რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში რუსეთი აირჩიეს - NDI-ს კვლევაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივით №66-6G პასუხობს

      2018 წლის 17 იანვარს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომლებიც ქართველი საზოგადოების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა:
    პირველი - საერთაშორისო ურთიერთობის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI, USA) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა;
    მეორე - საქართველოში აშშ-ის საელჩომ თავის ფეისბუქგვერდზე საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
   ხელისუფლებამ უგულებელყო NDI-ს კვლევის შედეგები, როგორც არასანდო. „ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ისინი ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ - როგორც არჩევნების თვალსაზრისით, ისე სხვა მიმართულებებითაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
   ხალხმა ყურადღება არ მიაქცია იმ ამერიკული ინსტიტუტის მორიგ საეჭვო ოპუსს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც კი გამარჯვებას სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველებდა. მით უმეტეს, რომ საველე სამუშაოების ჩასატარებლად NDI-მ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС) მიიწვია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში.
   ოპოზიცია ამჯერად ორიოდე დუნე შენიშვნით შემოიფარგლა „საქართველოში რუსული პროპაგანდის შედეგად პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის ზრდაზე“, ხოლო კვლევის შედეგების პრეზენტაცია, საერთოდ, ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა, მხოლოდ ტელეკამერებისა და რამდენიმე ჟურნალისტის თანდასწრებით.
   კიდევ უფრო ყალბად, ვიდრე NDI-ს „გამოკვლევის“ შედეგები, ჟღერდა იან კელის ზემოხსენებული ვიდეომიმართვა სახელწოდებით „რატომ მიყვარს თბილისი“. ამერიკელი ელჩები - მენტორები ხომ საქართველოს მოსახლეობას ტრადიციულად მიმართავდნენ, როგორც მისიონერები - ველურ აბორიგენებს, რომლებსაც ელემენტარული ჰიგიენის და „დემოკრატიის“ სხვა წესების დაცვა უნდა აიძულო! ამიტომ კელის მოულოდნელად „გულითადი“ აღიარება - რომ 40 წლის შემდეგ ის უწინდებურად აღფრთოვანებულია მულტიეთნიკური თბილისით და თბილისელებისგან ტოლერანტობას, დამოუკიდებლობას, გულთბილობას და სიამაყეს სწავლობს - ყურს მაგრად „ჭრიდა“...
   თუმცა ზემოთ მითითებული ორი ეპიზოდის თარიღი შემთხვევით სულაც არ დაემთხვა - ისინი ურთიერთდაკავშირებულია, რადგან ლენგლიში, აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში (Central Intelligence AgencyCIA) ერთსა და იმავე კაბინეტში მომზადდა 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, დირექტივაზე №66/6-G მუშაობის პროცესში. სწორედ ამიტომ NDI-ს მიერ 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მხოლოდ თვენახევრის შემდეგ - 2018 წლის 17 იანვარს გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ვიდეომიმართვის განთავსებასთან ერთდროულად.

ორიოდე სიტყვა ცნებებზე

   სანამ დირექტივაზე №66/6-G მოგიყვებით, მინდა, მკითხველს ილუზიები გავუფანტო ორ ფუძემდებლურ ცნებასთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველ საზოგადოებაში ორი პრეზიდენტის - შევარდნაძისა და სააკაშვილის წყალობით ჩამოყალიბდა.
   პირველი ცნება - „მეგობრობა“. „ჩემი მეგობარი“, „ჩვენი მეგობრები“ - შევარდნაძისა და სააკაშვილის ყველა გამოსვლაში რეფრენად ჟღერდა. ასე უწოდებდნენ ისინი აშშ-ის პრეზიდენტებს და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს, მსოფლიოში ცნობილი დასავლური ინსტიტუტებისა და ფონდების დირექტორებს, ეს უკანასკნელნიც ამითვე პასუხობდნენ.
თუმცა, ცნება „მეგობრობას“ დასავლეთში და საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსი „მეგობარს“ გიწოდებთ, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ან თქვენი ქვეყნის ტერიტორია სჭირდება, რომ იქ სამხედრო ბაზა ააშენოს, ანდა მისი ბუნებრივი სიმდიდრეები, მაგალითად - ნავთობი.
ქვეყნები, რომელთა ხელისუფლებები ამერიკელების პირობებს თანხდებიან, აშშ-ის ვასალები ხდებიან (პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები), ხოლო ვინც არ ნებდება - მტრები, რომლებიც მოსაშორებელია ომებით და „ფერადი რევოლუციებით“ (ან დაუყოვნებლივ. როგორც დსთ-ს, აღმოსავლეთის და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა, ან გარკვეულ ხანში, ძალების მოკრების შემდეგ - ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რუსეთი, ჩინეთი).
ვასალი ან მტერი - სხვა ვარიანტებს ამერიკელი პოლიტიკოსის ტვინი არ ითვალისწინებს, ერთ ნაბიჯზე უფრო შორს განჭვრეტაზე ის გათვლილი არ არის!
   მეორე ცნება - „აშშ“. საქართველოში დამკვიდრდა მცდარი მოსაზრება, რომ აშშ - თანამედროვე ძლიერი სუვერენული სახელმწიფოს კლასიკური მოდელია, ეტალონი, რომელთან მიახლოებას ყველა უნდა ესწრაფოდეს. პრეზიდენტ ტრამპის წყალობით უეცრად აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში აშშ-ს უამრავი მმართველი ჰყავს (ამ ლუსტრაციაში, და კიდევ რევოლუციურ საგადასახადო რეფორმაში მდგომარეობს ტრამპის ორი მთავარი მიღწევა პრეზიდენტობის პირველ წელიწადს. სწორედ ამის გამო ამოქმედდა მის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში გამოცდილი „შავი პიარი“ – „კრემლის ოკუპანტების პრორუსი აგენტის“ და „სისხლისმსმელი პუტინის მეგობრის“ სტიგმა).
აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკას რეალურად მართავენ პრეზიდენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, პენტაგონი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) და დოლარი კორპორაციებისა და ბანკების სახით. ყველა ჩამოთვლილი ინსტიტუტი ხშირად უგულებელყოფს აშშ-ის ჭეშმარიტ სახელმწიფო ინტერესებს, მუდმივი კონკურენციის რეჟიმში იმყოფება და ერთმანეთს დეზინფორმაციით კვებავს, ამიტომ ერთიანი ცნება „აშშ“ დღეს არ არსებობს. (შეგახსენებთ, საქართველომ ტერიტორიების 20% იმიტომ დაკარგა, რომ სახელმწიფო მდივანი რაისი საგანგებოდ ჩამოფრინდა თბილისში 2008 წლის ივლისში სააკაშვილის გასაფრთხილებლად - არ გაებედა სამხრეთ ოსეთში ომის დაწყება, ორი კვირის შემდეგ კი მისმა ქვეშევრდომმა - საქართველოში აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა ჯონ ტეფტმა - სააკაშვილს ამ სამხედრო ავანტიურაზე კურთხევა მისცა.)
   ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან გადაწყდა, საქართველო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მმართველობის ქვეშ გადაეცათ, რომლის მზვერავი თბილისში ჯერ კიდევ 40 წლის წინ იქნა შემოგზავნილი, როგორც სტუდენტი, სახელად „იან კელი“.

დირექტივა №66/6-G

   რატომ აღმოჩნდა საქართველო CIA-ს კომპეტენციაში და რას ნიშნავს დირექტივა №66/6-G?
   2017 წლის დეკემბერში მიღებული დირექტივა №66/6-G გახლავთ აშშ-ის CIA-ს საქართველოში მოქმედების 2018 წლის გეგმა.
   აშშ-ის CIA-ს კომპეტენციაში საქართველოს გადაცემა კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ს თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ინსტიტუტმა, საქართველოს ისეთმა „მეგობრებმაც“ კი, როგორიც ჯონ მაკკეინია, მის მიმართ ინტერესი დაკარგეს: აშშ-ს არაფერი ესაქმება სხვადასხვა ქვეყანაში „ფერად რევოლუციებთან“! - პირველ რიგში განაცხადა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა. ამიტომ CIA-მ იკისრა, დაერწმუნებინა ტრამპი, გრანტების გამოყოფა გაეგრძელებინა „რუსულ რბილ ძალასთან“ ბრძოლისათვის „კრემლთან ჰიბრიდულ ომში“ გასამარჯვებლად. ერთადერთი მიზნით - საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნზ, რასაც პენტაგონი პრობლემურად მიიჩნევს ქართველ საზოგადოებაში CIA-ს აგენტ სააკაშვილის უკრაინაში გადაბარგების შემდეგ შექმნილი „არახელსაყრელი ატმოსფეროს“ გამო.
ამ ამოცანას CIA წარმატებით გაუმკლავდა - დოლარები ვაშინგტონიდან და ევროები ლონდონელი პარტნიორებისგან მტკვარივით ისევ წამოვიდა თბილისისკენ კარგად აპრობირებული სქემით

რაში სჭირდება აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოში

  
«Русский с китайцем — братья навек!» - ეს პირველი სტრიქონია სიმღერისა „მოსკოვი - პეკინი“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც «Сталин и Мао слушают нас», 1949 წელს ქართველმა კომპოზიტორმა ვანო მურადელმა დაწერა პოეტ მიხაილ ვერშინინის ლექსზე და მას შემდეგ ამერიკისთვის რეკვიემივით ჟღერს...
   2011 წლის 4 აპრილს News24.az-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მე განვაცხადე: „ყველა რევოლუცია, რომლებიც „არაბული გაზაფხულის“ სახელწოდებით არის ცნობილი, აშშ-ს მიერ იყო პროვოცირებული ერთადერთი მიზნით - ხელი შეეწყო ისლამური სამყაროს სახელმწიფოთა ახალ არაბულ სახალიფოში გაერთიანებისთვის ჩინეთის საპირწონედ. ჩინეთის დიდი კედლის წინაშე აღმართულმა გაერთიანებული ისლამური სახელმწიფოებისგან შექმნილმა ფუნდამენტურმა ბარიკადამ, ვაშინგტონის იდეით, უნდა გაანეიტრალოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თვალდათვალ მზარდი ძლევამოსილება და აშშ მისგან დაიცვას. ამ პროექტის დაწყებით აშშ გარკვეულ დროს მოიგებს, მაგრამ შემდგომში ახალი არაბული სახალიფოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაჯახების მცდელობა, შესაძლოა, კრახით დამთავრდეს“.
   ასეც მოხდა: ამერიკამ შექმნა ახალი არაბული სახალიფო - ისლამური სახელმწიფო (ISIS), მაგრამ სირიაში მისი განადგურების შემდეგ ამერიკას უწინდებურად ეშინია ჩინეთის - ეკონომიკის განვითარების ბობოქარი ტემპების გამო, და კიდევ რუსეთის - რაკეტებისა და ატომური იარაღის გამო. ჩინეთს საკმარისი სამხედრო რესურსები არა აქვს, რუსეთს კი - ეკონომიკური, იმისათვის, რომ ცალ-ცალკე დაუპირისპირდნენ აშშ-ს, მაგრამ კავშირში ისინი ერთმანეთს ავსებენ, ამასთან, რუსეთს ჩინეთში ნავთობი გააქვს, ჩინეთი კი აშშ-ის ხაზინის ფასიანი ქაღალდების საკონტროლო პაკეტს ფლობს - 1,25 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციებს.
ამიტომ აშშ-ის მიზანია - ხელი შეუშალოს ჩინეთისა და რუსეთის კავშირს, აგრეთვე ჩინეთის პარტნიორობას ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც რაიმეთი მაინც უწყობს ხელს ჩინური ეკონომიკის განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო.
ღმერთმა რუსეთს ნავთობი მისცა, საქართველოს კი - გეოსტრატეგიული ტერიტორია, ამიტომ საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნით აშშ:
1 - პრობლემებს შეუქმნიან რუსეთს შავ ზღვაზე და ჩრდილოეთ კავკასიაში;
2 - პრობლემებს შეუქმნიან საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობას პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ ფარგლებში;
3 - სრულ კონტროლს დაამყარებენ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ ევროპაში მიმავალ მილსადენებზე;
4 - სრულ კონტროლს დაამყარებენ ახლო რმოსავლეთიდან საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ ევროპაში მიმავალ ნარკოტრანზიტზე;
5 - გააკონტროლებენ ახალ რკინიგზას „ყარსი-ახალქალაქი-ბაქო“, რომლის გამოყენებით შეძლებენ სამცხე-ჯავახეთში შეტაკებების, ხოლო ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომის პროვოცირებას კონფლიქტებში რუსეთის ჩასათრევად.

