საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის 40 მლნ დოლარით აღდგენილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი" გაიხსნება

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფონდ "ქართუს" დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, დაგეგმილია თეატრის 100-წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა - "ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ", ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები. 31 იანვარს "აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიუჯეტმა 40 მილიონ დოლარი შეადგინა.