თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. 26 მაისს თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმი გაიმართება. როგორც თბილისის მერიაში ჟურნალისტებს აცნობეს, აღლუმის ფარგლებში გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი.
ინციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, რომელიც დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს ელექტრომშენებელი ქარხნის თანამშრომლებს გააცნო.
„აღლუმზე გამოფენილი იქნება ყველა პროდუქტი გაერთიანებული ერთი ნიშნით – დამზადებულია საქართველოში. გვინდა, ყველა ადამიანმა, ყველა აქ ჩამოსულმა სტუმარმა ნახოს, რას აწარმოებს საქართველო. ეს, ერთი მხრივ, კარგია იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ნაწარმი; მეორე მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს, შევხედოთ, რაშია ჩვენი ნაკლოვანებები. გვინდა, 26 მაისს მთელმა საქართველომ ნახოს, რას აწარმოებს საქართველო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ქართული მრეწველობის აღლუმში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ დაინტერესებულ მოქმედ კომპანიას შეუძლია, რისთვისაც ისინი 10 მაისამდე თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.
ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის გარდა 26 მაისს თბილისში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებაც მოეწყობა.