თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. „ნინო ბურჯანაძეს არავინ უყურებს, როგორც მოღალატეს ან მტერს“, – ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კოალიცია „ქართული ოცნების“” წევრმა, კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ „ალიასთვის“ ნათქვამი სიტყვების კომენტირებისას. ძიძიგურის მტკიცებით, როდესაც ივანიშვილმა „ალიაში“ თავისი ინტერვიუ წაიკითხა, თქვა, რომ არ ახსოვს, ბადრი ბიწაძის კონტექსტში ფრაზა მას ეკუთვნის თუ სტატიის ავტორს. ამის შემდეგ ძიძიგურმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადების კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ივანიშვილის სიტყვებში ისეთი არაფერი ყოფილა, რაზეც გაბრაზება შეიძლებოდა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვები, კითხვები იყო მაშინაც, როდესაც ბიწაძეს საკმაოდ მძიმე ბრალდების შემდეგ საპროცესო გარიგება შესთავაზეს.