ავტომობილის მართვის ახალი მოწმობები
თბილისი, 1 მაისი,
საქინფორმი. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის დიზაინი და კატეგორიები იცვლება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება „საკანონდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანებულებას ერთვის ახალი დიზაინის მართვის მოწმობის ფოტონიმუში. თანდართული სურათის მიხედვით, დღემდე არსებული 5 კატეგორია – A,B,C,D,E – დაყოფილია 15 კატეგორიად: A – მოტოციკლეტი, B – მსუბუქი მანქანა, C – სატვირთო მანქანა, D – ავტობუსი, BE – მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE – მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE – მისაბმელიანი ავტობუსი, T – ტრაქტორი, A1 – სკუტერი, B2 – მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1 – მცირე ზომის სატვირთო, D1 – მცირე ზომის ავტობუსი, C1E – მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E – მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S – ექსკავატორი. პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია. მართვის მოწმობების ძველი ნიმუშების გაუქმების პუნქტი კი, ამავე ბრძანებულების თანახმად, 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. ბრძანებულებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდებათ.