პუბლიკაციები
სანდრო კავსაძე: „პატარკაციშვილი 50 მილიონ დოლარს მპირდებოდა სააკაშვილის მოკვლაში!“

anal-badriგთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სანდრო კავსაძესთან. 

ბატონო სანდრო, თქვენ აქტიურად უჭერდით მხარს პუტინის გაპრეზიდენტებას და სურვილი აგისრულდათ კიდეც. როგორ ფიქრობთ, ახლა რა მოხდება, პუტინი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის და კეთილგანწყობილი გახდება?

– რუსეთში ჯერ სიტუაცია ბოლომდე დალაგებული არ არის. ის პოლიტიკური წრეები და სამსახურები, რომლებიც საქართველოს მიმართულებას კურირებენ, გაურკვევლობაში არიან, არ იციან, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ ვინ დარჩება თანამდებობაზე, ვის გაუშვებენ, ვის დანიშნავენ და ა.შ.

არეულობაა ქართულ დიასპორებშიც. „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხუბუტიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა და ახლა ძალიან ბევრს უნდა მისი ადგილის დაკავება. გარკვეულ წრეებს პეტრე ჩხეიძის გაყვანა უნდათ „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ხელმძღვანელად, ცალკე მინდია გულუა ცდილობს, რომ თავისი კაცი გაიყვანოს... მოკლედ, არეული სიტუაციაა, მაგრამ, როცა ყველაფერი დალაგდება, ვფიქრობ, რუსეთი მაინც სააკაშვილს დაუჭერს მხარს.

რატომ ფიქრობთ ასე?

– იმიტომ, რომ რუსეთს არაფერში აწყობს სააკაშვილის ჩამოგდება. შეიძლება, ხელისუფლების შენარჩუნებაში აშკარად არ დაუჭირონ მხარი, მაგრამ ხელს არ შეუშლიან, რაც, თავისთავად, ხელის შეწყობას ნიშნავს!

სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აშკარად საომარი რიტორიკა აქვს და ბოკერია რუსეთთან საომარ მოქმედებებს არ გამორიცხავს, ამაზე რას იტყვით?

– არავითარი ომი არ იქნება! სააკაშვილი რეზერვს რომ ქმნის და ხალხს იარაღს ურიგებს, ამას, იცით, რატომ აკეთებს? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა და არ იცის, რა გეგმები აქვს რუსეთს. ის ხალხი, ვისგანაც ქართული სპეცსამსახურები ინფორმაციას იღებდნენ რუსეთიდან, დღეს „ჩაკეტილები“ არიან.

რეზერვის შექმნა და ხალხის შეიარაღება სააკაშვილს იმისთვისაც სჭირდება, რომ მოსახლეობა შიშში ჰყავდეს, ქართველებს აფიქრებინოს _ ოღონდ ომი არ დაიწყოს და ისევ მიშა იყოს ხელისუფლებაშიო!

გეუბნებით, რომ რუსეთი არანაირ ომს არ აპირებს საქართველოსთან, პუტინი სააკაშვილს არაფერში შეუშლის ხელს! რუსეთმა და ამერიკამ მშვენივრად დაალაგეს ერთმანეთში ურთიერთობა და საქართველო არავის უღირს იმად, რომ ეს დალაგებული ურთიერთობები აირიოს.

გარდა ამისა, კავკასია და მთელი `ეს-ენ-გე~-ს სივრცე რუსეთს ისედაც თავის გავლენის სფეროში აქვს მოქცეული და მშვენივრად აკონტროლებს სიტუაციას. რუსებს თბილისიდან 40 კილომეტრში უდგათ თავიანთი ტანკები და ამაზე ხელსაყრელი სიტუაცია რაღა უნდა შეიქმნან?!

მე რომ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ვუჭერ მხარს-მეთქი, როგორ გგონიათ, ეს რუსეთს აწყობს? არანაირად არ აწყობს!

რატომ არ აწყობს?

– საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რომ აღიაროს, რუსეთი მეორე დღეს იძულებული გახდება, თავისი ჯარი გაიყვანოს. იცით, რა მძიმე სიტუაციაა აფხაზეთში? აფხაზები ძალიან უკმაყოფილოები არიან რუსების, მათ არაფერში ენდობიან.

აფხაზი ხალხი ძალიან განიცდის საქართველოსგან დაშორებას, ძალიან განიცდის იმ ომს, რომელიც ჩვენ შორის მოხდა და რომელიც მარტო აფხაზებისა და რუსების კი არა, ჩვენი _ ქართველების ბრალიც იყო!

საერთოდ, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, წესიერად და ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო, შეიძლება, აფხაზეთი და ოსეთი დღეს ჩვენი ყოფილიყო.

წესიერად და ჭკვიანურად მოქცევაში რას გულისხმობთ?

– ხომ გახსოვთ, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, პირველივე ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა. პუტინმა ძალიან თბილად მიიღო და უთხრა, ნუ ავჩქარდებით და აფხაზეთსაც და ოსეთსაც ნელ-ნელა დაგიბრუნებთო. ისიც უთხრა, სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, საერთოდ, პრობლემა არ გექნებათ, აფხაზეთი უფრო რთული საკითხია, მაგრამ ნელ-ნელა დავალაგებთ ყველაფერს, რკინიგზა გავხსნათ სოხუმისკენ, კომუნიკაციები შედგეს და ყველაფერი მოგვარდებაო. მოკლედ, პუტინი ჩაეხუტა სააკაშვილს, ერთად ვიყოთ, ვიმეგობროთო...

თუ ასე იყო საქმე, მერე რაღა მოხდა?

– როგორც კი პუტინთან შეხვედრიდან გამოვიდა, სააკაშვილმა თქვა, პუტინს მოვუ...ან დედის ტ...კი, რუსებს ველოდო, როდის დავიბრუნებ აფხაზეთს და ოსეთსო? სააკაშვილის ამ ლაპარაკის ჩანაწერი პუტინს მაშინვე შეუტანეს და მაგიდაზე დაუდეს.

კი მაგრამ, ვინ ჩაწერა სააკაშვილის ეს ლაპარაკი?

– მაგის ჩაწერას რაღა უნდოდა, ისეთი აპარატურებია დამიზნებული კრემლზე, ვიღაცას ყურში რომ უჩურჩულო, იმას ჩაწერენ, მეც მაქვს მოსმენილი სააკაშვილის ამ ლაპარაკის ჩანაწერი.

თქვენ როგორღა მოისმინეთ?

– მე და ცხონებულ გია კრიალაშვილს კიევში მოგვასმენინა რუსეთის სამხედრო ატაშემ.

ბატონო სანდრო, ვარდების რევოლუციასა და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლაში რა როლი ითამაშა რუსეთმა?

– ძალიან დიდი როლი ითამაშა! „ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა, მაშინ მე თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ვიყავი. სააკაშვილი რომ შეიჭრა პარლამენტში, ზუსტად იმ დროს მივედით მე, გენშტაბის დღევანდელი უფროსი დევი ჭანკოტაძე და ტარიელ აბუაშვილი. შეიარაღებული ვიყავით, ავტომატები გვეჭირა და სააკაშვილმა რომ დაგვინახა, ისე შეეშინდა, გაიქცა. ირაკლი ბათიაშვილს ჰკითხეთ და ის მოგიყვებათ ყველაფერს.

ესენი რომ შეცვივდნენ პარლამენტში და შევარდნაძე დაცვამ გაიყვანა, ირაკლი ბათიაშვილს უნდოდა, ინიციატივა აეღო. ჩვენც ამიტომ მოვედით, მაგრამ მერე ირაკლიმაც უკან დაიხია. მე და ტარიელ აბუაშვილმა უშიშროების მინისტრ ხაბურძანიას დავავლეთ ხელი და გარეთ გამოვათრიეთ, ტარიელს გალახვა უნდოდა, მაგრამ არ გავალახვინე.

ხაბურძანიას რას ერჩოდით?

