ახალი წლის დამდეგს გაზეთმა „Известия” ორი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხებოდა. ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და ტურიზმში მიღწევების მიუხედავად, პოლიტიკური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, სამწუხაროდ, უწინდებურად ჩიხშია, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც, მიუხედავად ამისა, გამოთქვამს „სურვილს, ოპტიმისტი იყოს“ და მომავალ წელს „ამ მოჯადოებული წრიდან გასასვლელი გზების მოძებნას“ იმედოვნებს.
ოპტიმიზმს არც რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კარგავს, რომელსაც იმედი აქვს, რომ 2018 წელს რუსეთი შეძლებს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის გაგრძელებას და ვაჭრობაში, ტრანსპორტსა და ტურიზმში მიღწეული პოზიტიური ტერდენციების განვითარებას, „რაც ორმხრივი კავშირის განმტკიცებას შეუწყობს ხელს“. „მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს“, - ხაზს უსვამს მინისტრის მოადგილე, მაგრამ ამავე დროს „განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის და ნატოს სხვა წევრების ძალისხმევის გამო საქართველოს მილიტარიზაციის მიმართულებით“: „დასანანია, რომ მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარების ნაცვლად თბილისი აქტიურად ჩაერთო რუსეთის შეკავების ნატოსეული სტრატეგიის რეალიზაციაში. საქართველოს უსაფრთხოებას ეს ნამდვილად არ განამტკიცებს“, - განაცხადა კარასინმა.
მაშ ასე, 2018 წელს 10 წელი სრულდება 08.08.08. ომიდან, რომლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა მხარეთა წარმომადგენლები დღემდე ერთადერთ ფორმატში უწინდებურად აფიქსირებენ მთავარ საკითხზე შეუთანხმებლობას და, ამავე დროს, აღნიშნავენ წარმატებებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებში.
აქ მკითხველს, შესაძლოა, რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული შეკითხვა დაებადოს, კერძოდ:
1. კარასინის „განსაკუთრებული შეშფოთება“ გამოწვეულია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების ნატოსეულ დოქტრინაში საქართველოს მონაწილეობით და აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების „Javelin“-ების შესყიდვით, იმიტომ რომ ეს რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება? თუ როდესაც „Известия“-სთან აცხადებს, რომ „საქართველოს უსაფრთხოებას ეს ნამდვილად არ განამტკიცებს“, კარასინი უფრო საქართველოზე წუხს?
2. რა გადაწყვეტილების პოვნას იმედოვნებენ კარასინი და აბაშიძე, როცა „მოჯადოებული წრიდან გამოსავალზე“ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მიზნით პრაღაში მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ?
3. ნუთუ აშშ-ს პოლიტიკა ერთადერთი დაბრკოლებაა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ორი მართლმადიდებელი მეზობლის შერიგების გზაზე?
მაშ ასე, პირველი შეკითხვის შესახებ: კარასინი გულისხმობს, რომ საეჭვოა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკულმა და ფრანგულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა საქართველო დაიცვან, აი, რუსეთის სამიზნედ კი თავისუფლად შეუძლიათ, გადააქციონ. მკითხველს შევახსენებ, რომ 2008 წელს რუსეთის არმიისგან საქართველო უკრაინისგან შესყიდულმა უფრო ეფექტიანმა და მრავალმიზნიანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმაც კი ვერ იხსნეს - ამერიკელი სამხედროების ჯგუფის მიერ შერჩეულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „Бук-М1“, გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „Стрела“ და „Игла“, აგრეთვე საბრძოლო მოდულებმა „Шквал“, ზალპური ცეცხლის სისტემებმა „Град“ და ტანკებმა „Т-72“.
