რელიგია
თბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მორწმუნეებს თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო...“ სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ითქმის: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.