თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქინფორმს აცნობებს, ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოში საქართველოს მთავრობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სოციალურად დაუცველი მოქალაქის საქმე წარმატებით დაასრულა.
ქვედა ინსტანციების სასამართლოებს, თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელიათ იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ვაგონის ატანა. მოსარჩელემ ეს ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში წარადგინა, რომელმაც საქმე არსებითად განიხილა და 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნუნუ სივსივაძის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დააკისრა.
საქმისწარმოება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის – „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის“ – ფარგლებში განხორციელდა.