რუსეთის გამაღიზიანებელი „Javelin“-ი, რომლებითაც შესაძლებელია ტანკის, ჯავშანმანქანის ან დაბლა მფრენი საფრენი აპარატის განადგურება, აგრეთვე ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „VL MICA“ 10 კმ სროლის მაქსიმალური სიშორით და 9 კმ სიმაღლით, შესაძლოა, რუსეთის მიერ ძალის გამოყენების პროვოცირება მოახდინონ, მერე კი მიდით და ამტკიცეთ - პროპორციული იყო ის, თუ არა! მსუბუქი შეიარაღებით ბრძოლის საუკეთესო პროფესიონალები - ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - აშშ-მა ასევე მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით შეაიარაღა, მაგრამ სირიაში რუსული არმიისგან ამან ისინი ვერ იხსნა. ამიტომ „მშვიდობისკენ იძულების“ 5-დღიანი ოპერაცია აღარ იქნება - რუსეთმა გაითვალისწინა მასშტაბითა და ხანგრძლივობით შეუფარდებადი ქართული და სირიული საომარი კამპანიების გამოცდილება და ამჯერად საათზე მეტს არ დახარჯავს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სამხედრო ობიექტის გასანადგურებლად, რომელიც თუნდაც უმნიშვნელო საფრთხეს წარმოადგენს - აეროდრომების და ავიაციის, საზღვაო პორტების და კატარღების, მაგრამ პირველ რიგში - ბაზების, ნატოსთან და აშშ-სთან ერთობლივი საბრძოლო მომზადების სასწავლო ცენტრების, აგრეთვე თბილისის მახლობლად დისლოცირებული ლუგარის ლაბორატორიის.
მაგრამ არა მგონია, საქმე კონფლიქტამდე მივიდეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია არა მარტო შეიარაღება, არამედ ისიც, ვის ხელშია იგი. თუკი ჩვენ, ქართველებსა და ამერიკელებს, რამე გვაერთიანებს, ეს არის გარეგნული ეფექტების, ანტურაჟისადმი სიყვარული - ამერიკელებმა შემთხვევით როდი აჩუქეს მსოფლიოს ჰოლივუდი, ხოლო ქართველებმა - გასაოცარი თეატრები! აშშ-სა და ნატოსთან ჩვენი ერთობლივი სამხედრო სწავლებები, ყოველგვარი „მებრძოლი სულები“ და „ღირსეული პარტნიორებიც“ კი (Agile Spirit, Noble Partner) გრანდიოზულ შოუს გვაგონებს - გახსნისა და დახურვის ცერემონიები ემოციური სპიჩებით „ნატოური ძმობის ისტორიულ მნიშვნელობაზე“ და ავღანეთში ქართული კონტინგენტის გმირობისთვის მადლიერებაზე; ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები სწავლებათა მონაწილეებისთვის და მათი დაჯილდოებები, რა დროსაც სამხედრო მოსამსახურეები და ტექნიკა საქართველოს, აშშ-სა და ნატოს დროშებით მხატვრულ სურათს ქმნიან, როგორც მასობრივი სცენა თეატრში, და ასე შემდეგ.
მორჩა, სულ ეს არის! საქართველო არავითარ რევანშისტულ გეგმებს არ სახავს და მეზობლებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. აი, ანტიტერორისტული ოპერაცია რუსული სპეცდანაყოფების მონაწილეობით ან მათთან მჭიდრო ურთიერთქმედებით სავსებით შესაძლებელია, თუ ბოლო ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, რომელსაც ტერორისტების რუკაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია...
მეორე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველს მხარეთა „რკინაბეტონის“ პოზიციებს შევახსენებ: რუსეთის - „საქართველო ნატოში არ უნდა შევიდეს; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“; საქართველოსი - „საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია ნატოში და ევროკავშირში შესვლაზე უალტერნატივოა და რევიზიას არ ექვემდებარება; საქართველო რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღადგენს, სანამ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ გაიწვევს და იქიდან საოკუპაციო ჯარებს არ გაიყვანს“.
ამ ჩიხურ სიტუაციაში დიპლომატია „ისვენებს“, მაგრამ ეს დროებითია, სანამ კომპრომისისთვის სივრცე არ გამოჩნდება. შორს არ არის დღე, როდესაც აშშ იძულებით დატოვებს დაუმორჩილებელ კავკასიას. დახარჯული უზარმაზარი სახსრების მიუხედავად, ამერიკამ მაინც ვერ მოახერხა აზერბაიჯანსა და სომხეთში დამკვიდრება. რაც შეეხება საქართველოს, ვაშინგტონში ყოველდღიურად იზრდება მისი ხელისუფლებით უკმაყოფილება, რომელიც ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად აჩვენებს „ხასიათს“ - ხან უნდა, კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს დასავლური პროპაგანდის მთავარი რუპორი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის დახმარებითაც აშშ-მა საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ მოაწყო; ხან განახლებულ კონსტიტუციაში შეაქვს ჩანაწერები, რომლებიც დასავლური დემოკრატიის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება - კერძოდ, ოჯახზე, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირზე, ანდა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე; ხან გაეროში მხარს არ უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე; ხან „ამერიკულ ბიზნესს ჩაგრავს“ კომპანიების „Philip Morris“, „Frontera Resources“ და „Georgian Manganese“ სახით, რის გამოც აშშ-ის კონგრესი დღეს განიხილავს კანონპროექტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტში დაგვიანებით უჩნდებათ ეჭვი, რომ არტისტულ ქართველ პოლიტელიტას ევროატლანტებად მოაქვთ თავი, რათა რაც მეტი ამერიკული და ევროპული გრანტები დააყრევინონ, მაგრამ გულში ეროვნული ტრადიციების ერთგული რჩებიან არანაკლებ, ვიდრე აზერბაიჯანელები და სომხები. ხელისუფლებაში წარმოდგენლებს ეს ყოველთვის შეგნებულად კი არ გამოსდის - ქვეცნობიერ დონეზე, რის საჯაროდ აღიარება არ სურთ.
რაც შეეხება ქართველ ხალხს, აქ თეთრი სახლისთვის საერთოდ ერთი დიდი თავის ტკივილია: აშშ-ის მიერ „რუსულ პროპაგანდასთან“ და კრემლის „რბილ ძალასთან“ ბრძოლაზე დახარჯული ასობით მილიონი დოლარის მიუხედავად, არტისტი და ორმაგი აგენტი სააკაშვილის გამოისობით დროებით დაკარგული ტერიტორიების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ირჩევს არა ნატოს წევრობას, არამედ რუსეთთან პარტნიორობას. როგორც თავად ამერიკელი და ისრაელელი ექსპერტები აღიარებენ, რუსულ-ქართული რენესანსი შორს აღარ არის. ამასთან, აღდგენილი მეგობრობა უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე ადრე, სსრკ-ის ხალხებს შორის ხომ არავინ ყოფილა ერთმანეთთან რუსებზე და ქართველებზე უფრო ახლოს (უდაო ისტორიული ფაქტი, რომლის ახსნა ჩვენი ერების კულტურულ კოდში უნდა ვეძებოთ).
მაშინ რა უშლის ხელს რუსეთ-საქართველოს სრულფორმატიანი პარტნიორობის აღდგენას, აშშ-ის და თბილისში მათი დაქირავებული „ტუსოვკის“ - ფსევდოლიბერალური პოლიტიკოსების, ექსპერტებისა, „ენჯეოშნიკების“ და ლგბტ-ს გარდა, ვისაც საკუთარი თავი „ახალი ქართველიბის ელიტად“ მიაქვს?
აი, ასე მივედით მთავარ - მესამე შეკითხვაზე პასუხთან. მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია ამ პრობლემას გლობალურად განიხილავს და მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხების რეინტეგრაციას ხელს უშლის რუსული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც არ ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო ეროვნული, და ვერ შეძლო ამ ხალხებისთვის ახალი ინტეგრაციული პროექტის შეთავაზება, რომელიც შეურიგებელ და დღეს ანტაგონისტურად მიჩნეულ წინააღმდეგობებს წაშლის - ეს დნესტრისპირეთი იქნება, ყარაბაღი თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. „პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ტენდენცია არსებობს: პირველი - მასების დონეზე, მეორე - ელიტების დონეზე. ხალხების ნებასთან დაკავშირებული ტენდენცია გამაერთიანებელია, ადამიანები ეძებენ ცენტრს, რომლის გარშემოც დარაზმვას შეძლებენ. ევრაზიულ სივრცეში ეს რუსეთი გახლავთ.
