სამართალი
საარჩევნო მედიამონიტორინგი იწყება

1mediamonitoringiთბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაახლოებით 50 მედიასაშუალების მონიტორინგს იწყებენ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც, ამ ორგანიზაციების თქმით, ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ გამჭვირვალე, დაბალანსებული და ობიექტური მედიაგარემოს შექმნას.

პროექტს, რომლის ბიუჯეტიც 450 ათას ევროს აღწევს, ევროკავშირის დაფინანსებით  UNDP განახორციელებს. პროექტის ნაწილია მედიის ანალოგიური მონიტორინგის განხორციელება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც.

„ევროკავშირი ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას, მონიტორინგი გაუწიოს და გააანალიზოს საქართველოს მედია და  მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას გააცნოს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა 25 აპრილს პროექტის პრეზენტაციაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ გამოჩნდეს, თუ რა არის დემოკრატიული სტრანდარტები და რაც შეიძლება მეტად იყოს უზრუნველყოფილი მათი ზოგადი დაცვა. სამართლიანი მონიტორინგი დამატებით საფუძველს შექმნის წესებისა და შედეგების საყოველთაო აღიარებისთვის“, –აღნიშნა მან.

მონიტორინგი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება და უწყვეტ რეჟიმში დეკემბრამდე გასტანს. დროის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ განხორციელებულ წინა ანალოგიურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ტელევიზიებზე დაკვირვება.

დაგეგმილი მონიტორინგი, რომლის განმახორციელებლად ოთხი ორგანიზაცია შეირჩა, უფრო ფართოა მედიასაშუალებების მრავალფეროვნების კუთხითაც.

კერძოდ, ტელევიზიების მიერ „პრაიმ-თაიმში“ საარჩევნო საკითხების გაშუქებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) დააკვირდება; პრესას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); რადიოკომპანიებს – ინტერნიუსი საქართველო; ხოლო ინტერნეტმედიას – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

პროექტში ჩართულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირველ არხზეც ყოველ ორშაბათს, გვიან საღამოს, ეთერში გავა სატელევიზიო პროგრამა „მედიამონიტორი“, სადაც მონიტორინგის შედეგებზე გაიმართება მსჯელობა. პირველი ასეთი სატელევიზიო განხილვა 11 ივნისს მოეწყობა.