აქტუალური
„საქართველო იმსახურებს, რომ აქ ესპანეთის საელჩო არსებობდეს“

1ispanskii-kongresmenთბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდას განცხადებით, საქართველო იმსახურებს, რომ აქ ესპანეთის საელჩო არსებობდეს.

როგორც ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდამ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხს ის ესპანეთის ხელისუფლებასთან დააყენებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე იმის თაობაზე, რომ ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს შეიძლება, ადრეც მითქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ დავადასტურე. ესპანეთი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რისი დამსახურებითაც თქვენი ქვეყანა რეფორმების მხრივ რეგიონში ლიდერია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ესპანეთის მთავრობასთან აუცილებლად დავაყენებ. ვფიქრობ, საქართველო იმსახურებს, რომ აქ ესპანეთის საელჩო არსებობდეს“, – განაცხადა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.