საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ბათუმის საზღვაო პორტში თურქეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ფრეგატი „TCG YAVUZ“ შევიდა, რომლის ბორტსაც ესტუმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
მეორე დღეს ოდესის საზღვაო პორტში შევიდა თურქეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ფლოტილია, კორვეტ „TCG Bartin“–ითა და თურქეთის სამხედრო ფლოტის ფრეგატით – „TCG Salihreis“ სათავეში, რომლის ბორტსაც ეწვია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი.
„დღეს მე ვესტუმრე ოდესის პორტში შემოსულ თურქეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ფლაგმანს, სადაც გაიმართა ერთობლივი სადილი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ფლოტის სარდალთან, ვიცე–ადმირალ ისკანდერ იილდიმირთან. თურქეთის მხარემ მადლობა გადაგვიხადა საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებისთვის სტამბულში და აღნიშნა, რომ რეალურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ოდესაში სტამბულის პარკის მშენებლობა.
აპრილში თურქეთის მხარე ოდესის საბაჟოს ეწვევა, რომლის რეფორმირებაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის 80% სწორედ მისი გავლით ხორციელდება. თურქეთი უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის“, – დაწერა თავის Facebook-გვერდზე სააკაშვილმა.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, კონფლიქტი აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის 2 აპრილის რამეს გამწვავდა და გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელსაც კონფლიქტის მხარეები ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ.
თურქეთმა და პაკისტანმა აზერბაიჯანს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს.