ლევან დადუნაშვილის მამამ გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე” მონაწილეებს მიმართა
საზოგადოება
ლევან დადუნაშვილის მამამ გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე” მონაწილეებს მიმართა

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა დავით დადუნაშვილი მივიდა. როგორც ლევან დადუნაშვილის მამამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არ შეეძლო, აქციაზე არ მისულიყო. მისივე თქმით, მთავრობა არ უარყოფს, რომ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში უყურადღებობაა დაშვებული.

ამასთან, დავით დადუნაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას წინა დღეს აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყველას მადლობას გეტყვით. მე პრემიერთან ვიყავი შეხვედრაზე და არ შემეძლო, არ მოვსულიყავი აქ . მაჩალიკაშვილიც და ზაზაც სიმართლეს ეძებენ. ის სიმართლე მათ აუცილებლად უნდა გაიგონ. უყურადღებობა რომაა დაშვებული, ამას მთავრობა არ უარყოფს. მიმაჩნია, რომ ამას გამოასწორებენ.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ეს მქონდა გულში. ნინო ლომჯარიას მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით, მან ამ საქმეზე ბევრი გააკეთა. ქართველი კაცები და ახალგაზრდები იმით გამოირჩევიან, რომ ქალების მიმართ მიმტევებლები უნდა ვიყოთ, ეს მინდოდა აღმენიშნა. თქვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ლევან დადუნაშვილის მამამ.

„სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე” - ამ ლოზუნგით გამარჯვების პარკში აქცია იმართება. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ.