თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის სააქციზო შეღავათები დაწესდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლებს სასტუმრო „ამბასადორში“ შეხვდნენ და ერთობლივი ინიციატივა გააცნეს.
„დღევანდელი პრობლემაა, როდესაც კომპანია ყიდულობს სპირტს, საკონიაკე სპირტის აქციზის გადასახადი არის ერთ ლიტრზე 4.60 ლარი, და მათ უწევთ დამატებითი ხარჯების მოზიდვა, რომ ეს თანხები გადაიხადონ. ახლა, ახალი ინიციატივით კი, როდესაც ხდება სპირტის მიწოდება კონიაკის მწარმოებელ კომპანიაზე, ის თავისუფლდება ამ გადასახადისაგან. ეს გამოიწვევს იმას, რომ კონიაკის მწარმოებელ კომპანიას აღარ დასჭირდება დამატებითი თანხების მოძიება და ისინი თავისუფლად შეძლებენ, ადილობრივი სპირტით პროდუქცია აწარმოონ“, – განაცხადა ებანოიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას განცხადებით, სააქციზო შეღავათების დაწესება ადგილობრივი სპირტის მოხმარებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„სახელმწიფოს ახალი ინიციატივით, საექსპორტო სპირტზე სააქციზო გადასახადი მთლიანადაა მოხსნილი, რაც ადგილობრივი წარმოების საკონიაკე სპირტზე მოთხოვნას გაზრდის. ამ ცვლილების თანახმად, ალკოჰოლიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები წარმოებას გაზრდიან, აითვისებენ დამატებით საექსპორტო ბაზრებს და თამამად გაუწევენ კონკურენციას უცხოურ კომპანიებს. ეს კი პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებაზე“, - აღნიშნა გოროზიამ.