– მაგან „გაყიდა“ მაშინ სიტუაცია. სააკაშვილთან, ჟვანიასთან და ამ რევოლუციონერებთან იყო შეკრული, მილიონები ჰქონდა აღებული და თან რუსების კაცი იყო!

.. რა გამოდის, ხაბურძანია რუსეთის კაცი იყო და სააკაშვილს ეხმარებოდა ხელისუფლებაში მოსვლაში?

– აბა რა?! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი რომ ჩამოვიდა, არ გახსოვთ? რუსეთმა სერიოზულად მიიღო მონაწილეობა მიშას მოყვანაში!

თუ თქვენ მაშინ დაზვერვის სამმართველოს უფროსი იყავით და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ფლობდით, რატომ არ შეუშალეთ ხელი რევოლუციონერებს?

– ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ რა უნდა გვექნა, როცა თვითონ შევარდნაძეს ჰქონდა „მიშვებული“ სიტუაცია? სააკაშვილიც, ჟვანიაც და ბურჯანაძეც შევარდნაძის გამოზრდილები იყვნენ და უფლება მისცა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ!

სხვათაშორის, იცოდეთ, რომ შევარდნაძე საქართველოში ყველაზე მდიდარი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ბიძინა ივანიშვილს არც დაესიზმრება, შევარდნაძეს იმდენი ფული აქვს. თავის მილიარდებს გაუფრთხილდა, უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და მშვიდად წავიდა ხელისუფლებიდან.

იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილს .. კანონიერ ქურდებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვარდების რევოლუციის დროს ტარიელ ონიანისაგან დაფინანსებაც მიიღო. ამის შესახებ რა იცით?

– დიახ, ე.წ. კანონიერმა ქურდებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილს. ტარიელ ონიანმაც დააფინანსა. პირადად თავისი ფული არ მიუცია, მაგრამ იყო ხალხი, ვისაც მიაცემინა ფული მიშასთვის.

ახლა რომ იძახიან, „ვარდების რევოლუცია“ სოროსმა დააფინანსაო, ეს ტყუილია. არანაირი ფული სოროსს ამათთვის არ მიუცია. პირიქით, სოროსს იქით მისცეს ფული, რომ ეთქვა, მე ვაფინანსებ სააკაშვილის ხელისუფლებასო. ამათ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოიტანეს უზარმაზარი ფული და სოროსი სჭირდებოდათ შირმად, რომ ამ ფულის წარმომავლობა არ გაშიფრულიყო. ფული საიდან ჰქონდათ, ხომ უნდა ეთქვათ? იმას ხომ არ იტყოდნენ, რუსებმა დაგვაფინანსესო? ამიტომაც მიაწერეს სოროსს.

ანუ ვარდების რევოლუცია რუსული ფულით მოხდა?

– დიახ, რეალურად ასე იყო!

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

– ჟვანია მოკლეს, იმიტომ, რომ უკვე აღარ სჭირდებოდათ და სააკაშვილს საფრთხეს უქმნიდა!

რა საფრთხეს უქმნიდა?

– ძალაუფლების ხელში აღება უნდოდა. რუსებთანაც დაიწყო ჩუმი მოლაპარაკებები, ბადრი პატარკაციშვილიც მხარს ჟვანიას უჭერდა. ჟვანიას და ბადრის სააკაშვილის ჩამოგდება ჰქონდათ გადაწყვეტილი და ჟვანია რომ არ მოეკლათ, პატარკაციშვილი შეძლებდა მიშას გადაყირავებას!

სხვათაშორის, ჟვანიას მკვლელობის გამო პატარკაციშვილს შურისძიება ჰქონდა გადაწყვეტილი და საქართველოში ქილერებიც ჩამოიყვანა სააკაშვილის მოსაკლავად!

რას ამბობთ, ბატონო სანდრო?

– რაც ნაღდად ვიცი, იმას გეუბნებით!

პატარკაციშვილმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ორი სპეცრაზმელი, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ ტერაქტს ამზადებდნენ, მაგრამ ისეთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ეს ამბავი ჩაიშალა.

დაუჯერებელ რაღაცას ამბობთ, რა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა?

