსვამდა ხაზს, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, იმიტომ რომ „ხელებს უგრეხდნენ“ (დასავლეთს გულისხმობდა).

როგორი იქნება რუსეთის შემდგომი საპასუხო ადეკვატური ზომები, რთული სათქმელია. გაგრძელდება თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის სხვა მოკავშირეების მიერ, მაგალითად - სერბეთის? განიხილება თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ან პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტები, თუკი საქართველოში აშშ-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განთავსდება ანდა აქ მუდმივად განალაგებენ ნატოს კონტინგენტს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში? თუ საქართველოს МАР-ს მისცემენ ან, სულაც, ნატოში მიიღებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე?

თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია - სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ამ არაბული რესპუბლიკიდან საქართველოში მიგრანტების ტალღას შეაჩერებს. საქართველო ისედაც „იგუდება“ არაბული და აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსული არალეგალური და ლეგალური მიგრანტებისგან, რომლებიც ფინანსურად პრევალირებენ საქართველოს უქონელი მოსახლეობის ძირითად მასაზე და ამიტომ თავისი ბიზნესის - ძირითადად, ბარებისა და სასტუმროების - გახსნისას უპირატესობით სარგებლობენ, აგრეთვე საუკეთესო მიწის ნაკვეთებსა და სახლებს ყიდულობენ. ბოლო ხანებში გახშირდა მიგრანტების მიერ ადგილობრივი მცირეწლოვნების გარყვნის და გაუპატიურების ფაქტები, ასევე არასრულწლოვანთა შორის მიგრანტების მიერ წახალისებული პროსტიტუციისა და ნარკომანიის ფაქტები. საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს მიგრანტების უაღრესად გამომწვევი საქციელიც, ხოლო პოლიცია, როგორც წესი, უცხოელების მხარეს იკავებს. როგორი იქნება აქ სირიიდან ჩამოსული დევნილების შემდგომი ბედი? მოხდება თუ არა მათი უკან დეპორტაცია? ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დადებით მომენტებს უნდა მივაკუთვნოთ აგრეთვე ნარკოვაჭრობის, ნარკოტრანზიტისა და ტერორიზმის საფრთხეების შემცირება. როგორც ცნობილია, პანკისის ხეობის ბევრი მკვიდრი, ისევე, როგორც დსთ-ს ბევრი მოქალაქე, სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ისლამური სახელმწიფოს მხარეზე. მათი ნაწილი ბრუნდება, მათთან ერთად კი საქართველოში თურქეთის გავლით ბევრი სირიელი მიგრანტი ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ მათ ძალზე კომფორტული პირობები მოუმზადა - კომპაქტური საცხოვრებლები 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების დონეზე, და საბუთების აუცილებელი პაკეტებით უზრუნველყო. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მიგრანტები საქართველოს მოქალაქეობასაც მიიღებენ (ზოგიერთმა უკვე მიიღო კიდეც), მათ ამ პროცესის დაჩქარება შეუძლიათ, თუკი აქ დაოჯახდებიან (საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდებიან) და უძრავ ქონებას შეიძენენ. და ეს ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის ფონზე საზღვარგარეთ სამუშაოს საშოვნელად, რაც შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით იქნა პროვოცირებული.

მაშ, ვისთან მოგვიწევს მომავალში ცხოვრება ჩვენ, 2-მილიონიან საქართველოში დარჩენილ ავტოქტონურ მოსახლეობას?! ვინ არიან სინამდვილეში სირიიდან მიგრანტები - საბრალო დევნილები თუ ტერორისტები, ჯაშუშები, ნარკომოვაჭრეები, მოძალადეები, უბრალოდ თაღლითები? მათ შორის, არა მკვიდრი სირიელები, არამედ სირიაში ადრე მცხოვრები მოქალაქეები დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნიდან? რამდენად აგრესიულად მოიქცევიან ისინი მომავალში და რა ჭეშმარიტი მიზნებით ჩამოვიდნენ მუდმივად საცხოვრებლად სწორედ საქართველოში?“

იხ. ვიდეოინტერვიუს სრული ვერსია სერგეი ვესელოვსკის პროგრამისთვის Мнения - სააგენტო News Front