აქტუალური
„კოჭოიასა“ და სხვა მსჯავრდებულებს საპროცესო გარიგებას სთავაზობენ

1kochoiaთბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ტერაქტების განხორციელებაში შვიდ მსჯავრდებულს პროკურატურამ ბრალის აღიარების სანაცვლოდ სასჯელის შემცირების მიზნით საპროცესო გარიგებები შესთავაზა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვის ფარგლებში.

ამ მოტივით დღევანდელი სხდომის გადადების შუამდგომლობა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა დააყენა, რის  წინააღმდეგაც დაცვის მხარე და მსჯავრდებულები არ წასულან.  შედეგად, მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა პროცესი 8 მაისამდე გადადო.

საქმეში მთავარი ფიგურის (მეტსახელად „კოჭოია“) – მერაბ ყოლბაიას, ადვოკატ მათე ხარჭამაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმების სახით 30-წლიანი პატიმრობის 8 წლამდე შემცირება ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებისას შესთავაზა, თუმცა პროკურატურის მიმართ უნდობლობის მოტივით ყოლბაია ამ წინადადებას არც დათანხმდა და არც უარი უთქვამს. მას შემდეგ, ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაიმე ახალი წინადადება არ შეუთავაზებიათ.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში საპროცესო გარიგებების წინადადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც 24 აპრილს გამართულ წინა სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოლბაიას თხოვნა ხელახლა დაკითხვის თაობაზე. ყოლბაიას გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენების შეცვლა სურდა, რომელიც, მისი თქმით, ძალადობის პირობებში მისცა.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის – დავით კეკუტიას, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული 30 წლის ნაცვლად 20-წლიან სასჯელს სთავაზობენ, თუმცა კეკუტია ამის წინააღმდეგია, ვინაიდან აფეთქებების მოწყობაში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი მზად არის, მხოლოდ  დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება აღიაროს, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

ადვოკატების ინფორმაციით, ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმება არცერთ მსჯავრდებულთან არ არის მიღწეული და ისინი ცდილობენ, სასჯელების იმაზე მეტად დაკლებაზე დაითანხმონ პროკურატურა, ვიდრე მათ კლიენტებს სთავაზობენ საპროცესო გარიგების ფარგლებში. მათი სასჯელის ზომები შვიდიდან ოცდაათ წლამდე მერყეობს.

საქმე ეხება 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე აფეთქებას და აფეთქების მცდელობას, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერ ევგენი ბორისოვის დავალებით განხორციელდა. საუბარია 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებაზე; 21 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის სადგურთან ორ აფეთქებაზე; 2 ოქტომბერს ხობის რაიონში ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე აფეთქების მცდელობაზე; 28 ნოემბერს მუხიანსა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებებზე. ამ უკანასკნელს ერთი ქალბატონი ემსხვერპლა.

პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით 2010 წლის დეკემბერში – ექვსი ადამიანი, ხოლო 2011 წლის თებერვალში კიდევ სამი პირი დააკავა. იმავე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 ბრალდებულს, მათ შორის, სხვებთან ერთად ბორისოვს დაუსწრებლად, ხანგრძლივი პატიმრობები შეუფარდა, დამნაშავედ ცნო რა ტერორისტული აქტების განხორციელებაში. მსჯავრდებულთა ნაწილმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.