რელიგია
ვნების შვიდეული დაიწყო

strastnaiaთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. დიდმარხვის ბოლო კვირას ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების ნიშნად აღინიშნება. კვირის განმავლობაში მორწმუნეები, შეძლებისამებრ, მკაცრად მარხულობენ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში პირველშეწირულის წირვა სრულდება და მთელი სახარება იკითხება.

შვიდეულის ხუთშაბათი დღე – დიდი ხუთშაბათი – ზეთით ხსნილია. ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი თორმეტი მოწაფე აზიარა და ამით ზიარების საიდუმლო დააწესა. ასევე, სრულდება ფეხთბანვის რიტუალი, რომლის დროსაც უფლის მსგავსად, კათოლიკოს-პატრიარქი თორმეტ მღვდელს ფეხებს დაბანს. წმ. სახარების მიხედვით, მაცხოვარმა ფეხები თავის თორმეტ მოწაფეს დაბანა. დიდი ხუთშაბათიდან წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ აღარ იკითხება.

დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფლის ჯვარცმა მოხდა. დღის ორ საათზე ეკლესიაში გარდამოხსნის გადმოსვენება – იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი, სრულდება.

ვნების შვიდეულის შაბათს – დიდ შაბათს კი – დილით ადრე ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება სრულდება, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი უფლის წმიდა სხეულის ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში გადმოსვენებას აღნიშნავს. სრულდება წირვა, შემდეგ კი მორწმუნეები იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადებიან. დიდ შაბათსაც მკაცრი მარხვაა დაშვებული.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, დასრულდება.

საქართველოდან წელს იერუსალიმში მრავალი მომლოცველი ჩავა. იქ უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები წელს ცეცხლის გადმოსვლას 14 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.