თბილისი, 9 აპრილი საქინფორმი. როგორც საქინფორმს მაგდა პოპიაშვილმა (საქართველოს მედიაკლუბი) აცნობა, ჟურნალ „Forbes Georgia“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რევაზ საყევარიშვილი ახალ განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალის აპრილის ნომერში დაიბეჭდა. განცხადების ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
მომხდარ ფაქტს (ინტერვიუს ჟურნალში გამოჩენას იმ სახით, რომელიც არ შეესაბამება ავტორის მიერ მომზადებულ ვერსიას) კიდევ ერთხელ განვიხილავ როგორც ცენზურის შემდგარ ფაქტს და „Forbes Georgia“-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანია „Media Partners“-ის დამფუძნებელთა მხრიდან თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის უხეში დარღვევის ნათელ დასტურს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე გაეგზავნა „Forbes“-ის სათავო ოფისს ნიუ იორკში. ამავე დროს, ვიტოვებ უფლებას, მივმართო კანონით დაშვებულ ყველა გზას, „Forbes Georgia“-ს დამფუძნებელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული თვალსაზრისით შესაფასებლად.
რევაზ საყევარიშვილი
06.04.2012“