საზოგადოება
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა არ გადაუხადა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი, მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს "აბესალომ და ეთერი" მეორე დღეს დაესწრო, თუმცა პირველ დღეს – თეატრის გახსნაზეც იყო მიწვეული. "მინდა, ქართველ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე; მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში და მადლობა ვუთხრა ყველას ამ მშვენიერი პრემიერისთვის, რომლითაც ასე ვტკბებით დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 მაშასადამე, მარგველაშვილი ივანიშვილის 40 მილიონი დოლარით აღდგენილ ოპერაში მეორე დღეს მივიდა და მადლობა გადაუხადა ოპერის შენობის ყველა აღმდგენს, გარდა... თავად ივანიშვილისა!

 "აბესალომ და ეთერის" წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები - ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებდნენ. სპექტაკლის ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.