პოლიტიკა
POLITICO: „ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონს შტურმით იღებს“
politico-bizinaთბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. „Politico“-ს შეფასებით, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონს შტურმით იღებს.
ანა პალმერი თავის სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას „Foreignpress“ აქვეყნებს, წერს, რომ ივანიშვილმა ბოლო სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ლობისტური და პიარკომპანია დაიქირავა.
„ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის რბოლაში ოფიციალური კანდიდატი გახდეს და იმედოვნებს, რომ აშშ-ის ზეწოლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ამას ხელს შეუწყობს. ლობისტური შეტევა მასშტაბურია. ის აჭარბებს იმ თანხებს, რასაც არა თუ ინდივიდი, არამედ ქვეყნების უმრავლესობა ვაშინგტონელ კანონმდებლებზე გავლენის მოსახდენად ხარჯავს. ისეთი ავტორიტეტული ფირმები, როგორებიცაა: „Patton Boggs“, „National Strategies“, „Downey McGrath Group“, „Parry Romani Deconcini & Symms da BGR Group“, ყველა ივანიშვილის რეგისტრირებული ლობისტია. ახლახან მისთვის აქტიური პრესა უზრუნველყო კომპანიებმა „KL Global“-მა და „Democratic communicator Peter Mirijanian“-მა, – ნათქვამია სტატიაში. „Politico“-ს ინფორმაციით, ვაშინგტონში თბილისს „Podesta Group“ და „Orion Strategies“ თვეში ერთი – 50 000 დოლარის და მეორე – 45 000 დოლარის საფასურად ლობირებდა.
გამოცემა საქართველოს ელჩს აშშ-ში თემურ იაკობაშვილს ესაუბრა.
„საელჩო ფოკუსირებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ლობირებაზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენი მთავრობა ქირაობს კონსულტანტებს, რათა ისინი ვაშინგტონის სირთულეებში უკეთ გარკვევასა და ორიენტირებაში დაგვეხმარონ. რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებების განხორციელება საქართველოში მოქმედ სხვა აქტორებსაც შეუძლიათ, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების ლობირებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა იაკობაშვილმა.
თავის მხრივ, ივანიშვილმა „New York Times“-ს განუცხადა, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილს ძლიერი ლობისტები ჰყავდა და ცდილობდა, დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა, თუმცა მას შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ზოგიერთი ლობისტური კომპანია დაიქირავოს, რათა რეალური სურათის ჩვენებას შეეცადოს.
„ივანიშვილის გუნდმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია. თვის დასაწყისში სენატორმა ჯიმ მაკდერმოტმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის სამართლიანი კონკურენცია ზეწოლას განიცდის და რომ ივანიშვილს პრეზიდენტი სააკაშვილი დევნის. მაკდერმოტი არ არის ცნობილი სერიოზულ მოთამაშედ საგარეო პოლიტიკაში. ქართველ საზოგადოებაში ერთგვარი ღელვა გამოიწვიეს მარტის ბოლოსაც, როდესაც სენატორ ბენ კარდინის (დემოკრატი) და საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის კითხვა-პასუხის დროს, ქვეყნის ნატში გაწევრების საკითხი თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დაუკავშირდა. მაგრამ ლობისტური ჯგუფის გადაწყვეტილებას, თავიანთი ლობისტური საქმიანობა დაერეგისტრირებინათ, როგორც „Lobbying Disclosure Act“ (LDA) და არა როგორც იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე აქტი, ივანიშვილის ოპონენტების რისხვა მოჰყვა. „BGR Group“ ერთადერთი ფირმაა, რომელიც გაფორმდა როგორც „Foreign Agent Registration Act“ (FARA). იუსტიციის სამინისტრო მოითხოვს უფრო მტკიცე დოკუმენტაციას და დეტალებს უცხოელ აგენტებზე, რომელთა ლობირებაც ვაშინგტონში ხდება. ეთიკის ადვოკატ კენეტ გროსის თქმით, როგორც ჩანს, ფირმები იყენებენ შესაძლებლობას, რაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, იუსტიციის სამინისტროს თავი აარიდონ, თუკი ისინი უცხოური მთავრობა ან უცხოური პოლიტიკური პარტია არ არიან“, – წერს „Politico“.
„ჩემი აზრით, სისულელეა, „FARA“-ს ქვეშ დარეგისტრირება, როდესაც შეგიძლია, „LDA“ აირჩიო, რომელიც გაცილებით კომფორტულია“, – განაცხადა გროსმა.
„როგორც ჩანს, კომპანიები არ აღიარებენ ივანიშვილის ოპოზიციურ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ როგორც ოფიციალურ პარტიას. შეუსაბამობა არსებობს, ასევე, სენატის ანგარიშებში იმასთან დაკავშირებით, ფინანსდებიან თუ არა ფირმები უცხოური ერთეულისგან. „Patton Boggs“, „National Strategies“ და „Parry Romani“ არ აფიქსირებენ ივანიშვილს როგორც უცხოურ ერთეულს, მაშინ როდესაც „National Strategies“-ის სუბკონტრაქტორი „Downey McGrath“-ს მითითებული აქვს, რომ მისი სამუშაო უცხოური ერთეულისგან ფინანსდება. მაგალითად, „Patton Boggs“-ს სენატის დოკუმენტაციაში საბანკო საკითხებზე ლობისტობა აქვს დარეგისტრირებული“, – წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, „Patton Boggs“-ის სპიკერმა კომპანიის საქმიანობის დარეგისტრირება „LDA“-ს ფორმით დაიცვა: „ჩვენ შეგვიძლია, დაგარწმუნოთ, რომ „Patton Boggs“ მოქმედებს და მომავალშიც განაგრძობს მოქმედებას კანონთან სრულ შესაბამისობაში“, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.

„BGR Group“-ის წარმომადგენელმა ლორენ მონრომ კომპანია „FARA“-ს მიღმა დარეგისტრირების საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
დანარჩენი ორგანიზაციები კომენტარზე თხოვნას არ გამოეხმაურნენ.