პოლიტიკა
The National Ineterst: „ხომ არ ცდილობს პუტინი კვლავ საბჭოთა კავშირის შექმნას?“

sovokთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. „ახალი რუსული იმპერია“ – ამ სათაურით სტატიას „The National Ineterst“-ის ვებგვერდზე ანალიტიკოსი ნიკოლას გვოზდევი აქვეყნებს. იგი რუსეთის პირველი პირის – ვლადიმერ პუტინის, საგარეო ორიენტირებს მიმოიხილავს.

სტატიის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის რანგში თავის ბოლო გამოსვლაში პრეზიდენტად ინაუგურაციის წინა დღეს ვლადიმერ პუტინმა თავისი მესამე ვადისთვის „ხუთი პრიორიტეტი“ მონიშნა. მეხუთე პუნქტი მოიცავდა ევრაზიულ სივრცეში თანამშრომლობის გაძლიერებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შემდგომი ინტეგრაციის გზით რუსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. გასულ ოთხშაბათს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა: „საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, ჩემი აზრით და ჩემი რწმენით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული მოვლენაა“.

გვოზდევის თქმით, რუსეთი უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი ყაზახეთსა და ბელარუსთან ერთად, ასევე, დიდი ხანია, რაც ცდილობს საერთო ეკონომიკურ სივრცეში უკრაინის ჩართვას. რუსეთის გაწევრებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი იმ ბარიერის მოხსნას, რომლებიც უკრაინის მონაწილეობას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, მოსკოვში ახლახან გამართულ „ЕврАзЭС “-ის სამიტზე საბაჟო კავშირში გაერთიანებულმა ქვეყნებმა და ამ შემადგენლობის წევრმა ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებმა მოილაპარაკეს, რომ ევრაზიის კავშირთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე მუშაობას 2015 წლისთვის დაასრულებენ.

ავტორის აზრით, მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის განმავლობაში პუტინს მკაფიო ევრაზიული ხედვა აქვს, განიხილავდა რა რუსეთს რეგიონის ცენტრად. ევროატლანტიკური ინსტიტუტების აღმოსავლეთით ექსპანსიის დასრულებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისადმი ჩინეთის პრიორიტეტული დამოკიდებულების ფონზე მოსკოვი გრძნობს, რომ მას აქვს ახალი ევრაზიის კონსოლიდაციის შესაძლებლობა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ევროპულ და აზიურ გავლენის სფეროებად დანაწევრების ნაცვლად, რუსეთს შეუძლია, ხელახლა იქცეს მსოფლიო არენაზე ისეთ ზესახელმწიფოდ, რომელიც დასავლეთში – ევროკავშირის, აღმოსავლეთში კი აზიის (ჩინეთის ხელმძღვანელობით) საპირწონე გახდება.

„თუმცა ასეთი ამბიციები ყოველთვის შეშფოთების საგანი იყო. ხომ არ ცდილობს პუტინი, რომელმაც ერთხელ სსრ კავშირის დაშლას მასშტაბური გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, კვლავ საბჭოთა კავშირის შექმნას? დუმაში გამოსვლის დროს პუტინმა თავად განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდი დასრულდა. რუსეთის მოუსვენარი საშუალო კლასის სულ უფრო მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, პუტინს აღარ სურს რესურსების ხარჯვა ერთიანი მთლიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით: ცენტრალური აზიისა და კავკასიის მცხოვრებთა განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების განსაკუთრებული სურვილი არ არსებობს. მაგრამ პუტინი ისურვებდა საბჭოთა (და იმპერიული) პერიოდის ბევრი კავშირის აღდგენას, პერიოდის, როდესაც ვაჭრობა, რესურსები და სამუშაო ძალა რუსეთისა და მისი მეზობლების ტერიტორიების ფარგლებში გადაადგილდებოდა. ეს მოსკოვს რეგიონის ეკონომიკური ცენტრის სტატუსს შეუნარჩუნებდა და აღარ დაინახავდა იმას, თუ როგორ სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ცენტრალური აზია სამხრეთ აზიაზე, ხოლო საბჭოთა კავშირის დასავლეთის რაიონები სულ უფრო ებმებიან ევროპულ ორბიტას. რეგიონული ეკონომიკური წესრიგი რუსეთის ხელმძღვანელობით რუბლს რეგიონულ ვალუტად ინარჩუნებს, ხოლო რუსული ენა რეგიონში, ფაქტობრივად, ბიზნესის ენად რჩება, რაც დიდ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, რუსულ, ყაზახურ და უკრაინულ კომპანიებს შორის“, – წერს ავტორი და დასძენს, რომ მსგავსი ეკონომიკური კავშირების შექმნა, თავის მხრივ, ქმნის პოლიტიკურ კავშირებს, რაც ამცირებს შესაძლებლობას, რუსეთის მეზობლები ისეთ ბლოკში ან ჯგუფებში გაერთიანდნენ, რომელიც რუსეთს გამორიცხავს.

