აქტუალური
სომხეთი ომის შემთხვევაში ბლოკადისთვის ემზადება

armenian-flagთბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. სომხეთი ირანში ომის დაწყების შემთხვევაში სიტუაციის გაუარესებისთვის ემზადება. როგორც „კომერსანტი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა განაცხადა. თუ ირანი დაბომბვის გამო საზღვრებს დახურავს, სომხეთი, ფაქტობრივად, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდება. ერევანში ლტოლვილების მოზღვავებისაც ეშინიათ. მეტიც, სომხურ მედიაში სერიოზულად განიხილება შესაძლებლობა იმისა, რომ ბაქო სიტუაციით ისარგებლებს და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიჭრება. ამასთან, რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს არ წყვეტს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, დსთ-ის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, ეს საკითხი ჯერ სომხეთის ხელმძღვანელობასთან განიხილა, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. უფრო მეტ დათმობებზე ვერცერთი მხარის დაყოლიება ვერ მოხერხდა. თუ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივა, სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა, კვლავ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ერევანში ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი „ჯერ კიდევ მზად არის, ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას“. „რა თქმა უნდა, მხარეების სურვილების გათვალისწინებით“, – დააზუსტა მინისტრმა. ბაქოში სერგეი ლავროვმა პარტნიორებს მოთმინებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ „არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას გაცილებით უფრო დიდხანს ელოდება“ და პალესტინა, კვიპროსი და დასავლეთ საჰარა შეახსენა.

ერევანში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ირანში ომის შემთხვევაში კარგი დღე არც აზერბაიჯანს დაადგება. „თუკი ყველაზე უარესი მოხდება, ხელყოფა არა მარტო სომხეთის, არამედ აზერბაიჯანის უსაფრთხოებასაც დაემუქრება“, – თქვა მინისტრმა და განმარტა, რომ ირანში ომის დაწყებამ შესაძლოა, აზერბაიჯანში ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადი გამოიწვიოს (ირანში 30 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს). „შედეგების წინასწარმეტყველება ძნელია, – აღნიშნა მან და დაამატა, – ისინი ძალიან-ძალიან სერიოზული და ნეგატიური იქნება“.