პოლიტიკა
სადამკვირვებლო მისიების მოვლინების შესახებ მიმართვები გაიგზავნა

priglaSenie-otpravleniთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ეუთოსა და ევროკავშირში გაიგზავნა მიმართვები საქართველოში სადამკვირვებლო მისიების მოვლინების შესახებ.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო დამკვირვებლების თემაზე 3 აპრილს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ ქვეყნებს სთხოვა, საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლები გაგზავნონ.

„როგორც იცით, წინ არჩევნები გველოდება და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, ალიანსის წევრებს მოვუწოდეთ, გამოგზავნონ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ უნდა გამოიკვლიონ მთელ ამ პერიოდში ხალხის აზრი, დააკვირდნენ ქართულ მედიაგაშუქებას, პარტიების დაფინანსების მექანიზმს საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი გამჭვირვალე, გათვლადი, ასევე, გარე ძალებისგან თუ ნებისმიერი მხრიდან ზეწოლისგან თავისუფალია. ამ თვალსაზრისით წელს თქვენი დახმარება მართლაც გვჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.