სამართალი
საია ასაჩივრებს უცხოელებისთვის საპროტესტო აქციის ორგანიზების აკრძალვას

saia200თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უცხოელებისთვის საპროტესტო აქციის ორგანიზების უფლების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც  არასამთავრობო ორგანიზაციაში ჟურნალისტებს აცნობეს, საიამ მოლდოვას მოქალაქე მარიანა კიკუს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და უცხოელისთვის საპროტესტო აქციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა.

საიას ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს პასუხისმგებელ პირად ყოფნის უფლებას ართმევდა. პასუხისმგებელ პირთა კატეგორიას განეკუთვნებიან შეკრების რწმუნებული და ორგანიზატორი, რომელთაც, ამავე კანონით, უფლება აქვთ, შეიტანონ გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში და მოუწოდონ შეკრების მონაწილეებს აქციის დაშლისაკენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აკრძალვა ეხებოდა როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე აპატრიდებს – ადამიანებს, რომლებსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

2011 წლის 1 ივლისს ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში. პარლამენტმა ნაწილობრივ აღადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა: სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კვლავაც ეკრძალებათ შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებებით ერთმანეთისგან არ გაუმიჯნავს აპატრიდები და უცხოელები. უფრო მეტიც, მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო აკრძალვა, იყო მისი ბლანკეტური ხასიათი: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეკრძალებოდა ყველა ტიპის საპროტესტო აქციის ორგანიზების უფლება, განურჩევლად შეკრებაზე გამოტანილი საკითხის შინაარსისა. პარლამენტის მიერ შეტანილი შესწორება კვლავაც ინარჩუნებს ბლანკეტურ ხასიათს და შესაძლებლობას ართმევს უცხოელს, ეფექტურად მიაწვდინოს მათი ხმა ხელისუფლებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მყოფ აპატრიდს შესაძლოა, ინტერესი არც ჰქონდეს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.