თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში „MRAP“-ის სახელით ცნობილი 28 ერთეული ქვეითთა ჯავშანმანქანა ჩამოიტანა იმ ქართველი ჯარისკაცების გასაწვრთნელად, რომლებიც ავღანეთში „ISAF“-ის მისიაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
„აღნიშნული ჯავშანმანქანები ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი. მანქანები იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად ჩამოიტანეს, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისათვის წვრთნიან“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა რობერტ გეითსმა განუცხადა „USA Today“-ს შარშან, რომ „MRAP“ ათჯერ უფრო უსაფრთხოა „ჰამერის“ ტიპის დაჯავშნულ მანქანაზე და უკეთესად იცავს ქვეითებს.
„The New York Times“-ის ცნობით, რაკი გზებზე დადებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ავღანეთში განთავსებული სამხედროებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, პენტაგონმა ათასობით „MRAP“ გააგზავნა ავღანეთში და ახლა ამ ჯავშანმანქანის შედარებით მსუბუქი და უფრო მანევრირებადი მოდელის შექმნაზე მუშაობს.
გასულ ზაფხულს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქართულ ბატალიონს, რომელიც იმ დროს ავღანეთის მისიისთვის ემზადებოდა, 40 ერთეული „ჰამერის“ ტიპის მანქანა გადასცა.