პუბლიკაციები
ცხინვალის არჩევნების სტრატეგიული აქცენტი

1analit-NEW3თბილისი, 7 მაისი, საქინფორმი. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი პრეზიდენტის არჩევნების ხანგრძლივი მარათონი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ბზობა დღეს დამთავრდა, ა.წ. 19 აპრილს კი ინაუგურაციის აქტით დაგვირგვინდა. პოლიტიკურ ტახტზე „კა-გე-ბე“-ს გენერალ-მაიორი, რეგიონში ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი აიყვანეს. ეს პიროვნება კარგად არის ცნობილი არა მარტო თავად ცხინვალში, არამედ თბილისშიც, რამეთუ ჩეკისტური მოღვაწეობა გენერალმა საქართველოს კომიტეტში დაიწყო. ეს მომენტი მასმედიაში რატომღაც ყველაზე ნაკლებად აფიშირდება.

ამასობაში ინტრიგის ღირსშესანიშნაობა და ამ ფაქტის ქვეტექსტი ერთ-ერთმა ოსმა ჟურნალისტმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ, არსებითად, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ და შეგვიძლია ვივარაუდოთ ახალი პრეზიდენტის კავშირი ყოფილ კოლეგებთან, მათ შორის – საქართველოში. სხვაც ბევრი რამ ითქვა საგულისხმო. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მკითხველისთვის განკუთვნილი ინტრიგაა, რადგან პრეზიდენტებს ასე უბრალოდ არ ირჩევენ.

ჯერჯერობით კი იმაზე ვილაპარაკოთ, როგორი რეაქცია ჰქონდა განდგომილი ქართული რეგიონის ისტორიაში გადაშლილ ახალ ფურცელზე ოფიციალურ თბილისს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ სრულიად ჩვეულებრივად აღნიშნა – ცივილიზებული სამყარო ცხინვალის არჩევნებს არ აღიარებს და ამიტომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია, თანაც, ამაში მოსკოვის ხელიც ურევიაო. მაგრამ თავად ხალხის რჩეულის დახასიათება მინისტრის მოადგილეს (როგორც ჩანს, ფიგურანტის „ქართული“ ფესვების გათვალისწინებით) არ დაუწყია. ამასთან, ქალბატონმა კალანდაძემ საჩქაროდ გამოაცხადა ოფიციალური თბილისის თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ სანამ დაპყრობილი ქართული ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება და იქ მოსახლეობა არ დაბრუნდება, ნებისმიერი ქმედება ამ ტერიტორიებზე არალეგიტიმურია.

ეს განმსაზღვრელი მიდგომა პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო საშუალებამ გაახმიანა. თუმცა ცხინვალის არჩევნებთან დაკავშირებით უფრო რადიკალური გამონათქვამებიც გაისმა. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ თავისებურად ხელაღებით განაცხადა: „ყოველივე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, იმპერიალისტური რუსეთის, საბჭოთა რუსეთისა და ამჟამინდელი რუსეთის ქმედებებია. ამას არ ჰქვია არჩევნები, ეს ეთნოწმენდის დაკანონების მცდელობაა. თუმცა გასულ საუკუნეში რუსეთს ამგვარი შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამის შანსი არ არსებობს!“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც საკმაოდ კრიტიკულად გამოვიდა: „ვერცერთი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ეთნიკური წმენდის პირობებში, როცა მოსახლეობა გამოყრილია საკუთარი სახლებიდან და არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, ვერ ჩაითვლება პრეტენზიად დემოკრატიულობაზე. ამიტომ, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ არჩევნებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს“, – ციტირება გაუკეთა სპიკერს ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტომ.

ამგვარად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ქართული ოფიციოზი სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტისაგან პოლიტიკური ურთიერთობების ცვლილებებსა და განმუხტვის გზების ძიების სურვილს არ მოელის. მით უმეტეს, რომ ეს თვალსაზრისი ქართულ მასმედიაში დომინანტური აღმოჩნდა არა მხოლოდ ხელისუფლების სიგნალით, არამედ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი განწყობის გამოც იმ საკითხის მიმართ, რომელსაც თავისი იდეოლოგიური სტატიკურობა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყებიდან, ანუ 1991 წლიდან, არ შეუცვლია.

