აქტუალური
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

court_systemთბილისი, 2 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მედიამენეჯერი გიორგი ფუტკარაძე აცნობებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკონსტიტუციო სასამართლოს  „საქართველოს პატიმრობის კოდექსის“ 82-ე (საპატიმროში არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა) და 86-ე მუხლის (დისციპლინური სახდელის გასაჩივრების პროცედურები) არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს. კეროდ, „ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის   82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17-და 42-ე მუხლით დაცულ უფლებებს არღვევს. პატიმრობის კოდექსის აღნიშნული მუხლებით უკვე დაირღვა ერთ-ერთი პატიმრის უფლებები, რომელსაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელე გიორგი ოქროპირიძე სასჯელს, რომელიც ამჟამად რუსთავის №6 საპყრობილეში იხდის, გასული წლის ბოლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან  „C“ ჰეპატიტითაა დაავადებული. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გართულებული აქვს და მკურნალობის შესაბამის კურსს გადის, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, ყოველდღიურად მიიღოს 2,5 - 3  ლიტრი სითხე.

მოსარჩელეს 2011 წლის დეკემბერში დისციპლინური სახდელის სახით საქართველოს პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის – 2011 წლის 22 დეკემბრის №106-ე განკარგულებით, შეეფარდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 30 (ოცდაათი) დღით.

ზემოაღნიშნული დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, როგორიცაა ყვირილი, გინება, ხმაური, პროვოცირება და ა.შ.

თუმცა საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მითითებული დარღვევა რეალურად არ ჩაუდენია. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის  მიერ 2011 წლის 24 დეკემბერს შედგენილი ოქმიც, სადაც მოსარჩელის თანამესაკნეები აცხადებენ, რომ მოსარჩელის  პალატიდან გაყვანა მოხდა სრულიად უხმაუროდ, ისე, რომ მითითებულმა პირებმა ვერც კი შეამჩნიეს აღნიშნული ფაქტი.

საგულისმხოა ის, რომ მოსარჩელე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნით გადაიყვანეს „C“ ჰეპატიტზე მკურნალობის კურსის გასავლელად. სწორედ ზემოხსენებული წერილის მიღების შემდეგ, სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია განსაკუთრებულად აგრესიული გახდა მოსარჩელის მიმართ. კონკრეტული პირების მიერ ცემისა და წამების გზით მოსარჩელეზე არაერთხელ განხორციელდა ზეწოლა, რათა ეიძულებინათ მოსარჩელე,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გამოეტანა სარჩელი.

დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა მსჯავრდებულმა (საქართველოს პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ზემოაღნიშნული განკარგულება) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა და მოითხოვა განკარგულების ბათილად ცნობა. თუმცა სანამ აღნიშნული საქმის განხილვა მოხდებოდა, მოსარჩელემ მისთვის შეფარდებული 30-დღიანი დისციპლინური სახდელი სრულად მოიხადა.

შესაბამისად, საქართველოს პატიმრობის კოდექსის   82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის დებულება: „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;“ და 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დებულება (ბოლო წინადადება): „გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას“ ურღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით და 42-ე მუხლის I პუნქტით დაცულ უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.

მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია და იწვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.

ჩვენ შემთხვევაში, მძიმე ავადმყოფის გამოჯანმრთელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხეებისა და საკვების მიუწოდებლობა უთანაბრდება მედიკამენტების მიუწოდებლობას და სათანადო მკურნალობისათვის განზრახ ხელშეშლას, რაც თავისი ხასიათით ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და მთლიანობის უფლებაში, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული უფლება აბსოლუტური ხასიათის მატარებელია და დაუშვებელია მასში რაიმე სახით ჩარევა.

ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება - როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვამ მისთვის აზრი დაკარგა იმ მომენტიდან, როდესაც სადავო დებულების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებას მიეცა გამოცემული განკარგულების აღსრულების შესაძლებლობა.

იმ შემთხვევაში, სასამართლომ თუნდაც დააკმაყოფილოს პატიმრის საჩივარი/სარჩელი და ბათილად ცნოს სადავო აქტი, იმ მომენტისათვის მოსარჩელეს უკვე მოხდილი ექნება მის მიმართ  შეფარდებული  დისციპლინური სახდელი. გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული უფლება სადავო ნორმის მოქმედების შედეგად არის მხოლოდ ილუზორული და ფორმალური. შესაბამისად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს,  პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე“.