მეორე ტენდენცია დაკავშირებულია ელიტების არასუვერენულ ნებასთან და გარედან არის თავს მოხვეული. ლაპარაკია გამთიშავ ძალებზე, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ეროვნული სახელმწიფოების და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიების არსებობას“, - განაცხადა ჭაჭიამ გასული წლის დეკემბერში ცნობილ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში.
ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის ხელმძღვანელობის, რუსული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის მხრიდან ვერ ხედავს რაიმე სერიოზულ პროექტებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაციაზე იქნება მიმართული: „ეს ყველაფერი ამორფულია, წინდაუხედავად კეთდება. ვლადიმერ პუტინი სადღაც რაღაცას იტყვის და მთელი გუნდი, მათ შორის - დუმაში, ფაციფუცით იწყებს რაღაცის კეთებას, მერე კი ამ ყველაფერს მიატოვებენ... რუსული ელიტა რთული ფენომენია, ბევრისთვის გაუგებარი, მათ შორის - თავად ელიტისთვის... რა სჭირდება ყველა ხალხს რუსეთისგან? რომ მან გლობალიზაციის ამერიკული მსოფლიო პროექტის ალტერნატიული მსოფლიო პროექტი შეიმუშაოს და წარმოადგინოს“. - განუცხადა ჭაჭიამ haqqin.az-ს.
ჭაჭიას ინტერვიუდან რამდენიმე დღეში კი რუსული ელიტა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაკიცხა: „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ისე არაფერი უთხრის ძირს სტაბილურობას და იპარავს განვითარების რესურსს, როგორც ტყუილი, უსამართლობა, უკანონობა, როგორც კორუფციული ჟანგი და მექრთამეობა, საკუთარი ქვეყნისადმი გულგრილობა და მოქალაქეთა გასაჭირისაგან განდგომა, უსულგულობა და ქედმაღლობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს - პოლიტიკოსების, ჩინოვნიკების, ბიზნესისგან - იმათგან, ვინც თავის თავს ელიტას უწოდებს“, - განაცხადა პუტინმა „Единая Россия“-ს ყრილობაზე 2017 წლის 23 დეკემბერს.
საკითხს - როგორ და რატომ უშლის ხელს რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენას რუსეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა (ენა არ მიბრუნდება, რომ მას ინტელექტუალური ვუწოდო!) სხვადასხვა მედიასაშუალებაში ათობით პუბლიკაცია მივუძღვენი, მკითხველს მხოლოდ სამ მათგანს შევახსენებ:
„Я вам «один умный вещь» скажу, только вы не обижайтесь!“ (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, 2008 წლის ივნისი)
“მოდი ერთმანეთს სიტყვა მივცეთ“ (გაზეთი „Свободная Грузия“, 2009 წლის სექტემბერი)
"მარიხუანა და გამასხარავებული გორჩაკოვის ფონდი" („საქინფორმი“, 2015 წლის მარტი).
ამ მასალების თეზისების მოყოლას არ ვაპირებ, მხოლოდ ორ ფაქტს მოვიყვან, რომლებიც მათ საერთო ლაიტმოტივს ადასტურებს - რომ რუსული ელიტის ნაწილის და საქართველოში მისი ბინძური პარტნიორების უნიჭობამ, უგერგილობამ და კორუმპირებულობამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა არა მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას, არამედ რუსეთის იმიჯს საზღვარგარეთ.
პირველი მაგალითი: გასული წლის ივლისში საიტზე URA.RU გამოჩნდა სკანდალური მასალა „გორჩაკოვის ფონდი რუსეთს დასავლეთში ნაკლებად დაეხმარა, ვიდრე „მაშა და დათვი““, რომელშიც რუსული ექსპერტები განმარტავენ, რომ მოსკოვი „რბილი ძალის“ ხარჯებს უკვეცავს ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის პოპულარიზაცია ვერ შეძლეს, კერძოდ, სუბსიდიებს უმცირებს ა. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდს (Фонд поддержки публичной дипломатии им. А.М. Горчакова), საერთაშორისო საქმეთა რუსეთის საბჭოს, (Российский совет по международным делам - РСМД), საზღვარგარეთ თანამემამულეთა მხარდაჭერის და უფლებათა დაცვის ფონდს (Фонд поддержки и защиты прав соотечественников за рубежом), ფონდ „რუსსკი მირს“ (Фонд «Русский мир»).
