პოლიტიკა
ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სტუმრობს

andrius-kubiliusთბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში ვიზიტის პირველ დღეს, 30 აპრილს, თავის ქართველ კოლეგა ნიკა გილაურთან გამართა მოლაპარაკებები. ასევე, ჩატარდა შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.

ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ლიტვას შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის საქმეში.

ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი პირობას დებს, რომ ლიტვის ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ლიტვა მზად არის, საკუთარი გამოცდილება საქართველოს სიამოვნებით გაუზიაროს.

თავის მხრივ, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კმაყოფილება გამოთქვა ლიტვის მთავრობის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.

დავით ბაქრაძემ ლიტველ სტუმარს საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებიც გააცნო და შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საქართველოს უწევს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ყვარელში საკუთარ მამულში მიიღო .

პრეზიდენტმა ლიტვის ყოფილი ელჩის მოადგილე ლაიმონას ტალატ კელპსჰა ღირსების ორდენით დააჯილდოვა იმ სამსახურისთვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოსთვის გასწია. თავის მხრივ, ლიტვის პრემიერმა მიხეილ სააკაშვილს დოკუმენტი გადასცა, სადაც ქრონოლოგიურადაა მოცემული ლიტვა-საქართველოს ურთიერთობის ისტორია შუა საუკუნეების შემდეგ. ეს დოკუმენტი ძველ სლავურ ენებზეა და ნახსენებია საქართველო.

„ნახსენებია იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და კახეთის მეფე. რუსეთი კი ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. აქ პირველადაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დათარიღებულია 1465 წლით, ეს საერთაშორისო დოკუმენტია“, – განაცხადა სააკაშვილმა და აქვე ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ის რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს გაუგზავნის.

მიხეილ სააკაშვილმა ლიტველ სტუმარს თონეში პურის ცხობის ტექნოლოგია აჩვენა, შემდეგ ის ღვინოც გაასინჯა, რომელიც საქართველოში ვიზიტად მყოფ მონაკოს პრინც ალბერთან ერთად დაწურა. „ალბერს დავპირდი, რომ მასთან ერთად მოვხდიდი ქვევრს, მაგრამ დააგვიანა“, – დასძინა სააკაშვილმა.

„ორმხრივი თანამშრომლობა და ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში არის ლიტვის პრემიერის განხილვის მთავარი საკითხები საქართველოს ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა.

ამავე ცნობით, ანდრიუს კუბილიუსი 1 მაისს შეხვედრას გამართავს ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან და მის პარტნიორთან – „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3 მაისს დასრულდება, ლიტვის პრემიერ-მინისტრი  გაემგზავრება ქუთაისსა და ბათუმში და მოლაპარაკებებს გამართავს გიორგი ბარამიძესთან – სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

პრემიერის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს სტუმრობს ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია, რომელიც 30 მაისს ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.