რედაქტორისგან
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე მისი საქმეებით და არა სიტყვებით ვიმსჯელოთ! - არნო ხიდირბეგიშვილი

 ИА REX-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი გვიზიარებს პროგნოზებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივებისა და “მოჯადოებული სამკუთხედის” საქართველო-ნატო-ევროკავშირის თაობაზე, რომელშიც საქართველო სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების წყალობით აღმოჩნდა.

 

 “ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი

 (მათეს სახარება, 7,16)

 

 - ნატოსა და აშშ-ის ხელმძღვანელობამ არაერთგზის გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ნატოს წევრობა საქართველოს “არ ემუქრება” ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლის მიზეზით, რომელიც ტერიტორიული პრობლემების მქონე სახელმწიფოების მიღებას კრძალავს. ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელები კი საქართველოს ევროკავშირის წევრობას არ ჰპირდებიან და ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან თავს ჯერჯერობით იკავებენ.

 ბატონო არნო, ასეთ შემთხვევაში რით აიხსნება საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი, რომელიც ჯიუტად განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის დეკლარირებას?

 - საქართველოს მიმართ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების თავშეკავების გაგება შეიძლება: ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო საზღვარი არა აქვს, შეუძლებელია, რომელიმე საერთაშორისო კავშირში მიიღო და ამით გარკვეული უფლებები მიანიჭო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველო არ აპირებს და თავისი სსრკ-ის დროინდელი ავტონომიების ადმინისტრაციული საზღვრების სახელმწიფო საზღვრად მიჩნევაზე უარს ამბობს. საქართველო-რუსეთის ერთიანი საზღვარი, რომელიც მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბზე გადიოდა, 1992 წლიდან აღარ არსებობს, ხოლო ახალი საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ ჩატარებულა. მაშ, რომელ საზღვრებში უნდა მიიღონ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში?!

 მაგრამ ამ უკანასკნელთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკარგვაც არ ნებავთ - მეტისმეტად დიდი ფინანსებია ამაში ჩადებული! ამიტომ აქ ყოფნის გასამართლებლად გამუდმებით პოულობენ სხვადასხვა მიზეზს,როგორიცაა “პარტნიორი მშვიდობისათვის”, “შეაიარაღე და აღჭურვე”, “მეტი, ვიდრე МАР”, “ოქროს რუკა”, “მეტი ნატო საქართველოში” “ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი (JTEC)”, “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი” (რომელიც ვარშავის სამიტზე გაფართოვდება), ანდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც უფლებებზე გაცილებით მეტ ვალდებულებებს შეიცავს.

 მაგრამ ჩვენ ესეც გვიხარია - ჩვენი ევროატლანტიკელი “მეგობრები” საქართველოს ქებით ვერ ძღებიან, რომელიც ბეჯითად ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ქართულ სამხედრო სპეცდანაყოფებს აგზავნის ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისათვის ერაყსა (ISAF) და ავღანეთში (RSM) და ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (EUFOR). თუმცა სწორედ ევროკავშირის ლიდერებმა - გერმანიამ და საფრანგეთმა - დაბლოკეს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (МАР) მინიჭება, ხოლო აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელებმა არაერთხელ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი, საკუთარი მოსახლეობისთვის აუხდენელი იმედები არ ჩაენერგათ, რომლებიც შემდეგ ქართველი ხალხის იმედგაცრუებად შემობრუნდება!

 რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას, ამაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვებით გიპასუხებთ: “ჩვენ მათ საქმეებით განვსჯით და არა - სიტყვებით!” - უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, როდესაც ისინი დაინტერესდნენ მისი აზრით აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებზე ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპზე.

 მოდით, ჩვენც მაქსიმალურად ვეცადოთ, საქართველოს დღევანდელ მთავრობაზე მისი საქმეებით ვიმსჯელოთ და არა სიტყვებით, მით უმეტეს, რომ ოფიციალური მოსკოვიც კი, როგორც ამასწინათ განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, მას “გაგებით ეკიდება.

 საქმეები კი შემდეგს მეტყველებენ: საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა მილიონს უახლოვდება, 90%-ით გაიზარდა ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, რუსეთი ვაჭრობის მოცულობის მიხედვით საქართველოს მეორე პარტნიორი გახდა - მხოლოდ 2016 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 17%-ით გაიზარდა, იზრდება საავტომობილო მიმოსვლა, ორივე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატები შეთანხმდნენ, რომ ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში საქმიან ფორუმს ჩაატარებენ, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ახალ კონტაქტებს მისცემს იმპულსს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის, კონიაკის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მზარდ მოცულობაზე.

 ამიტომ ექსპრემიერისა და მმართველი პარტია “საქართველოს ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გაგება შეიძლება: რისთვის “ამტვრიოს შუბები” წინასწარ, როდესაც ცხოვრება ისედაც თანდათან ყველაფერს თავის ადგილს უჩენს? თავის პირველ პრესკონფერენციაზე 2011 წლის 1 ნოემბერს ივანიშვილმა შეკითხვაზე - როგორ უყურებს ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას? - უპასუხა, რომ მოვლენებს დინამიკაში უნდა შევხედოთ, “ჰორიზონტალურ” პერსპექტივაში, და რომ ის განიხილავს ყველა ვარიანტს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება - წაადგება საქართველოს ინტერესებს.

 ასე რომ, მოდით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათი საქმეების მიხედვით განვსაჯოთ, თითოეული - ცალ-ცალკე, რადგან ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი”...

 - მაგრამ ამასობაში საქართველო შესაძლოა, დასავლეთის პროტექტორატად გადააქციონ, როგორც ჯონ პერკინსმა აღწერა თავის წიგნში “ეკონომიკური ქილერის აღსარება”. მოვლენათა განვითარების ამგვარ სცენარს გამორიცხავთ?

 - არასოდეს არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს. ჯერ ერთი, ვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაცილებით ნაკლები ოპორტუნისტი, კოლაბორაციონისტი და პოპულისტი იქნება, და მეტი - პატრიოტი და რეალისტი. ერთი წლის შემდეგ კი ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, “კარალევა მარგოს” - დანავსულ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც დავემშვიდობებით.

 მეორეც, თავად “დემოკრატიული” დასავლეთის საქმეები არცთუ ბრწყინვალედ მიდის, ინგლისური ბრექსიტი ევროკავშირისთვის ტკბილი ბისკვიტი სულაც არ აღმოჩნდა, რადგან “ევროპული ფასეულობების” მთელი სისტემა ეჭვქვეშ დააყენა და სასწრაფო “ევრორემონტის” აუცილებლობა დაადასტურა. (აქ ისევ იმ ვერსიისკენ ვიხრები, რომელიც 2016 წლის 4 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ბრექსიტის მეორე დღეს გამოვთქვი: “დაშლილი ევროკავშირის ქვეყნები დიდ ევრაზიულ კავშირში შევლენ, რომელიც პუტინმა ბრექსიტამდე ერთი კვირით ადრე შესთავაზა”.)

 ასოცირება კი ვისთანაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ შეიძლება, ჩვენთვისვე უარესი - გამორიცხული არ არის, რომ იმ დროისთვის აღარც არავინ დარჩება, ვისთანაც საქართველო ასოცირებას შეძლებს...

 - და რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან პოლიტიკური პარტნიორობა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?

 - და რა მოუტანა საქართველოს რუსეთთან მტრობამ? იქნებ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნეს?! თავად განსაჯეთ:

 - იაპონია რუსეთისადმი მტრულად იყო განწყობილი და მისგან კურილის კუნძულების დაბრუნებას მოითხოვდა, მაგრამ საშინელმა მიწისძვრებმა გონს მოიყვანა და ამ დღეებში ის მოუთმენლად ემზადება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად;