„როგორც ჩანს, პუტინი დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენოს: ვიდრე ევროპა საკუთარი ეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული, აშშ კვლავაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებშია ჩაბმული, ხოლო ჩინეთი ფოკუსირებულია შიდა ტრანსფორმაციაზე, ის ევრაზიულ კავშირზე გეგმებს ხორცს შეასხამს. ეს ავტომატური პროცესი არ არის. ბევრ ევრაზიულ ქვეყანას რუსეთთან სურს უფრო ახლო კავშირები და დაინტერესებულიც არის იმ სიკეთეებით, რომელთა შეთავაზებაც მათთვის რუსეთს შეუძლია, მაგალითად, იაფი ენერგორესურსებითა და საკუთარი ნამატი სამუშაო ძალის რუსეთში „ექსპორტის“ შესაძლებლობით (როგორც შინ დაძაბულობის შემცირების, ისე იმისთვისაც, რომ ისარგებლონ ფულადი გადარიცხვების მუდმივი ნაკადით). მაგრამ რუსეთის მეზობლებს სულაც არ სურთ სუვერენიტეტის დაკარგვა“, – წერს ავტორი.

მისივე თქმით, მართალია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ სერიოზულად არის რუსეთზე დამოკიდებული, თუმცა ეს არ ამცირებს მის ენთუზიაზმს, ევრაზიის კავშირის ფარგლებში ისეთი სტრუქტურების არსებობას შეუწყოს ხელი, რომელიც მკაცრად დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს (მასაც და სხვა ეჭვიან ევრაზიელ ლიდერებსაც მეზობელი ევროკავშირის ევროსკეპტიკოსებმა ამის უამრავი მიზეზი მისცეს).

ახლახან გამართულ სამიტზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება კავშირის დონეზე წყდებოდეს, რაც შესაძლოა, სავალდებულო გახდეს გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისთვის. მისი აზრით, ევრაზიის კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიცირება უნდა ხდებოდეს ადგილობრივ პარლამენტებში, ხოლო ეროვნულ მთავრობებს უნდა ჰქონდეთ კავშირის გარკვეულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმის შესაძლებლობა.

„ლუკაშენკოს ევრაზიულ სკეპტიციზმს უხმოდ იზიარებენ რეგიონის სხვა ლიდერებიც. ისინი მზად არიან რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე წასვლისთვის, მაგრამ მზად არ არიან იმისთვის, რომ ასე რთულად მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე უარი თქვან. თავის მხრივ, რუსეთს არ სურს, იქცეს გერმანიის ევრაზიულ ეკვივალენტად – რეგიონულ ფულის ტომრად, რომელიც ინტეგრაციის პროცესის გარანტია და ნაკლებად დიდი სახელმწიფოების ხარჯებს ფარავს. პუტინმა ჯერჯერობით ევრაზიული კავშირის შექმნაზე მხოლოდ სურვილი გამოთქვა. თუმცა ამის განხორციელება შეიძლება იმაზე რთული ამოცანა აღმოჩნდეს, ვიდრე ის ფიქრობს“, – ვკითხულობთ სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანსაც „ფორეინპრესი“ აქვეყნებს.