გამოდის, რომ რეალურად რუსული „რბილი ძალა“ არ არსებობს, რადგან ამ ორგანიზაციების ვირტუალური საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი, კერძოდ - საქართველოში, ნულის ტოლია, მაგრამ მისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები გამოიყოფა?! და მათთვის დაფინანსება ახლაც კი არ შეუწყვეტიათ - მხოლოდ შეამცირეს, რომ მუქთა ხელფასებზე და „ატკატებზე“ არ იმოქმედოს!
სამაგიეროდ, ეს სამარცხვინო თვითლუსტრაცია შეუფასებელი საჩუქარია „რუსთავი 2“-ის, მედიის განვითარების ფონდ „MDF“-ის და ათობით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის - საქართველოში „რუსულ პროპაგანდასთან“ და „რბილ ძალასთან“ საბრძოლველად მიზნობრივი ამერიკული და ევროპული გრანტების მიმღებთათვის! ამის შემდეგ მე ან ბოდიში უნდა მოვუხადო მათ და ვაღიარო, რომ „რბილი ძალა“ და რუსული პროპაგანდა საქართველოში არსებობს, რაკი თვითონ რუსების საჯარო აღიარებით, მას უხვად ასპონსორებს მოსკოვი; ანდა ვაღიარო, რომ მოსკოველები და მათი ქართველი პარტნიორები - კორუმპირებული ქურდები არიან, რომლებიც რუსული პროპაგანდისთვოს განკუთვნილ თანხებს იპარავენ! რას მირჩევთ, ბატონებო?!
ჰოდა, გამოდის, რომ საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი რუსული ორგანიზაციების უთავბოლო და უნაყოფო „საქმიანობისგან“ რუსეთმა წააგო, ხოლო მოიგო ამ ორგანიზაციებში გაერთიანებულმა რუსულმა ელიტამ! კიდევ, რა თქმა უნდა, აშშ-მა, რომელმაც უსიმპათიო ხარბი „პრორუსული“ სახეები ყველას სამასხარაოდ აქცია. ამგვარად, რუსული ელიტური ორგანიზაციები, რომელთა ამოცანა მთელ მსოფლიოში რუსეთის გაპიარებაა, ნებით თუ უნებლიეთ, თავისი უტვინობით თუ ЦРУ-ს დავალებით, ზეამოცანას ახორციელებენ - აშშ-ს აპიარებენ, თანაც - რუსი გადასახადების გადამხდელების ფულით!
მეორე მაგალითი, სულ „ცინცხალი“ და არანაკლებ სკანდალური: როგორც ამ პუბლიკაციის დასაწყისშივეა აღნიშნული, სამი სფეროდან, რომლებშიც საქართველომ და რუსეთმა ერთობლივად შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს, ერთ-ერთი ტურიზმი გახლავთ. საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 2017 წელს 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა, ჩვენს ქვეყანას 7,5 მლნ ვიზიტორი ეწვია, მათგან 3,5 მლნ - ტურისტი, მათ შორის 1,4 მლნ - რუსი ტურისტი.
როგორც ჩანს, ელიტურ მოსკოველ მავნებლებს ეს დინამიკა არ მოეწონათ და ახალი წლის წინ, 28 დეკემბერს, მოსკოვში, „Парламентская газета“-ს პრესცენტრში რუსეთის საზოგადოებრივი პალატის საზოგადოებრივი დიპლომატიის განვითარების და საზღვარგარეთ თანამემამულეთა მხარდაჭერის კომისიის თავმჯდომარემ ელენა სუტორმინამ პრესკონფერენცია ჩაატარა თემაზე „როგორ დავიცვათ რუსი ტურისტების უფლებები საახალწლო დღესასწაულების დროს“, რომელზეც „რუსეთის და სხვა უცხო სახელმწიფოების მოქალაქეები“ „გააფრთხილეს“ - მოუწოდეს, „არ გარისკონ“ - არ გაემგზავრონ საქართველოში, იმიტომ რომ იქ მათ, ვითომდა, ელოდება „დაპატიმრება, ქალებსაც კი“, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, კონფისკაცია და ჯარიმები! ეს აღმაშფოთებელი ტყუილი ვაი-ვაგლახით „შპარგალკით“ წაიკითხა ერთადერთმა პრესკონფერენციაზე მიწვეულმა ექსპერტმა - სუტორმინას საქმიანმა ბიზნეს-პარტნიორმა საქართველოდან, სადაც, თურმე, „ყოველთვის ყველაფერი პროგრესულია, მაგრამ არა რუსეთის მოქალაქეთა სასარგებლოდ“ - იხ. ვიდეო მე-15 და 29-ე წუთიდან.
„პასუხები გვიან მოდის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის გამო... ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები ძალიან ცუდად მუშაობენ...“, - ვითომ აკრიტიკებს რუსს მესაზღვრეებს არალეგალური, საქართველოში დაურეგისტრებელი „საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ერთიანი ცენტრის“ ცრუ ხელმძღვანელი, რაც ბადებს აზრს, რომ მას არალეგალურად მინიმუმ ორი მოქალაქეობა - პასპორტი აქვს: ქართული და რუსული.
ის არ კმაროდა, რომ პრესკონფერენციაზე რუსი ტურისტები, ფაქტობრივად, სულ კონტრაბანდისტებად და ნარკომანებად არიან გამოყვანილი, „ბევრი მათგანი იხდის სასჯელს“ საქართველოს ციხეებში“ (?!), რამაც დიდად დააზარალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების პროცესი და ორი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. ამით აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა აგრეთვე საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტსა და იმიჯს - რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადაიფიქრა საქართველოში ჩამოსვლა ამ პრესკონფერენციის შემდეგ?! სამწუხაროდ, იურიდიულად უმეცარი დეზინფორმაცია, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას, მაშინვე გაავრცელეს „Парламентская газета“-მ და „Интерфакс“-მა ისე, რომ საქართველოს ოფიციალურ ორგანოებში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, შსს-ში, იუსტიციის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ტურიზმის დეპარტამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში, საქართველოს ომბუდსმენთან ან, ბოლოს და ბოლოს, სპეცწარმომადგენელ აბაშიძესთან ინფორმაციის შემოწმებით თავი არ შეუწუხებიათ.
გაიხარე, ამერიკა! აი, ისინი - „რუსი ოკუპანტების“ უბადრუკი სახეები, მტრული პროპაგანდა და ჰიბრიდული ომი, რის შესახებაც გამუდმებით გვაფრთხილებს დასავლეთი! გამოდის, რომ რუსეთს არაკეთილმოსურნეები არა მხოლოდ ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში, არამედ მოსკოვშიც ჰყავს, თანაც ეს უკანასკნელნი - გაცილებით სახიფათო არიან, რადგან აშშ-ის უკეთეს პროპაგანდისტებს ვერსად ნახავთ - არაკვალიფიცირებული ღლეტიები მზად არიან, ყველაფერზე ფული იშოვონ - საქართველოში რუსული ენის „დაცვაზე“, ტურიზმზე, ტერორიზმზე, მოსკოვური ინსტიტუტების დიპლომებზე, დიდი სამამულო ომის ვეტერანებზე, მათ ხსოვნაზე და საფლავებზეც კი, რითაც რუსეთთან მეგობრობის ტრენდს დისკრედიტაციას ახდენენ!
ერთი იმედიღა დარჩა - რომ 18 მარტის შემდეგ პუტინი გაყრის მთელ ამ წვრილფეხობას, რომელსაც თავი დიდი სახელმწიფო მოღვაწეებისა და მეცენატების სამშობლოს ელიტად წარმოუდგენია.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 8 ინავარი
საქართველო, თბილისი