აქტუალური
ახმეტაში ასწლოვანი ტყის მასივი ნადგურდება

1tyis-masiviთბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მამულაშვილი საქინფორმს ატყობინებს, რომ ახმეტის რაიონის ალაზნის ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადგურდება ტყის მასივი. სატყეო მეურნეობის სარეინჯერო სამსახური რეაგირების გარეშე ტოვებს ტყის უმოწყალო გაჩეხვას. ასობით ჰექტარი განადგურებულია. „გლეხებს ტყეში თუნდაც ერთი ხის მოჭრის უფლება არ აქვთ, ხოლო სარეინჯერო სამსახურის თანამშრომლების ხელშეწყობით გარკვეული ადამიანების ჯგუფი ეწევა ასწლოვანი მუხის ტყის მასიურ გაჩეხვა-გასაღებას.  შემორჩენილია მხოლოდ ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაში შემავალი ტყის მასივი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის ახმეტის ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მოითხოვს, შესაბამისმა ორგანოებმა აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფო რეაგირება მოახდინონ, რათა რაიონს ეკოლოგიის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები არ შეექმნას.