– ეს ქილერები თბილისთან ახლოს კონსპირაციულ სახლში იყვნენ დაბანაკებულნი და სრულიად შემთხვევით ნასვამი პოლიციელი დაადგა თავზე, რომელიც ადგილზე მოკლეს. თუმცა ისიც საკითხავია, ის პოლიციელი იქ შემთხვევით მივიდა თუ არა.

საქმე ისე წავიდა, რომ ქილერების ჩამოყვანის ამბავი შეიძლებოდა „გამსკდარიყო“, ამიტომ ის ორივე ქილერი იმავე სახლში მოაკვლევინა პატარკაციშვილმა და ცხედრები აფხაზეთში გადაატანინა.

ბატონო სანდრო, ისეთ რამეს ამბობთ, რომლის დაჯერებაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს...

– ყველაფერს ნამდვილს გეუბნებით და რა არ გჯერათ? თქვენ, ეტყობა, პატარკაციშვილს არ იცნობდით და არ იცით, რისი გაკეთების თავი ჰქონდა და რაზე იყო წამსვლელი!

მილიარდების მფლობელ და გავლენიან კაცს, თუ მოინდომა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ჩემთვის მაინც წარმოუდგენელია, რასაც თქვენ ამბობთ!

– მაშინ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რადგან არ გჯერათ, გეტყვით: ბადრი პატარკაციშვილმა პირადად მე შემომთავაზა სააკაშვილის ლიკვიდაცია!

ახლა მთლად ნუ შემშლით ჭკუიდან, ბატონო სანდრო!

– 50 მილიონ დოლარს მპირდებოდა სააკაშვილის მოკვლაში! შევუთვალე, ჯერ ერთი, მე ქილერი არა ვარ და, მეორეც, სააკაშვილი პრეზიდენტია და რომ მოვკლა, ილია ჭავჭავაძე გახდება, მე კიდევ – ბერბიჭაშვილზე უარესი-მეთქი. ცოცხალი და ჯანმრთელია ის ხალხი, ვისი პირითაც ეს შევუთვალე პატარკაციშვილს!

თქვენ, ალბათ, იმასაც არ დაიჯერებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გეგმავდა, რომ მისთვის ბიზნესები წაერთმია და ფული „აეხია“, მაგრამ მაშინ ბიძინას „ფე-ეს-ბე“ და პატრუშევი უმაგრებდა ზურგს და ბადრიმ ვერაფერი მოუხერხა.

ახლა ქართულ გაზეთებში ვიღაცები რომ წერენ ხოლმე, ბადრის და ბიძინას ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მეგობრები იყვნენო, ამაზე მეცინება!

P.S. ძვირფასო მკითხველო, ის, რასაც სანდრო კავსაძე ამბობს, ჩემთვის და, ალბათ, თქვენთვისაც ნამდვილად შოკისმომგვრელია. ვინაიდან ბატონი ბადრი პატარკაციშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის და მასთან ამ ინფორმაციას ფიზიკურად ვერ გადავამოწმებდი, დიდხანს ვფიქრობდი, საერთოდ, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ინტერვიუ.

საბოლოო ჯამში, მაინც გამოქვეყნება გადავწყვიტე, რადგან მიმაჩნია, რომ ის, რასაც სანდრო კავსაძე ამბობს, საზოგადოების ყურამდე აუცილებლად უნდა მივიდეს და მკითხველმა დასკვნები თავად გამოიტანოს.

დღეს რომ ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი აღარ არის და მისი გარდაცვალება ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა, ეს შეიძლება სწორედ იმ ყველაფერს უკავშირდებოდეს, რაზეც ჩვენი რესპონდენტი საუბრობს.

ამასთან, „ასავალ-დასავალი“ მზად არის, საკუთარი ფურცლები დაუთმოს ყველას, ვინც ამ სკანდალურ ინფორმაციაზე გამოხმაურებას მოინდომებს – ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებით დაწყებული და მისი მეგობრებითა თუ პოლიტიკური თანამოაზრეებით დამთავრებული!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

www.asavali.ge