სამართალი
კომისრები საქართველოს საზღვრებზე

komissariთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, „სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვრებზე სასაზღვრო კომისრები იმუშავებენ.

მინისტრის შესაბამისი დებულება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.

დებულების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად, სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად და სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ უბნებზე წარმომადგენლებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები ინიშნებიან.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები, რომლებზეც ინიშნებიან წარმომადგენლები, განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით. წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიცია.

სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე (გარდა სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა) წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად წარმომადგენელთა კანდიდატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასანიშნავად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიდან.

სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად კი წარმომადგენელთა კანდიდატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიდან.

წარმომადგენელს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც წარმომადგენლის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის ამ წარმომადგენლის დასანიშნავად წარმდგენი პირი.

წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ კონტროლი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვაზე და მიიღონ ზომები მისი დარღვევის აღმოსაფხვრელად;

მიიღონ აუცილებელი ზომები სახელმწიფო საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებული საერთაშარისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესასრულებლად; დამოუკიდებლად ან მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლებთან (საჭიროების შემთხვევაში – სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან) ერთად მონაწილეობა მიიღონ სასაზღვრო ინციდენტების ცალმხრივ/ორმხრივ გამოძიებაში; სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშაონ და განახორციელონ გამაფრთხილებელი ზომები და სწრაფად მოგვარების ღონისძიებები; ზედმიწევნით დაიცვან სასაზღვრო ინციდენტების დარეგულირების წესები; საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლონ მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან; ითანამშრომლონ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან; განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულებებით მათდამი დაკისრებული სხვა საქმიანობა.

წარმომადგენლები დაკისრებული ფუნქცია -მოვალეობების განსახორციელებლად უფლებამოსილნი არიან, აწარმოონ მიმოწერა მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო წარმომადგენლებთან; მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი; საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო ინციდენტების გამოძიებაში ჩართონ შესაბამისი სპეციალისტები; საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეხვდნენ მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლებს, ხელი მოაწერონ შეხვედრის ოქმსა და სხვა დოკუმენტებს; განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

ამასთან, წარმომადგენელობითი საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით შეიძლება შეიქმნას წარმომადგენლის აპარატი, სადაც წარმომადგენლის მიერ, საჭიროებისამებრ, ინიშნებიან წარმომადგენლის თანაშემწე, მდივანი, თარჯიმნები და სხვა დამხმარე პირები, რომლებზეც გაიცემა უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები. მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს წარმომადგენელი.

სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობისათვის საჭირო ბეჭდებისა და ბლანკების ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.

სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობა ფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტიდან.

დებულებაში აღნიშნულია, რომ თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ დებულებისაგან განსხვავებული ნორმები, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებას.