პუბლიკაციები
13 წლის შემდეგ...

1-gaxaria-zaurსახალხო მოძრაობა «სამეგრელო» იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის საპირწონედ შეიქმნა, რომელსაც შევარდნაძის რეჟიმი მიზანმიმართულად ახორციელებდა ძირძველი ქართული კუთხის წინააღმდეგ. სწორედ შევარდნაძის რეჟიმის მიზანმიმართული მავნებლობის შედეგად მოექცა ერთ დროს ძლიერი აგრარული და სამრეწველო ინფრასტრუქტურის მქონე ამაყი კუთხე გეოეკონომიკურ ჩიხში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 2003 წელს სამეგრელოს მოსახლეობა, დაინახა რა შევარდნაძის რეჟიმის დამხობის რეალური შანსი, მხარში ამოუდგა ოპოზიციას «ოღონდ შევარდნაძე არა და სხვა, ვინც უნდა, იყოს» პრინციპით და ლომის წილი შეიტანა «ვარდების რევოლუციაში».

სამეგრელოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ის დრო, როდესაც ხელისუფლებას კუთხის მიმართ ერთადერთი ინტერესი – ამომრჩეველთა ხმები ამოძრავებდა, წარსულს ჩაბარდებოდა.

სამეგრელოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ფარისევლური წინასაარჩევნო დაპირებების, არაფრისმომტანი დემოკრატიული ცვლილებების ეტაპი დასრულდებოდა.

სამეგრელოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ დაიწყებოდა ქვეყნის, მათ შორის მათი მშობლიური კუთხის, ჩიხიდან გამოყვანისა და აღმშენებლობის ხანა. იმედოვნებდა, რომ ეყოლებოდა ხელისუფლება, რომლისთვისაც ხალხი იქნებოდა მიზანი და არა საშუალება. ამ იმედითა და ოცნებებით, როგორც ყოველთვის საუკუნეების მანძილზე, უკვე მერამდენედ გადაეშვნენ სამშობლოს გადარჩენისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში. გაუმართლდათ თუ არა იმედები, ეს სხვა თემაა და ამაზე საუბარი  სხვა დროისთვის გადავდოთ.

დიახ, 1999 წლის მარტიდან, როცა . ფოთში ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივით დაარსდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო», 13 წელი გავიდა. ეს ერთი შეხედვით და რეალურადაც მშვიდი, წყნარი, რეგიონისთვის სასიკეთო აქტი პირველივე დღიდან მტრულ გარემოცვაში მოექცა.

მმართველმა ძალებმა მაშინვე შეუტიეს «სამეგრელოს». ამ დაპირისპირებაში განსაკუთრებით აქტიურობდა «მოქკავშირი» და მისი ახალგაზრდული ფრთა. მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი სახელწოდების მქონე, თუნდაც არაპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა შეაშფოთებდა ქართული საზოგადოების ნაწილს, მაგრამ იმ ისტერიამ, შეთითხნილი ბრალდებების ნიაღვარმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. სახალხო მოძრაობის ლიდერს დააბრალეს «სეპარატიზმი», ქვეყნის გახლეჩის სურვილი, ქართველი ერის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, უარყოფა და ბევრი სხვა სისულელე, თუმცა უკვე იყო დაფუძნებული საზოგადოებები «რაჭა», «ლემი», «თბილისელი», რომლებიც გარკვეული წარმატებითაც კი ფუნქციონირებდნენ სეპარატიზმთან ყოველგვარი ასოციაციის გარეშე.

ბრალდებები მოდიოდა იმ ძალებიდან, იმ პიროვნებებიდან, იმ ხელისუფლების  წარმომადგენლებიდან, იმ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის თავკაცებიდან, რომლებიც თავიანთი საქმიანობით თითქმის ათი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევდნენ ჩვენს სამშობლოს, შლიდნენ ქვეყანას, ყიდდნენ ისტორიულ ტერიტორიებს. ხელისუფლების დავალებით, მათთან დაახლოებულმა მეგრელებმა ჩამოაყალიბეს სხვადასხვა სახის ორგანიზაციები სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» საპირისპიროდ. თანდათანობით აშკარად გამოიკვეთა «მოქალაქეთა კავშირისა» და მისი ამფსონების უაღრესად რეაქციული დამოკიდებულება «სამეგრელოს» შექმნისა და მისი ორგანიზატორებისადმი.

ალექსანდრე ჭაჭიას დაუწვეს მანქანა და აეროპორტში კინაღამ დააპატიმრეს. არსებობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, მოქკავშირელი რეჟისორი ელდარ შენგელაია ხმის ჩახლეჩამდე როგორ ყვიროდა აეროპორტში, რომ დაეკავებიათ ბატონი ალექსანდრე. ძირითადი ბრალდება იყო სეპარატიზმი და ნაციონალიზმი, რაც თითქოს გამოსჭვიოდა «სამეგრელოს» დამფუძნებელთა გამოსვლებში. აბსურდული ბრალდებები იფრქვეოდა გაზეთებიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან, აბრალებდნენ რუსეთის აგენტობას და ამას აკეთებდნენ «მოქკავშირის» ის აქტივისტები, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და იმართებოდნენ რუსეთის აგრესიული წრეების მიერ. ალბათ, ბევრს დღესაც ახსოვს ზურაბ ჟვანიას მიერ ჩამოტანილი მილიონები არჩევნებისთვის (რკინიგზის მინისტრისგან).

ძნელი იყო ასეთ პირობებში საზოგადოება «სამეგრელოს» გაძლიერებაზე ფიქრი, მაგრამ ალექსანდრე ჭაჭიას ძალისხმევამ, მისი გუნდის მონდომებამ და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერამ განაპირობა «სამეგრელოს» შემდგომი არსებობა და საქმიანობა დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

ხელისუფლების მიერ ჩვენ წინააღმდეგ მაშინ შექმნილი ორგანიზაციების დასახელებებიც კი არ ახსოვს დღეს სამეგრელოს მოსახლეობას.

1999 წელსვე დაარსდა სახალხო მოძრაობის გაზეთი «ილორი», რომლის უცვლელი რედაქტორია ბატონი როლანდ ჯალაღანია და რომელიც გამოდის  სამშაბათობით.

2001 წლის 12 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში გაიმართა სახალხო მოძრაობის მეორე ყრილობა. ყრილობამ დაამტკიცა მოძრაობის ხელმძღვანელობის სტრატეგიისა და ტაქტიკის აბსოლუტური სისწორე – დადასტურდა, რომ «სამეგრელო» არის რეალური ძალა, რომელიც უყვარს სამეგრელოს მოსახლეობას, და მას ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა მიმდინარეობა სცემს პატივს.

ყრილობაზე ძირითადი მოხსენებით გამოვიდა «სამეგრელოს» დაფუძნების ინიციატორი, პოლიტოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე ჭაჭია. მოხსენებაში თავიდანვე სათანადო ყურადღება დაეთმო პასუხს კითხვაზე, თუ რა სახის მოძრაობა, რა სახის ძალა არის «სამეგრელო». მოხსენებაში ორატორმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არ ვქმნიდით მორიგ პარტიას, არამედ ჩვენ ვქმნიდით საზოგადოებრივ ძალას, რომლის მიზანია ჩვენი სამშობლოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, სამეგრელოს საზოგადოების რეალურ ძალად გადაქცევა. მოძრაობის როლისა და ფუნქციების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საკითხი, თუ ვინ უნდა იყოს მისი წევრი.

«...მე მიმაჩნია, რომ ჩვენი კარი უნდა იყოს ღია ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელსაც სამეგრელოს განვითარება, მისი ჩიხიდან გამოყვანა სურს, რომლისთვისაც მეგრული კულტურა, ენა, ტრადიციები, თვითმყოფადობა, სპეციფიკა ძვირფას და სანუკვარ განძს წარმოადგენს და ყველაფერ ამას ზოგადქართული მნიშვნელობის ფასეულობად მიიჩნევს. ჩვენთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პარტიის წევრია ესა თუ ის პიროვნება, რა პარტიული თუ იდეოლოგიური დოქტრინის მატარებელია იგი. სამშობლოს სიყვარულში წარსულისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. თუ ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ, მაშინ შესაბამისად დაცული იქნება ერის არსებობისა და განვითარების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპიცმემკვიდრეობითობა...

ახლანდელ პერიოდშიც, როდესაც ქართველებისთვის ყველაზე ამაზრზენი, მიუღებელი, ანტიქართული ხელისუფლება გვყავს, უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე «მოქალაქეთა კავშირში» გაერთიანებულია ბევრი ნორმალური, წესიერი, შეიძლება მიამიტი, შეიძლება რაღაცით დაინტერესებული პიროვნება, მაგრამ ისიც ჩვენი ერის ნაწილია. მათი უარყოფა დაუშვებელია. ვიმეორებ, რა პოლიტიკური მრწამსი, რა მსოფლმხედველობითი პრინციპის მქონეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პიროვნება, თუ იგი პატრიოტია, თუ მას სამშობლო უყვარს, თუ მას ერის ნათელი მომავალი სურს, მაშინ იგი ჩვენი თანამოაზრე, პარტნიორი, ჩვენი თანამებრძოლია».

ძნელია, დაასაბუთო, საქართველოს ისტორიამ დაავალა თუ თავად სამეგრელომ გამოკვეთა თავისი ადგილი და როლი ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ «საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სამეგრელოს მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი ფუნქცია ეკისრა. მეტიც, ისტორიაში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოს დაქუცმაცების პერიოდში (არადა, ეს პერიოდი თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, 200-250 წლის გამოკლებით) არსებობდა კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები, მაგრამ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, დადიანებს არასოდეს უცდიათ სამეგრელოს სამეფოდ გამოცხადება, იმდენად ძლიერი იყო ყოველთვის მეგრულ საზოგადოებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისკენ ლტოლვა.

დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება, რომელსაც ქართველთა სულიერი განვითარებისათვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე გიორგი ჭყონდიდელს. დამისახელოს ვინმემ ისეთი პიროვნება, რომელსაც საქართველოს, მათ შორის, თბილისის, აფხაზეთის გაქართველებისთვის მეტი გაუკეთებია, ვიდრე ლავრენტი ბერიამ გააკეთა. დამისახელოს ვინმემ პიროვნება, რომელსაც ქართველთა სულიერი გაერთიანებისთვის, ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისთვის, ქართულის სულის ამაღლებისთვის უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე ეს ზვიად გამსახურდიამ გააკეთა. ნუთუ არ რცხვენია ვიღაც პოეტსა თუ მსახიობს ამის შემდეგ სამეგრელოსთვის სეპარატიზმის დაბრალება?..»

ქართულ სახელმწიფოში პირველად ქ. ზუგდიდში 2001 წლის 12 ოქტომბერს, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე, ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ დედაქართულთან ერთად სახელმწიფოებრივი ზრუნვა, მოვლა, გაფრთხილება სჭირდება ქართული კულტურისა და სულიერების ორ ისეთ უმშვენიერეს და უბრწყინვალეს ძეგლს, როგორებიც მეგრული და სვანური ენებია. ზრუნვასა და მოვლა-პატრონობას ვინ ჩივის, ლამის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასთან გააიგივეს ჭკვიანი მტრისგან შემოგდებული დემაგოგია, რომლის მიხედვითაც სამეგრელოს კუთხის შვილების ნებისმიერი გააქტიურება, გნებავთ, მეგრული ენისადმი ხაზგასმული პატივისცემის გამოხატვა, მყისვე სეპარატიზმად ინათლებოდა, რითაც მოხერხებულად ხდებოდა სამეგრელოს რეგიონში ოდითგანვე ჭარბად არსებული საერთო სახელმწიფოებრივი ენერგიის ჩახშობა და დათრგუნვა. ამ დემაგოგიური კომპლექსის დამნერგავებს, ანტიეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, ფსევდოინტელიგენტებსა და ცრუ მეცნიერებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სამეგრელო ქართული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და აკვნის დამრწევია, მეგრელებისგან შორს დგას სეპარატიზმი.

«ისტორიის მამად» წოდებული ჰეროდოტე ძვ. წელთაღრიცხვის V საუკუნეში წერდა: «კოლხებს ოდესღაც დამწერლობა ჰქონდათო», რომელზეც აპოლონიოს როდოსელი IV საუკუნეში წერდა: «კოლხებს შენახული აქვთ მამათაგან ნაწერი კვირბები, რომლებზეც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი». იოანე ანტიოქიელი, ძვ.წელთაღრიცხვით VII საუკუნეში წერდა: «იაზონმა და მისმა მხლებლებმა, პონტოს ზღვით კოლხეთს მიღწეულებმა, მოიპოვეს მედეა და ეგრეთ წოდებული ოქროს საწმისი. ეს ის კი არ იყო, როგორც პოეტურად გადმოგვცემენ, არამედ იყო წიგნი ტყავზე ნაწერი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით».

«ჩვენ, ქართველებს, კიდევაც შეგვიძლია ვიამაყოთ სხვა ხალხთა პირისპირ, რომელთაც ასეთი შესხეულება ერისა და ტომისა იშვიათად მოეპოვებათ. საქართველოს სიძლიერე სწორედ მის ტომთა ცოცხალ თავისებურებაშია, მე იმის მომხრეც ვიქნებოდი, მწერლობა აყვავებულიყო მეგრულად, რასაკვირველია, არა «მაფალუს» ხაზით. არსებობს ხომ პროვანსალური მწერლობა გვერდით ფრანგულისა ენისა. მთლიან რკალში საფრანგეთისა. ქართული მწერლობა ამით არას დაჰკარგავს რაპირიქით: კიდევაც მოიგებს. მეგრულში მრავალი სიტყვაა ზედგამოჭრილი და მრავალი თქმა მოხდენილი. ეს, შესაძლოა, საზრდოდ იქცეს ქართულისათვის. სვანურზეც ესევე ითქმის».  (გრიგოლ რობაქიძე).

