სამართალი
ორი წელი სკოლებში

mandatur11თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. უკვე ორი წელი გავიდა, რაც საქართველოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს თავად მიულოცა ორი წლის იუბილე და მათგან ათი საუკეთესო მანდატური პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

მანდატურის სამსახურის ორწლიანი მოღვაწეობის ამსახველ პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტარი გოკა გაბაშვილი გაეცნენ.

მანდატურები პირველად 2010 წლის 12 აპრილს თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდნენ, სასწავლო წლის დაწყებიდან კი თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამოჩნდნენ.

დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით მოზარდების უსაფრთხოებას 1500 მანდატური იცავს, მათ შორის, კერძო სკოლებშიც.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მანდატურის სამსახურის ამოქმედების შემდეგ სკოლებში ძალადობა 95%-ით  შემცირდა, აღმოფხვრილია თამბაქოს მოხმარების ფაქტები, 80%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები; 95%-ით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები; 90%-ით  შემცირდა საჯარო ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები; 80%-ით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები; 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ. შატალო).