საზოგადოება
როკის გვირაბი 3 წლით იკეტება

rokskii-tonelთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. 24 აპრილიდან როკის გვირაბი 3 წლით დაიკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.

„ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არავის უცნობებია და არ ვიცი, ვის მიერ იქნა იგი მიღებული“, – აღნიშნა ბიბილოვმა და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში აპირებს, გაარკვიოს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია. და თუკი – კი, „მაშინ რატომ არ იქნა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული“.

ამასთან, როგორც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური გზების სამმართველო იუწყება, როკის გვირაბის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 24 აპრილს, 12:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მიმოსვლა შეწყდება.

როკის გვირაბის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზით გარკვეული გრაფიკით იქნება შესაძლებელი.

კერძოდ, გადაადგილება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით დაშვებული იქნება 00:00-დან 03:00 საათამდე, 06:00-დან 09:00 საათამდე, 12:00-დან 15:00 საათამდე და 18:00-დან 21:00 საათამდე, ხოლო რუსეთის მიმართულებით – 03:00-დან 06:00 საათამდე, 09:00-დან 12:00 საათამდე, 15:00-დან 18:00 და 21:00-დან 24:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ როკის გვირაბის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 2010 წელს დაიწყო.