«...გეკითხებით თქვენ და ვეკითხებით ქართულ ინტელიგენციას, ფილოლოგებს, ისტორიკოსებს: რატომ უნდა დაიკარგოს ეს ზოგადქართული, ზოგადეროვნული სიმდიდრე? ვის ინტერესებშია ამ უმდიდრესი საუნჯის დაკარგვა? დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის, ჩვენი ეროვნული კულტურის, ქართველთა მომავალი თაობის ინტერესებში ეს დანაშაულებრივი ქმედებანი არ შეიძლება შედიოდეს... ამიხსენით, რატომ არ უნდა იყოს ეს სფერო საქართველოს ხელისუფლების, ქართული ინტელიგენციის ზრუნვის საგანი? კატალონიურ ენაზე წერენ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლებიესპინასი, ტორესი, პორსელი, მაგრამ ისინი გამოჩენილ ესპანელ მწერლებად ითვლებიან. იმავე ესპანეთში არსებობს და წარმატებით ვითარდება გალისიური ლიტერატურავარელა, კასარესი, მაგრამ ეს ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილია. რატომ არ შეიძლება მეგრულ ენაზე შექმნილი ლექსი თუ რომანი იყოს ქართული ლიტერატურის ღირსეული ნაწილი?

ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთ ამოცანად მიმაჩნია მეგრული ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარება, მათ შორის, შესაბამისი ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვება. სწორედ ეს მიდგომა უნდა იყოს მისაღები იმ ხალხისთვის, იმ ცენტრალური ხელისუფლებისთვის, იმ ცალკეული პირებისთვის, ვისაც ნამდვილად სურს ქართველი ერის, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის, შენარჩუნება, მრავალსაუკუნოვანი ქართული ეროვნული კულტურის განვითარება და ქვეყნის ტერიტორიული და სულიერი მთლიანობის აღდგენა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სამეგრელოს, მეგრელების, მეგრული ენის, კულტურის, ტრადიციული თვითმყოფადობის, სპეციფიკური თავისებურებების დაცინვა, აუგად ხსენება, შეურაცხყოფა, ქართველობის მტრობას ნიშნავს, ქვეყნის დაშლას, ერთიანი ქართული ეროვნული სხეულის დანაწევრებას ნიშნავს. ეს «მოღვაწეები» – ერის მტრებად უნდა გამოცხადდნენ». (ალექსანდრე ჭაჭია).

ბატონი ალექსანდრე ჭაჭია «სამეგრელოს» II ყრილობაზე შეეხო კიდევ ერთ მთავარ თემას, რომელიც ძალზე აქტუალურია და გარკვეულ ახსნას მოითხოვდა, ეს იყო აფხაზეთის თემა:

«თქვენ იცით, რომ მე აფხაზეთის მკვიდრი ვარ. მართალია, იქ აღარაფერი დამრჩა, ყველაფერი გადაწვეს და გადაბუგეს, მაგრამ მამაჩემისა და ბაბუაჩემის საფლავები იქ არის, ისევე, როგორც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილისა. და იმ წმინდა მიწის დაბრუნება ჩემი არა მხოლოდ ოცნებაა, არამედ მტკიცე გადაწყვეტილება. როცა ეს მოხდება, მე ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი მიღწეულია. მეტიც, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემი ჩართვა სწორედ ამ მიზნითაა განპირობებული.

მე არ შემიძლია იმ კაცის კეთილი ზრახვების დავიჯერო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი დაკარგულიყო, რომელმაც ყველა პირობა შექმნა, რომ ჩემი ხალხი გაუბედურებულიყო, რომელმაც არა მარტო აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გაყიდა, არამედ თვით სამეგრელო არაერთხელ, არა ორჯერ, არამედ ხუთჯერ ზედიზედ გადაბუგა, დაამცირა და შეურაცხყო, რომელსაც ტელეფონით ურეკავდნენ და სამეგრელოს მშიერი მოსახლეობისთვის ფქვილის გამოყოფას სთხოვდნენ, პასუხად ესმოდათ: დაიხოცონ შიმშილითო! ამ კაცს აფხაზეთის დაბრუნება და სამეგრელოს აყვავება შეიძლება უნდოდეს? მე არ შემიძლია, აგრეთვე, იმ ჩეჩენის კეთილი ზრახვების დავიჯერო, რომელიც აფხაზეთში ჩემს ძმებს თავებს კვეთდა, სისხლით ჭიქას ავსებდა და ჩემი თანამოძმის სისხლს სვამდა, ხოლო დღეს აფხაზეთის დამბრუნებლად და მხსნელად გვევლინება.

კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული კიდევ ერთი, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია.

ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, რომ მე რუსული ორიენტაცია მახასიათებს, რომ კრემლის აგენტი ვარ და ა. შ. აქ ჩვენ საერთოდ საოცარ პარადოქსთან გვაქვს საქმე. როგორც კი ვიწყებ ლაპარაკს ქართველი ერის შენარჩუნებაზე, საქართველოს რეალურ ეკონომიკურ განვითარებაზე, მაშინვე «კრემლის აგენტობას» მაბრალებენ. მაბრალებენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად, დაუმალავად სპობენ ქართველობას, ღიად უპირისპირდებიან ქართულ მართლმადიდებლობას თუ ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას, უარყოფენ ქართულ ეროვნებას, ანადგურებენ ქართულ კულტურას და ცვლიან მას ამერიკული კულტურის სუროგატით.

რაც შეეხება ჩემს «პრორუსულობას», მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტერს შეუძლია ისურვოს რუსეთთან ჩვენი მტრული ურთიერთობა. მხოლოდ და მხოლოდ იდიოტს შეუძლია იმ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, რომლის ბაზარს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სადაც ჩვენი ერის ერთი მესამედი ნაწილი იძულებითაა გადასახლებული, იქ მუშაობს და იქ ნაშოვნი ფულით კიდევ ერთ მესამედს სამშობლოში ინახავს.

რა არის ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკის არსი? ლანძღვა და გინება, შეურიგებლობა, ხოლო კრიტიკულ მომენტში აბსოლუტურად ყველაფრის დათმობა და ქვეყნის ჩაგდება კიდევ უფრო დიდ გასაჭირში. შეიძლება ეს პოლიტიკად ჩაითვალოს? დამისახელეთ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც შევარდნაძემ და მისმა გაუნათლებელმა მოლაყბე გუნდმა რამეში რუსეთს მოუგო ან მცირე ზარალი მაინც მიაყენა, მიუხედავად იმ სისტემატიური მუქარისა, ლანძღვა-გინებისა, სასაცილო და სამარცხვინო ულტიმატუმებისა, რომლებიც მუდმივად ისმის მათი მხრიდან.

ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს არა ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა, არა პარტიულმა მსოფლმხედველობამ, არა რომელიღაც უცხო იდეოლოგიურმა დოქტრინამ, არამედ ქართულმა ეროვნულ-სახელმწიფოებრივმა პოზიციამ, რომელიც ორი სიტყვით გამოიხატება – «სამშობლოს გადარჩენა». ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა სამეგრელოში სწორედ სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» უნდა იყოს. ეს ისეთი ძალა უნდა იყოს, რომელიც მთელ მოსახლეობას გააერთიანებს, მთელი სამეგრელოს ინტერესების გამომხატველი იქნება.

ეს უნდა იყოს ისეთი ძალა, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ პარტიას უნდა დაუჭიროს მხარი საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ ეს უნდა იყოს ძალა, რომლის გადაწყვეტილება მთელი სამეგრელოს მხარდაჭერას ნიშნავს და იმ პარტიამ, იმ საარჩევნო ბლოკმა, პრეზიდენტობის იმ კანდიდატმა, რომელსაც სამეგრელოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა დასჭირდება, სწორედ ამ სახალხო მოძრაობასთან უნდა დაამყაროს ურთიერთობა და სწორედ მას უნდა მისცეს შესაბამისი გარანტიები, იქნება ეს საარჩევნო სიაში ადგილების რაოდენობა თუ სამეგრელოში კონკრეტული ეკონომიკური პროექტების რეალიზება. ყველა სხვა შემთხვევაში, სამეგრელოს ხმებით ისარგებლებენ და შემდეგ არჩევნებამდე ისევ დაივიწყებენ ჩვენს გასაჭირს, რაც უკვე არაერთხელ მომხდარა...»

თუ შევეცდებით, შევაჯამოთ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» მიერ განვლილი გზა დაფუძნებიდან (1999 წლის მარტი) მეორე ყრილობამდე (2001 წლის ოქტომბერი), რომელიც მოიცავს 2 წელსა და 7 თვეს და თვით მეორე ყრილობის შედეგებს, გაწეულმა მუშაობამ თვალნათლივ დაადასტურა მისი დაფუძნების ისტორიული