პოლიტიკა
ჩატარდება პარლამენტში სამთავრობო საათი?

parlamenti_sulaთბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტში მიმდინარე კვირას შესაძლოა, სამთავრობო საათი გაიმართოს. სამთავრობო საათის ინიციატორი კვლავ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვისაა“, რომელმაც პარლამენტში ამჯერად მთავრობის 5 წევრი – იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიწვია.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განმარტა, სამთავრობო საათის გამართვის შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიაწვდის. მისი თქმით, სამთავრობო საათის ჩატარების შესახებ მინისტრებთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა კონსულტაცია ვერ შედგა ზურაბ ადეიშვილთან, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა.

სამთავრობო საათი პარლამენტში თვის ბოლო ხუთშაბათს იმართება ხოლმე. ფრაქციამ მინისტრებს 26 კითხვა უკვე გადაუგზავნა.

სამთავრობო საათი გასული თვის ბოლო ხუთშაბათსაც გაიმართა. თუმცა, დაპირების მიუხედავად, სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აღარ მივიდა და დეპუტატებმა მის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეს მოუსმინეს. იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ნაცვლად მისი მოადგილის მისვლის შესახებ კი თავიდანვე იყო ცნობილი.

გასული სამთავრობო საათი ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობის გამო ფრაქციამ – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – პროტესტის ნიშნად დატოვა.