 - თურქეთმა მტრული ქმედებები განახორციელა - რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსი სამხედრო მფრინავი და სპეცრაზმელი მოკლა, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ეხმარებოდა, მაგრამ საზარელმა ტერაქტებმა გონს მოიყვანა და დღეს ერდოღანმა პუტინს “ბოდიში” უთხრა, სანაცვლოდ თურქეთი დეფოლტს გადაარჩინა, იქ - რუსი ტურისტები, ხოლო  რუსეთში თურქული ბიზნესი და ხილ-ბოსტნეული დააბრუნა (ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თურქეთი მზად არის, სიხარულით შევიდეს დიდ ევრაზიულ კავშირში);

 - აშშ-მა და ევროკავშირმა “აგრესორ და ოკუპანტ” რუსეთს ახალი “ცივი ომი” გამოუცხადეს, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღეს ყირიმისა და დონბასის გამო. რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ისლამურ სახელმწიფოზე პარიზის ტერაქტების გამო შური იძიეს, საფრანგეთმა კი მას მზა “მისტრალების” გადაცემაზე უარი უთხრა! მაგრამ დღეს ყველა იძულებულია, აღიაროს, რომ მხოლოდ რუსეთმა შეძლო ისლამური სახელმწიფოს შეჩერება, რომელსაც ისინი ორი წლის განმავლობაში ვერ გაუმკლავდნენ და სამხედრო ხარჯებსა და მიგრანტებში შერეულ ტერორისტ-ისლამისტებში ჩაიხრჩვნენ!

 ისტორიას ნუ ჩავუღრმავდებით - განა ბოლო დროის ეს მაგალითებიც საკმარისი არ არის, რომ მივხვდეთ - რუსეთთან მეგობრობა ხელსაყრელია, მტრობა კი - უკუნაჩვენები?!

 - საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად აცხადებს, რომ ცდილობს, მოსკოვი დაარწმუნოს - საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა რუსეთისადმი მტრული არ არისო...

 - თუ მოსკოვს არ ელაპარაკები, მის დარწმუნებას როგორღა ცდილობ? განა მიზანშეწონილია, არ ელაპარაკებოდე მეზობელს, თანაც ისეთს, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ათასობით კილომეტრი საერთო საზღვარი გაქვს და სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა? გამოდის, რომ დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის სოლიდარულია, რომელმაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა!

 რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასა და იაპონიასაც კი არ გაუწყვეტიათ, რომლებსაც მასთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ. სამაგიეროდ, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა აქვს თურქეთთან, რომელმაც უზარმაზარი ქართული ტერიტორიების ანექსია მოახდინა და საუკუნეების მანძილზე აპარტახებდა მას... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იაპონია დიპლომატიურ ურთიერთობას არ წყვეტს აშშ-სთან, რომელმაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარა! აღარაფერს ვამბობ საფრანგეთზე, გერმანიასა და თურქეთზე, რომლებიც რუსეთს სახუმაროდ როდი ეომებოდნენ, მაგრამ მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ წყვეტენ!

 არ ელაპარაკებოდე რუსეთს, რომლის სახელმწიფო ბიზნესკომპანიების ხელშია საქართველოს ბევრი სტრატეგიული ობიექტი და რომლის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ტრადიციულად ყველაზე ხელმისაწვდომია?! და ეს იმ დროს, როდესაც 17 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, უმსხვილესმა დასავლურმა ბიზნესკომპანიებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უგულებელყვეს და მასთან 30 მილიარდი დოლარის კონტრაქტებს მოაწერეს ხელი! ეს, უბრალოდ, არ მესმის...

 - თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს თუ ესმის ეს, როცა რუსეთს შეურაცხყოფს და აცხადებს, რომ ლენინგრადელები ვირთხებს ჭამდნენ, ის კი “ავიწყდება”, რომ 1942 წლის 9 აგვისტოს, ბლოკადურ ლენინგრადში, სიცივისა და შიმშილისაგან მომაკვდავმა ლენინგრადელებმა ფაშისტების ბომბების ქვეშ შოსტაკოვიჩის მეშვიდე (“ლენინგრადული”) სიმფონია შეასრულეს?!

 - ხიდაშელი, სააკაშვილი და მათი მსგავსი ვირთხები - წარსულის ოდიოზური გადმონაშთები არიან და დროა, დასავლეთმა გაიგოს, რომ უკეთეს პრორუსულ პროპაგანდას ვერც მოიფიქრებს! როდესაც ასეთი, ქართველი ხალხისათვის საძულველი და მორალური, ინტელექტუალური და პროფესიული თვალსაზრისით უკიდურესად დისკრედიტებული პოლიტიკოსები დასავლეთთან ასოცირდებიან, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ანტიამერიკანიზმი იზრდება და აქ ნატოში შესვლა არ სურთ! სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2” უკვე მესამე კვირაა, პროპაგანდისტულ ვიდეორგოლს ატრიალებს, რომელიც რუსეთს ცილს სწამებს და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლის აგიტაციას უწევს: განა ამის შემდეგ ადეკვატური მოქალაქე ევროკავშირის მხარეს გაიხედავს, თუნდაც იქ გველოდებოდნენ?!

 - გამოდის, რომ რესპუბლიკური პარტია და “ნაციონალური მოძრაობა”, საბოლოო ჯამში, რუსულ ინტერესებზე მუშაობენ?

 - გამოდის, რომ ასეა... სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის ბიძა - ყოფილი რუსი დიპლომატი და სპეცი თემურ ალასანია - ამჟამად მოსკოვში იმყოფება და კვლავ “საქმეშია”... ხოლო ის, რომ სააკაშვილი მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ექსტრავაგანტური ქმედებისთვის მზად არის, ყველაზე უკეთ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა ზურაბ ბიგვავამ იცის. მით უმეტეს, რომ სააკაშვილს ოდესიდან გასაქცევი, საქართველოს გარდა, არსად აქვს...

 - მაგრამ აშშ-ისა და ევროპის ლიდერები ყოველთვის მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ. გერმანიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამასწინანდელი ვიზიტის დროს კანცლერ ანგელა მერკელს რფ-სთან სავაჭრო და ჰუმანიტარული ურთიერთობის აღდგენისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევის გამო კმაყოფილება არ დაუმალავს.

 - ასე გეტყვით: დღეს რუსეთი, პრაქტიკულად, საქართველოს სთავაზობს, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის აღდგენა 2004 წლის დონიდან დაიწყონ, როდესაც პუტინმა შესთავაზა მხარდაჭერისთვის “მადლიერ” სააკაშვილს, რომელიც პრეზიდენტის რანგში მოსკოვში თავისი პირველი ვიზიტით “ჩათქარუნდა”, ერთად ებრძოლათ ტერორიზმ, კერძოდ, აჭარაში, ბათუმში, რუსეთის სამხედრო ბაზის საფუძველზე, ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრი გაეხსნათ.

 გასულ კვირას, 27 ივნისს კი პრაღაში, რფ-სთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მორიგ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კვლავ დააყენა ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი.

 ვფიქრობ, ეს უბრალო დამთხვევა კი არა, რუსეთის მორიგი შემოთავაზებაა - ყველაფერი “ცარიელი ფურცლიდან” დავიწყოთ. მაგრამ თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამის იგნორირებასაც ისევე მოახდენს, როგორც ადრე საქართველოს ხელმძღვანელთან შეხვედრისათვის მზადყოფნის შესახებ პუტინის შეთავაზებები უგულებელყო, რუსეთი უკვე მიანიშნებს, რომ მმართველ “ქართულ ოცნებას” მუდმივად “გაგებით არ მოეკიდება” და დიალოგს დაიწყებს, სლუცკის თქმით, “ჯანსაღ ძალებთან “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის მიმართ საღი მიდგომა აქვთ”!

 ამიტომ 2004 წლის დონეზე საქართველოსთან ურთიერთობის განახლების შესახებ რუსეთის ბოლო შემოთავაზების იგნორირებას “ქართულ ოცნებას” არ ვურჩევ - ეს არჩევნების წინ, მინიმუმ, კონტრპროდუქტიულია.

2016 წლის 3 ივლისი
თბილისი-მოსკოვი