თბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის მერიაში პარტიის ლიდერებმა განცხადება შეიტანეს დევნილთა შეკრების შესახებ.
დევნილთა შეკრება მიზნად ისახავს 12 მაისის გამოცხადებას ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილთა დაბრუნების პროცესის მზადების დაწყებას; საკოორდინაციო საბჭოს არჩევას, რომელიც სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პროცესს და დიალოგს დაიწყებს აფხაზებსა და ოსებთან, მოლაპარაკებებს წარმართავს ევროკავშირის, რუსეთისა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან. შეკრებაზე გათვალისწინებულია დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაარსება, რომელსაც დააფინანსებენ ქართველი, ოსი და აფხაზი ბიზნესმენები. ფონდის შტაბ-ბინა განთავსდება შვეიცარიაში.
12 მაისს, იმავე დროს, თბილისის მსგავსად, დევნილთა შეკრებები გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებში: ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში.