საქართველოს საგარეო უწყებამ სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერო-სა და ეგვიპტეში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური ნოტა გადასცა
აქტუალური
საქართველოს საგარეო უწყებამ სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერო-სა და ეგვიპტეში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური ნოტა გადასცა

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პირველ ივნისს სირიის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადაეცა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან.

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით .. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონებისაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ შეწყვიტასაქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე“ 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა 2018 წლის პირველ ივნისს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაეცა სირიის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცნობა ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.