აქტუალური
თბილისის საკრებულო ზვიად გამსახურდიას ხსოვნას შეურაცხყოფს

gamsakhurdia_98თბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის საკრებულოში გამართულ ბიუროს სხდომაზე პარტიის ინიციატივით განხილულ იქნა ორი საკითხი.

პირველი – ეს იყო სანაპიროს მიმდებარე ერთ-ერთი ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხი.

„მაშინ, როცა ბოლო პერიოდში თბილისში დაიდგა ჰეიდარ ალიევის ბიუსტი, გაიხსნა რონალდ რეიგანის სკვერი და ა.შ., დედაქალაქის მერია და საკრებულო უკვე ერთი წელია, რეაგირების გარეშე ტოვებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნას სანაპიროს ერთ-ერთი ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს თბილისის მერიისა და საკრებულოს მხრიდან პირველი პრეზიდენტის ხსოვნის შეურაცხყოფას.

კახა კუკავას მიერ ინიცირებული მეორე საკითხი თბილისის ქუჩებში ინგლისურენოვანი სარეკლამო აბრების ნაცვლად ქართული წარწერების განთავსების საკითხს ეხებოდა.

„კანონის უხეში დარღვევით, აღნიშნული ინიციატივა ამოღებულ იქნა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.