ქართველი ექსპერტის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორ გიორგი ხუციშვილის აზრით, საქართველოსათვის „სულერთია“, ვინ „გაიმარჯვებს“ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე  და ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,  ყველა კანდიდატი პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს.

საგულისხმოა, აგრეთვე, ერთ-ერთი წამყვანი ქართველი პოლიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის, გამონათქვამი, რომელმაც არჩევნების ფინალური ეტაპის წინ ერთი ქართული გაზეთის ფურცლებიდან განაცხადა: „პუტინს არ უყვარს ადამიანის უფლებათა დამცველები, ის, ცხადია, სუკ-ის ყოფილ თანამშრომელს – თიბილოვს, მიანიჭებს უპირატესობას“. ქართული სიმპათიები ოსური არჩევნების მეორე ფიგურანტის – სანაკოევის, მხარეზეა. ითვლება, რომ ის კარგი ომბუდსმენი იყო, ყოველთვის ცდილობდა საზღვრისპირა ტერიტორიებზე დაკავებული ახალგაზრდა ქართველების გათავისუფლებას.

თუმცა სხვა თვალსაზრისიც არსებობს. რიგი პოლიტოლოგები იმედს არ კარგავენ და მოძმე მეზობლებს შორის ხიდების აღდგენას, აქტიური დიალოგის განახლებას უჭერენ მხარს. იმავე პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა: „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა და ის დემოკრატიულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ყველა კანდიდატისათვის თანაბარი პირობები იყო შექმნილი, ამომრჩევლებს კი საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა შეეძლოთ“. ექსპერტი უფრო შორსაც მიდის, როცა ვარაუდობს, რომ თბილისმა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მიმართ. „საქართველომ მალევე უნდა გახსნას საზღვრები და დაიწყოს მოსახლეობის ჩართვა საერთო ქართულ კონტექსტში, აღადგინოს ნდობის ის დონე, რომელიც 2003-2004 წლებამდე იყო“.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო მარათონის დასაწყისშივე პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა პრესაში შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: „იურიდიულად ცხინვალის რეგიონი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაა, ხოლო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა – საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი ბედ-იღბალი ჩვენთვის სულერთი არ არის. ამიტომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ იქ მასობრივი სისხლისღვრა არ მოხდეს. თუკი შეიარაღებული დაპირისპირება წარმოიშობა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ცხადია, საქართველოს მთავრობა ყველა დიპლომატიურ არხს აამოქმედებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ გავლენა მოახდინოს რუსეთზე“, – მიიჩნევს დარჩიაშვილი.

დამეთანხმეთ, ფართო ობივატელური მოხმარებისათვის განკუთვნილი სუსტი დასაბუთება და სუსტი არგუმენტებია, რომელთაც რაიმე პრაქტიკული დატვირთვა არ გააჩნია. უკვე ათობით წელია, ქართული  ოფიციალური საუბრები მსგავს „დარჩიაშვილისეულ სტილში“ მიმდინარეობს, ამიტომაც საქმე ერთ წერტილზეა გაყინული.

ცხინვალის არჩევნებმა ქართულ პრესაში სისხლისმსმელური ექსტრემალური განწყობა წარმოშვა. ქართული მედიის ანგაჟირებული ნაწილის წარმომადგენლებს პროვოკაციულად მიჰყავდათ „საფრონტო რეპორტაჟები“ ოსური ბრძოლის ველიდან, სადაც ადგილობრივი ჟანა დ'არკი, ანუ ქალბატონი ჯიოევა, პრეზიდენტის სავარძლისათვის არცთუ წარუმატებლად იბრძოდა.

ჟურნალისტთა გარკვეული კატეგორიის სიმპათიები აშკარად მის მხარეზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი დარჩიაშვილი იფიცებდა, ამ შემთხვევაში „ოკუპანტებზე ზემოქმედება მოეხდინა“. ახალი არაფერი მომხდარა. მოკლედ, როგორც ყოველთვის: ერთს ვამბობთ და მეორეს ვაკეთებთ, საიდუმლო ფრონტისა და დასახული ამოცანის ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც, სისხლის ფასად შესრულების სცენარების შესაბამისად.

სამწუხაროდ, მხცოვანმა ბატონმა შევარდნაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები მომდევნო თაობებს გადაულოცა. და მაინც, თუ თემას პროფესიულად მივუდგებით, ბოლო არჩევნები ბადებს შეგრძნებას, რომ სამაჩაბლოს (ასე უწოდებენ ქართველები სამხრეთ ოსეთს) ცა საქართველოსთვის შესაძლოა, მრავალი წლით საერთოდ დაიხუროს.

მსგავს პესიმიზმს ლეონიდ თიბილოვის სიტყვები აღძრავს. ჯერ საარჩევნო ბიულეტენი ურნაში არ ჩაეგდო, რომ სამხრეთ ოსეთის მომავალი ხელმძღვანელი ორი ოსეთის გაერთიანებაზე ალაპარაკდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ხალხთან კონსულტაციები ექნება, მაგრამ მისი მიზანი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებაზე საუკუნოვანი ოცნების ასრულებაა“.

როგორც ჩანს, თიბილოვის სიტყვები გაერთიანებაზე მისთვის ასტრალური მნიშვნელობით არის აღსავსე. თუმცა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ იქვე სცადა, ამ გამონათქვამისთვის მისაღები კალაპოტი გამოენახა და ახალი ლიდერის განცხადებას ორი ოსეთის გაერთიანების შესახებ „სიტუაციური და საარჩევნო რიტორიკასთან დაკავშირებული“ უწოდა. თან დასძინა, რომ „ახალი მარიონეტი პრეზიდენტი იმას გააკეთებს, რასაც მოსკოვი გადაწყვეტს“.

ამასობაში მოსკოვს უკვე დიდი ხანია, ორი ოსეთის მიმართ სათადარიგო ვარიანტი აქვს. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ახალგაზრდულ ფორუმზე – „სელიგერი 2011“ – ვლადიმერ პუტინმა ფორუმის მონაწილეთა შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას სავსებით რეალურად მიიჩნევს. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხის მომავალი თავად ოს ხალხზეა დამოკიდებული.

დღეს, ახალი ოსი ლიდერის არჩევის შემდეგ, ეს „მომავალი“ უკვე დადგა. ამასთან, რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ხმა მისცა რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. რეგიონის მოსახლეობამ, არსებითად, უკვე უპასუხა კრემლის ხელმძღვანელობას.

მედია-ორაკულებისაგან განსხვავებით, ქართველი „ნაციონალების“ სათავეში მდგომთ საკმაოდ კარგად ესმით კრემლის სიგნალები. საპასუხოდ გაძლიერებული მილიტარიზაციის იმიტაციის დემონსტრირება ხდება. ისინი კოლეგა-ხელმძღვანელებს მიანიშნებენ, რომ ლანჩზე დესერტად შესაძლოა, ომი მიიღონ.

ამ ქვეტექსტში თავსდება რეზერვისტების ლეგიონის ფორმირება, ჯავშნოსანი „ლაზიკას“ საჩვენებელი ერთეული ნიმუშების გამოშვება, ქართული უპილოტო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო რამერუმეების წარმოება იმ დროს, როცა მოსახლეობის უმეტესობა ღატაკად ცხოვრობს. სახეზეა ოკუპანტების პროგრამული დაშინებაც – ამერიკა-საქართველოს მეგობრობისა და ნატოს გენერალიტეტთან სიახლოვის დემონსტრაცია.

მაგრამ ქართველებმა ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტომდე უკვე გაიარეს. არა მგონია, რუს გიგანტთან ახალი ბრძოლის მოგება შევძლოთ. სამხედრო დაპირისპირებაში ოკეანისგაღმელი მეგობრების ჩათრევაც ფრიად პრობლემატურია, რასაც მსოფლიო ომების ისტორია მოწმობს.

ქრისტეს შობიდან 2012 წელს ძველი რეცეპტებით ცხოვრება, უბრალოდ, სახიფათოა. მით უმეტეს, რომ დაკარგული ქართული ტერიტორიების ბედმა შესაძლოა, კიდევ უფრო დაუძლეველი რეალობა შეიძინოს. ამერიკა და ნატო კი დაგვიახლოვდებიან, მაგრამ, აი, სამაჩაბლო... ოსეთს დარჩება.

იური ლევანიშვილი

საქინფორმი