პოლიტიკა
სახალხო დამცველმა ჟურნალისტთა უფლებადარღვევაზე პროკურატურას მიმართა

1turushi1თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გაატაროს სწრაფი და ეფექტიანი საგამოძიებო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდამრღვევი პირების დასჯა, მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეების  განმავლობაში მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგიონული ჟურნალისტების უფლებათა დარღვევების შესახებ. თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს მედიის წარმომადგენლებს.

„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციისა და ჩვენს ხელთ არსებული მასალის თანახმად, 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისის დღესთან დაკავშირებით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა და მედიასაშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს.

ამავე წლის 3 მაისს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე შეხვედრაზე არ დაუშვეს ადგილობრივი გაზეთი „P.S.“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელსაც, მისივე განცხადებით, ოთხმა უცნობმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მას ჩამოართვეს ციფრული გადამღები, ტელეფონი და ხმის ჩამწერი აპარატი. მოგვიანებით ჟურნალისტს აპარატურა დაუბრუნეს, თუმცა, მისი განმარტებით, მათში არსებული მასალა წაშლილი იყო. როგორც ჩვენ მიერ შეგროვებული მასალებიდან ირკვევა, ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემა შეექმნათ რადიო „ძველი ქალაქისა“ და გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტ თორნიკე ხურციძესა და გაზეთ „ალიასა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილსაც.

გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 4 მაისს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცა „tspress.ge“-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას, რომელსაც, მისივე განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ამავე დღეს, ინტერნეტგამოცემა ,,ლაივპრესისა’’ და ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორებს – ოთარ დალაქიშვილსა და თამარ ზანთარაიას – ქ.ზუგდიდში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. კერძოდ, 2012 წლის 4 მაისს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ. ოთარ დალაქიშვილი და თამარ ზანთარაია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ადგილზე მივიდნენ. მათივე განცხადებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მათ ტერიტორიის გადაღების საშუალება არ მისცეს და კამერები წაართვეს. უცნობმა პირებმა ტექნიკა მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ჩაწერილი მასალა წაშალეს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ მედიისა და პრესის როლი მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის; იგი არის დემოკრატიის გარანტი, უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მისი ქმედებებისა თუ უმოქმედობის საჯარო განხილვისთვის გადმოცემას და ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით, რომლის თანახმად, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ჩარევა მედიის საქმიანობაში აკრძალულია. უფლების დაცვის გარანტიებს, ასევე, ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რომლის თანახმად, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თითოეულ ჟურნალისტს მისცეს საშუალება, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალება, თავისუფლად მოიპოვოს ინფორმაცია. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმსა“ და მის მთავარ რედაქტორზე 2012 წლის 5 მარტს განხორციელებული თავდასხმის საქმე ამავე დღიდან დღემდე პროკურატურის წარმოებაშია.