ლორა ტორნტონის ტორტი

   საერთაშორისო ურთიერთობათა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
– „განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის წინ წაწევისთვის“ აშშ-ის მთავრობის მიერ შექმნილი და დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ დაფინანსებული ამერიკული ორგანიზაცია.
   დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) - აშშ-ის კონგრესის მიერ „მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით დაფუძნებული ამერიკული ორგანიზაცია. როგორც NED-ის დამფუძნებელმა ალენ ვაინშტაინმა 1991 წელს აღიარა, „ბევრი რამ იქიდან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადრე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საქმე იყო“.
   NDI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - ჩეხი ებრაელი იანა კორბელოვა, მსოფლიოში ცნობილი, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა იუგოსლავიის დაბომბვას.
   NDI „აზრის ფაბრიკას“ (brains trust) წარმოადგენს, იმიტომ რომ მისი „გამოკვლევები“ სინამდვილეში საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევს, არამედ იმ რეალობის მოდელირებას ახდენს, რომლის ხილვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და CIA-ს უახლოეს მომავალში სურთ, ანუ - სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს დამკვეთთა სურვილისამებრ და მათ სასარგებლოდ ერთი ნაბიჯით წინ აყალბებს (უფრო შორს ამერიკელ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ტვინები, როგორც უკვე ითქვა, „ვერ ქაჩავენ“). ამ ხელმრუშობით იყო დაკავებული საქართველოში NDI-ს წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო, ასეთივე „ტორტებს“ აცხობს მისი მემკვიდრე ლორა ტორნტონიც.

საქართველოს მოქალაქეები რუსეთს ირჩევენ

   NDI-ს მიერ საქართველოში 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის რეალური შედეგების მიღების შემდეგ CIA-ში აღშფოთდნენ - აშშ-ის მიერ საქართველოში ანტირუსულ პროპაგანდაზე დახარჯული ასობით მილიონი დოლარის მიუხედავად, საქართველოს „უმადური“ მოქალაქეები ხელისუფლებას არა აშშ-სა და ნატოსთან ვასალურ კავშირს უკვეთენ, არამედ რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან მეგობრობას!
თავისი ჩავარდნის როგორმე გამოსასწორებლად CIA-ს პიარ-ტექნოლოგებმა გადაწყვიტეს, აშშ-ის იმიჯი საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადათ: „ამერიკა ადამიანური სახით“ - პირობითად ასე დაარქვეს დირექტივას №66/6-G, რომელიც საქართველოში რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. მათგან პირველი გახლდათ აშშ-ის ელჩის იან კელის ზემოთ ხსენებული „გულისამაჩუყებელი“ ვიდეომიმართვა და NDI-ს გამოკვლევის პარალელურად გამოქვეყნებული შედეგები, რომლებიც, ამერიკის მთავარი დაზვერვის შტაბბინაში რევიზიის შემდეგაც კი, „უმადური ქართველების ერთმორწმუნე რუსი ძმებისკენ სწრაფვაზე“ მეტყველებს.
   აი, როგორ გამოიყურება ციფრები NDI-ს ბოლო „გამოკვლევაში“ მათი ლენგლიში დამუშავების შემდეგ:
   - გამოკითხულთა 29% საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ შესვლის მომხრეა, ხოლო 60% - ევროკავშირში (1 წლის წინ, NDI-ს 2016 წლის გამოკვლევაში პროპორცია გახლდათ, შესაბამისად, 20% - 77%-ზე, ხოლო 2015 წლის გამოკვლევაში „ევრაზიულ კავშირში“ შესვლას გამოკითხულთა 31% ემხრობოდა, 41% - წინააღმდეგი იყო).
   ჩემი კომენტარი: 1 - ევროკავშირი არასოდეს დაჰპირებია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ორგანიზაციის წევრობას - მხოლოდ ევროსაბჭოს წევრობას, ასოცირებას და ვიზალიბერალიზაციას. ამიტომ შეკითხვა საწყისშივე უაზროა;
2 – „ევრაზიული კავშირის“ და ევროავშირის დაპირისპირება, ანუ არჩევანის წინაშე დაყენება - ან რუსეთი, ან ევროპა - არაკორექტულია, იმიტომ რომ რუსეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინაამღმდეგი არ არის;
3 - შეკითხვა ამერიკულად უმეცრად არის დასმული - „ევრაზიული კავშირი“, რომელიც წევრი ქვეყნების სრულფორმატიან ინტეგრაციას ითვალისწინებს, ჯერ ბუნებაში არ არსებობს! დღეს არსებობს მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (ЕАЭС);
4 - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ფასეულობა ასოცირდება მხოლოდ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობასთან დაბალკვალიფიციური შრომით არალეგალური საშოვარისთვის. დანარჩენი „ევროპული ფასეულობები“ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცხოა.
   - გამოკითხულთა 26%-სთვის საქართველოს ნატოში შესვლა მიუღებელია, 64%-სთვის - მისაღებია (NDI-ს 2016 წლის გამოკვლევაში პროპორცია იყო 19% - 68%).
   ჩემი კომენტარი: 1 - ნატოში არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველო ალიანსის სტანდარტებს ჯერჯერობით არ შეესაბამება, ხოლო გაურკვეველ მომავალში მისი მიღებისთვის აუცილებელი იქნება ალიანსის ყველა წევრის თანხმობა. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო აღიარებს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც რუსეთმა ხელყო“, წესდების მე-5 პარაგრაფი კი ტერიტორიული პრობლემების მქონე ახალი წევრების მიღებას კრძალავს, საქართველოს მიღება ორგანიზაციის წესდების დარღვევას და რუსეთთან ნატოს კონფლიქტს ნიშნავს, რაზეც ალიანსის არცერთი წევრი - ქვეყანა არ წავა;
2 - შეკითხვების დასმის საგანგებო მეთოდიკით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება NDI-ს საფირმო საიდუმლოა ანგაჟირებულ გამოკითხვებში საჭირო პასუხების მისაღებად - მაგალითად, „ნატოს წევრობა მისაღებია“ სულაც არ ნიშნავს „ალიანსში საქართველოს შესვლის მომხრეა“, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მომდევნო შეკითხვაზე პასუხებმა, კერძოდ:
   - გამოკითხულთა 41%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია, 15%-ს - რომ რუსეთი და აშშ თანაბრად ძლიერები არიან, ხოლო 36%-ს - რომ აშშ რუსეთზე ძლიერია (NDI-ს 2016 წლის გამოკვლევაში შეკითხვაზე - რომელი ორგანიზაცია ან ქვეყანა უზრუნველყოფს ყველაზე უკეთ საქართველოს უსაფრთხოებას? – 13%-მა რუსეთი დაასახელა, 10%-მა - აშშ, 23%-მა - ნატო, 13%-მა - ევროკავშირი).
   ჩემი კომენტარი: 64%-ს არ შეუძლია, საქართველოს ნატოში შესვლა უნდოდეს, თუკი გამოკითხულთა უმეტესობა - 41% - რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერად მიიჩნევს, რაც ცოტა ხნის წინ პენტაგონმა ორჯერ ოფიციალურად დაადასტურა და საპირისპიროდ სასწრაფოდ წარმოადგინა აშშ-ის ახალი ბირთვული დოქტრინა! არალოგიკურია აპრიორი უფრო სუსტი სამხედრო მოკავშირის არჩევა, როცა შეგიძლია, უფრო ძლიერი აირჩიო, რომელმაც სირიაში ისლამური სახელმწიფო დაამარცხა.
  
- გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ის აზრით - სწორი მიმართულებით, ხოლო 32% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება.
   ჩემი კომენტარი: ანუ 2 298 გამოკითხულიდან უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არის დეკლარირებული, როგორც უალტერნატივო. და მათი რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა, თუკი NDI თავს შეიწუხებდა და „პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით“ აფხაზებსა და ოსებს გამოჰკითხავდა, და არ ჩაატარებდა „გამოკვლევას ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით“.

რეზიუმე: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მიერ ჩასწორებულ ციფრებს რომც დავუჯეროთ და ისიც ვირწმუნოთ, რომ NDI-ს კვლევის ცდომილება +/- 1,9%-ს შეადგენს, დღეს საქართველოში „პრორუსულად“ განწყობილია 30% - 40%. მოქალაქეთა ასეთი რაოდენობის სულელებად, „სოვოკებად“ და „პუტინის ჯაშუშებად“ გამოცხადება, დაშინება, დაპატიმრება, წამებით სულის ამოხდა ან უბრალოდ დახოცვა, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, უკვე აღარ გამოვა.

 


საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 29 იანვარი
საქართველო, თბილისი

ამ თემაზე აგრეთვე წაიკითხეთ: ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში