„აჭარა P.S.“ საკუთარი ჟურნალისტის ინტერესებს ქობულეთის პოლიციის წინააღმდეგ დაიცავს

თბილისი, 19 აპრილი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ატყობინებს, დღეს, 19 აპრილს, 14 საათზე, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ხელმძღვანელობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს, რომლის შემდეგაც მედიის თანდასწრებით ქობულეთის პოლიციის უფროსის – დავით ბეჟანიძის, წინააღმდეგ საკუთარი კორესპონდენტის – სულხან მესხიძისათვის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და გენპროკურატურას სარჩელით მიმართავს.
მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის დირექციამ უკვე მიმართა შესაბამის იურიდიულ სამსახურებს კონსულტაციებისთვის და საკუთარი ჟურნალისტის უფლებების დაცვას ბოლომდე აპირებს, რადგან თვლის, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე, 153-ე, 154-ე მუხლები.
უკვე გადაწყვეტილია, რა მუხლებით მოხდება დავა ქობულეთის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 4 აპრილს ქობულეთში საბანკო დავალიანების მქონე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ ჟურნალისტს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ადგილზე მასალის გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.